среда, 13 апреля 2011 г.

ჩემი საყვარელი მიშა :)))



სანამ ინტერვიუზე გადავიდოდე, რამდენიმე სიტყვა მინდა ამ ადამიანთან ჩემს დამოკიდებულებაზე ვთქვა. მიშა კობახიძე ჩემი იდეალია კინოში, ცხოვრებაშიც... ეს არის ადამიანი, რომელიც იმდენად დიდ სითბოსა და ენერგიას ასხივებს, რომ არ გინდა მოშორდე, ეს არის ადამიანი, რომელის მიმართაც უზომო მოწიწება და ასევე ძალიან დიდი სიყვარული მაკავშირებს. მახსოვს პირველად, რომ ვნახე ემოციებს ვერ ვმალავდი და არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, ჟურნალისტის ამპლუაში თავს ცოტა შეზღუდულად ვგრძნობდი რადგან მინდოდა ხელით შევხებოდი, მე ხომ მისი თითოეული ფილმი მილიონჯერ მქონდა ნანახი, ყველა ჩემს იდეაში მის გავლენას ვერ გავურბოდი. მისი ფილმები არის ერთადერთი კინოში როცა "კინოს კლიმობას"არ ვნატრობ და ყოველჯერზე პირველივით ვუყურებ.
ეს ინტერვიუ სადღაც პარკში ჩავწერე ვაკეში, შორიდან დავინახე ბატონი მიშა რომელიც ქუჩას მოუყვებოდა ჩემს შესახვედრად, ძალიან მომინდა ხელში კამერა მჭეროდა რომ ის რაც მე სულ მემახსოვრება სხვასაც ენახა...მახსოვს ისიც როგორი იყო ჩვენი გამომშვიდობება, ჩამეხუტა და ისე ძლიერად ჩავიკარი გულში რომ ალბათ გაუკვირდა:))) მაგრამ მისგანი იმხელა სითბო მოდიოდა მინდოდა სამუდამოდ დამმახსოვრებოდა ეს გამომშვიდობება.... საქართველოდან აპირებდა  წასვლას, ისევ, ვიფიქრე რომ შეიძლებოდა მეტი ვერც მენახა, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ მასთან შეხვედრა ისევ მეღირსა და ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი როცა მან თავისუფალ უნივერსიტეტში მისი ფილმების ჩვენებაზე მიცნოო... მიყვარს ეს ადამიანი, ძალიან მიყვარს, ყველაზე დიდი პატივს ვცემ და მინდა ყველა ქართველი ჩემსავით აფასებდეს. მითუმეტეს  ეს არის ადამიანი რომელიც მართლა ღირსია საქართველოსგან დაფასების!!!

ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს!!!
პოეტური ფორმის შავ–თეთრი, უსიტყვო მოკლემეტრაჟიანი ფილმები, დახვეწილი ექსცენტრიული იუმორი, ორიგინალობა, არც ერთი წარმოთქმული სიტყვა, მხოლოდ გამეფებული მუსიკა და განსაკუთრებული, სხვებისგან გამორჩეული, გამოსახულება... “კარუსელი“ , “ქორწილი“ , „ქოლგა“, „მუსიკოსები“, „გზაზე“... ეს მიხეილ კობახიძის შემოქმედებაა... დიდი ქართველი რეჟისორის, რომელიც 1996 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის რამდენიმე კვირით სამშობლოში იმყოფება, იყო საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის „ამირანის“, ჟიურის წევრი და ამჟამად ახალი ფილმის პროექტზე მუშაობს. პროექტი სამ ქვეყანას დააკავშირებს ერთმანეთთან: საფრანგეთს, პოლონეთსა და საქართველოს, თუმცა, როგორც რეჟისორმა გვითხრა, არავინ იცის, მოლაპარაკებები როგორ დასრულდება: „თუ ღმერთი ინებებს, ყველაფერი გამოვა.“

მიხეილ კობახიძე 1939 წლის 5 აპრილს თბილისში დაიბადა. 1959 წელს მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწავლა წარჩინებით, დაწესებულზე ერთი წლით ადრე დაამთავრა. ფილმებს სტუდენტობის პერიოდიდან იღებდა, 1963 წლიდან კი პროფესიული კარიერა დაიწყო, – ინტენსიური შემოქმედების პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ მას ხელისუფლება ყოველთვის უქმნიდა წინაღობებს. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ეს პროცესი ხანმოკლე, თუმცა რეჟისორმა ამ ხანმოკლე შემოქმედებით, თავისი ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში. მიხეილ კობახიძე თავისი ფილმების ყველა დეტალს თავად ქმნის, მუსიკალურად თვითონ აფორმებს, სცენარსაც თავად თხზავს... თითქოს მის სამყაროში სხვა ადამიანის შემოჭრას გაურბის...

– მართალია, ჩემს ფილმებში ყველაფერს მე ვაკეთებ, ასე უფრო ვხედავ, უფრო ვგრძნობ და მსიამოვნებს. ჩემს სამყაროში სხვისი შემოჭრა სხვა რხევასა და აზრს შემოიტანს, ამიტომ მირჩევნია, ყველაფერი მე თვითონ გავაკეთო.

– თქვენი ფილმები, ეს არ არის კომედია, ან ტრაგედია, არც ჩვეულებრივი პანტომიმა, გამოსახულების პლასტიკითა და რიტმით, არც მუნჯი კინოს ესთეტიკას და არც ხმოვან კინოს არ ესადაგება. რა ჰქვია თქვენს ამ ორიგინალურ, ჟანრულ არჩევანს?

– მართალი გითხრათ, ამისთვის სახელი არ დამირქმევია და არც იმაზე მიფიქრია, რა შეიძლება ერქვას, ალბათ – თავისუფლება... ამ ჟანრს თავისუფლება, თავისუფალი ჟანრი ჰქვია.

– და როგორ მოვიდა თქვენთან თავისუფალი ჟანრი?

– ამის ცოდნა მეც ბედნიერს გამხდიდა, ეს თავისთავად ხდება, ალბათ ენერგიაა, რომელიც კოსმოსშია, ყველასთან მიდის და ჩემთანაც მოვიდა, ამ სახით.

– თქვენი ფილმები ზედიზედ რამდენიმე წელი იდევნებოდა, „რვანახევარი“ განადგურდა კიდევაც, რა იყო ამის მთავარი მიზეზი?

– კონფლიქტი მაშინდელ სამინისტროსთან, მართალი გითხრათ, არ ვიცი, ჩემს სადიპლომო ფილმს რა უქნეს, ალბათ გაანადგურეს, თუმცა ამაზე მაინცდამაინც არ ვდარდობ, რადგანაც, სწორედ, ამის შემდეგ გადავიღე მეორე ფილმი – „ქორწილი.“

                    

– 1964 წელი. „ქოლგა“ მას თავდაპირველად „წვიმა“ ერქვა, თუმცა თქვენ „წვიმა“, როგორც მოვლენა, საერთოდ ამოიღეთ სცენარიდან და გამოვიდა ისე, რომ დარჩა ქოლგა წვიმის გარეშე, რისი სიმბოლოა თქვენთვის ქოლგა?

– ქოლგა თავისუფალი სიმბოლოა, ვისაც რა უნდა, იმას წარმოიდგენს და ამ წარმოდგენით თავის კინოსაც ნახავს,ზუსტად ისეთს, როგორიც უნდა, რომ ნახოს. ზოგისთვის ქოლგა სიყვარულია, ზოგისთვის თავზე ჭერი, ზოგში ცდუნებასთან ასოცირდება, ზოგში აუცილებელ თავშესაფართან... ის ჩემთვისაც სიმბოლოა, თუმცა ამას ხაზს არასდროს ვუსვამ.

–„მუსიკოსებს“ აკრძალვები და კინოსგან 33 წლით ჩამოშორება მოჰყვა, ფილმის ფინალი (ფილმში თავად რეჟისორი თამშობს, ბოლო სცენაში კი ის კადრიდან გადის და ეკრანზე თეთრ ფონს ტოვებს.) შემთხვევით დაემთხვა შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, თუ წინასწარ გრძნობდით შედეგებს?

– ფილმი ოთხი ნოველისგან შედგებოდა, ერთ–ერთი იყო „მუსიკოსები,“ რომელსაც თავდაპირველად „ომი და მშვიდობა“ ერქვა, აკრძალვაც აქედან დაიწყო, პირველი, რაც გავაკეთეთ, ფილმს სახელი შევუცვალეთ, თუმცა არ მგონია, ამას რამე მნიშვნელობა ჰქონოდა, ეს არაფერს ცვლიდა, ამიტომაც ვიცოდი, რომ ამ ფილმით ჩემი გზა კინემატოგრაფში მთავრდებოდა, აკრძალვის ბრძანება ფილმის პირველი ნახვისთანავე მოვიდა, ფინალიც შეიცვალა და ამ გასვლით კადრიდან მე დავემშვიდობე კიდევაც კინემატოგრაფს.

– 1981 წელი, მაშინდელმა ცეკას პირველმა მდივანმა ე. შევარდნაძემ კინოში დაბრუნება გთხოვათ, თუნდაც ანტისაბჭოური ფილმები გადაგეღოთ, რომ არა 1983 წლის ტრაგიკული მოვლენები, თვითმფრინავის ამბები, თქვენი შვილის, გეგა კობახიძის ტრაგედია, დაუბრუნდებოდით, თუ არა ქართულ კინოში მოღვაწეობას ?

– რასაკვირველია, მე დავიწყე კიდევაც მუშაობა, ფილმი თბილისზე იყო. არქივში ვეძებდი მასალებსა და ფოტოებს, ამით ძალიან ვიყავი გატაცებული, მაგრამ 1983 წლის ტრაგიკულმა მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა, რასაკვირველია, არაფერზე ფიქრის თავი არ მქონდა. ისიც კი მიკვირს, ახლა საერთოდ როგორ ვფიქრობ.

– როგორც თქვენს ერთ–ერთ ინტერვიუში საუბრობთ: „ეს იყო დასასრულისა და ახლის დასაწყისის ნიშანი,“ ცდილობდით, თქვენს თავში სიხარული მოგეძებნათ და სხვებისთვის გაგეზიარებინათ. როგორც თქვენ მიერ გამართული საღამოების ხშირი სტუმრები იხსენებენ, ყველა საღამოდან სევდიანი მიდიოდით, ერთ დღეს კი საერთოდ წახვედით, შორს და დიდი ხნით საქართველოდან. რატომ წახვედით და რა დაიწყო საფრანგეთში?






– იქ ფესტივალზე ვიყავი მიპატიჟებული. ფილმების პირველმა ჩვენებამ საოცრად კარგად ჩაიარა. მეც გარკვეულწილად აღმიდგა ჩემი კინოწარსული, ოცი წლის განმავლობაში არც კი შემიხედავს მათთვის, შინაარსებიც კი აღარ მახსოვდა. ეს რაღაც ცივი წყლის შესხმასავით იყო და მეც გამოვფხიზლდი. ამ ყვველაფერმა გამომაცოცხლა, შემოთავაზებულმა სამუშაოებმა, ვენეციის ფესტივალზე მოწყობილმა ჩემი ფილმების რეტროსპექტივამ... ევროპის ძალიან ბევრ ფესტივალზე ვიყავი, ყველა ჩვენება სიხარულით მთავრდებოდა. ალბათ ამიტომ დავრჩი საფრანგეთში. თან აქ ისეთი სიტუაცია იყო, მიცვალებული რომ სახლში გყავს და ვერც ასაფლავებ და ვერც სხვა ზომებს იღებ. დარჩენა, ფაქტიურად, შეუძლებელი იყო.

– 33–წლიანი პაუზის შემდეგ თქვენი მოღვაწეობა კინოს ქვეყანაში, საფრანგეთში, 2004 წელს ისევ განახლდა. გადაიღეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გზაზე,“ რით განსხვავდება ეს ორი ქვეყანა, საფრანგეთი და საქართველო, თქვენს შემოქმედებაში ერთმანეთისგან?

– კინო ყველგან ერთნაირად კეთდება. კინოს ყველგან ჰყავს რეჟისორი, სცენარისტი... აქვს აპარატი, განათება, თამაში, ასე რომ, გინდ საფრანგეთში გიმუშავია, გინდ საქართველოში, ამას დიდი მნიშვმნელობა არ აქვს. იქაც იმას ვაკეთებ, რისი გაკეთებაც მინდოდა. თუმცა საფრანგეთში გადაღებული ფილმი „გზაზე“ ისეთი არ გამომივიდა, როგორიც მინდოდა, მაგრამ იმედია, ამას ოდესმე ისევ მივუბრუნდები.




– რამ შეგიშალათ ხელი?

– ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი გაუთვალისწინებელი შემთხვევა იყო, ერთი დიდი სცენის გადაღების წინ მთავარი გმირი თმაგადაპარსული დამხვდა, მას გადაღება დასრულებული ეგონა. რაღაც გაურკვევლობა მოხდა და ამ მიზეზით ფილმის უფრო მოკლედ დამონტაჟებამ მოგვიწია, სცენარი არ შეცვლილა, თუმცა რიტმი, ტემპერატურა და შინაგანი დაძაბულობა შეიცვალა. ეს ფაქტი რაღაცნაირად დარჩა ჩემში და დღესაც ვატარებ იმ იმედით, რომ შეიძლება ამას ოდესმე ისევ დავუბრუნდე.

– საფრანგეთში მოღვაწე ქართველ რეჟისორზე, ოთარ იოსელიანზე, რას გვეტყვით, ის ფრანგულ კინოს აკეთებს? – თუ ქართულს, ოღონდ საფრანგეთში?

– შემიძლია ვთქვა, რომ ოთარ იოსელიანი ერთადერთია საქართველოდან წასულ რეჟისორებში, რომელმაც ზუსტად აუღო ალღო საფრანგეთის ცხოვრების რიტმს. ზუსტად ჩაჯდა იმ განზომილებაში და წარმატებულად შრომობს კიდევაც. ის ნიჭიერი რეჟსორია – ქართველი რეჟისორი და იმას აკეთებს რასაც გრძნობს, როგორც ქართველი.

– როგორ ფიქრობთ, დღევანდელ მსოფლიო კინობაზარზე როგორი ესთეტიკის ფილმებისთვისაა ადგილი?

– კინობაზრით დაინტერესებული არ ვარ იმიტომ, რომ არ ვერკვევი იმ კინოში, რასაც დღევანდელი კინობაზარი გვთავაზობს. კინო , რომელიც მხოლოდ შემოსავალსა და კომერციაზეა გათვლილი. შეიძლება არის კიდევაც ამაში რაღაც ჭეშმარიტების მარცვალი, შეიძლება ასეც უნდა იყოს, როცა ამდენ ფულს ხარჯავ და სანახაობას ქმნი, რასაკვირველია, შემოსავალიც უნდა გქონდეს, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ფულმა დაანგრია კინემატოგრაფი. კინემატოგრაფისტებმა ის უნდა გააკეთონ, რაც მათშია, გადაიღონ ფილმები, რომლებითაც მაყურებელს თავიანთ გრძნობებსა და განცდებზე მოუთხრობენ, და არა ის, რაც, ასე ვთქვათ, ეფექტურია, და მაყურებელს დარბაზში მხოლოდ იმიტომ მიიყვანს, რომ ეს ეფექტები ნახოს.

p.s:  ინტერვიუ მიშასგან წამოსულმა მარშუტკაში დავწერე, ამერია ვაკიდან სოლოლაკში უნდა გავსულიყავი და უკუღმა ჩავჯექი და ნუცუბიძეზე ამოვყავი თავი, ამიტომ დრო მქონდა და სწრაფად დავწერე, რედაქციაში რომ მივედი გაუკვირდათ, მზა მასალა რომ მივიტანე ;)))

понедельник, 11 апреля 2011 г.

რურუები მაშინ და... (ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი ჯობდეს მამასა???)





ვახტანგ რურუა – არა, როგორც ნიკოლოზ რურუას მამაკინემატოგრაფია ხელოვნებათა სინთეზია. ფილმი – საბოლოო ნაწარმი, რომელიც ჩვენამდე მოდის, თითო კადრად იხატება, თითო ბგერად იწყობა, იჭრება, მონტაჟდება. ერთი კადრის აწყობის პროცესში რეჟისორთან ერთად, მონაწილეობას მთელი შემოქმედებითი ჯგუფი იღებს: მხატვრები, ოპერატორები, გამნათებლები, გრიმიორები... ამ დიდ საქმეში ყველას თავისი. თუნდაც მცირე მისია აქვს. ფილმის სახვით– დეკორატიული გადაწყვეტა, რეჟისორსა და ოპერატორთან ერთად, ყველაზე ძალიან დამდგმელ მხატვარს ეკისრება. მისი მათავარი ამოცანა– გამომსახველობითი ხერხებით არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ ემოციური სივრცის დალაგება და კომპოზიციური აწყობაა. ვერ გეტყვით, თანამედროვე ქართულ ფილმებს რამდენად ეტყობა, ემოციური სივრცის ორგანიზება, მაგრამ ძველი ქართული ფილმები ამით ნამდვილად გამოირჩევა. ალბათ, ყველას გინახავთ გიორგი შენგელაიას „ვერის უბნის მელოდიები“, „ორფეოსის სიკვდილი“, „ფიროსმანი“, სოსო ჩხაიძის „თუში მეცხვარე“, ოთარ იოსელიანის „პასტორალი“, ლევან ზაქარეიშვილის „მამა“, თემო.“ ეს ფილმები და რეჟისორები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, თუმცა, ერთი დიდი საერთო მაინც აქვთ. ეს – ვახტანგ რურუაა. იგი 18 სრულიად განსხვავებული, სხვადასხვა სტილისა და ჟანრის ფილმის დამდგმელი მხატვარია. გარდა ფილმებისა, მას ბევრ საინტერესო და ჩვენთვის ნაცნობ წიგნზე უმუშავია. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ: გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები, გურამ დოჩანაშვილის თხზულებები, მოთხრობები, „სამოსელი პირველი“, „ლოდი ნასაყდრალი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა,“ გოდერძი ჩოხელი, რეზო ჭეიშვილი, დათო ტურაშვილი, ნაირა გელაშვილი, თეიმურაზ ქორიძე.... არ უნდა გამოგვრჩეს მისი ჟურნალ–გაზეთები: „ტფილისის უწყებანი“ პირველი დამოუკიდებელი საოჯახო ჟურნალი „ბაია“, „დამანი“... როგორც თავად ბატონმა ვახტანგმა გვითხრა, მისთვის ყველაზე სასიამოვნო საქმე პოლიგრაფიაში მუშაობაა და ამჟამად გელოვანთა გვარის წარმომადგენლების საოჯახო წიგნის პოლიგრაფიითაა დაკავებული. საუბარი ბატონ ვახტანგთან მისი პირველი ფილმით, გიორგი შენგელაიას „ფიროსმანით“ დავიწყეთ. ამ საუბარშივე გაირკვა, რომ ფილმის ნაგატივებს რამდენიმე ხნის წინ განადგურების საფრთხე შექმნია.

– „ფიროსმანი“ ჩემთვის პირველი ფილმი იყო. ავთო ვარაზის ასისტენტი ვიყავი. მე და ავთო ვმეგობრობდით. მაშინ კინო ორივეს მხოლოდ მაყურებლის დონეზე გვესმოდა. ამ ფილმზე გიორგი შენგელაიამ მიიწვია ავთო. „ფიროსმანი“ ისეთი უცნაური ფაქტურა იყო, რომ მასზე ყველა მხატვარი ვერ იმუშავებდა. ავთო ვარაზმა ჩემი კანდიდატურაც შესთავაზა რეჟისორს და მეც ამიყვანეს. ფილმი 1969 წელს ჩავაბარეთ. შარშან მისი 40 წლის იუბილის აღნიშვნას ვაპირებდით, გიორგისაც მოეწონა ეს იდეა, თუმცა, შემდეგ რაღაც ვერ გამოვიდა და ჩანაფიქრი ვერ განვახორციელეთ. მოგეხსენებათ, ფილმის მთელი მასალები ნეგატივებზე, მოსკოვის ერთ–ერთ საცავში ინახება. აღმოჩნდა, რომ ფირები მოუვლელია, შეწებების ადგილები გაშრა, გაიღუნა და დეფორმაცია განიცადა. ამიტომაც, დავასკანერეთ, თუმცა ეს შეწებების ადგილები ხარვეზებად დარჩა. პრაღაში დაწყებული რესტავრაციის ბოლო ეტაპზე მეც ჩავედი კონსულტანტად. ბევრი ვიწვალეთ და პრობლემა თითქმის მოვაგვარეთ, ფერები, ლაფსუსები, კადრებზე სულ თითო–თითოდ გავასწორე. ახლა მისი ციფრული ვერსიის გამოგზავნას ველოდები და ვცდი, კიდევ რისი გაკეთება შემიძლია. თუმცა მდგომარეობა უკვე გამოსწორებულია და ეს ვერსია მისი 30 წლით გადარჩენას ნიშნავს.

– მე ვიცი, რომ „ფიროსმანი“ თქვენი პირველი ფილმი იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პავილიონის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი განათება დააბალანსეთ, როგორ მოახერხეთ ეს კინოს ტექნიკური განათლების გარეშე?

– სინათლის ცოდნა მხატვრისთვის აუცილებელია და განათება, ასე თუ ისე, კარგად ვიცით. კინემატოგრაფში ცოტა სხვა ტიპის ცოდნაა საჭირო, იქ საქმე ხელსაწყოებთან გაქვს, მაგრამ რაღაც კორექტირების შეტანითა და მხატვრობის სინათლის თეორიის გამოყენებით სცენის განათება მარტივად გამომივიდა.

– თქვენ აბსოლუტურად სხვადასხვა სტილის რეჟისორებთან გიწევდათ მუშაობა, როგორ ახერხებდით ამ მრავალფეროვნებისთვის მხარის აბმას და ყველაზე საინტერესოდ ვისთან მუშაობა გახსენდებათ?

– გიოგი შენგელაია, ოთარ იოსელიანი, სოსო ჩხაიძე... მათთან მუშაობა ყოველთვის საინტერესოა. სოსო ჩხაიძესთან ოცი წელი ვიმუშავე. ერთ ფილმზე 14 წელივახტანგ რურუა – არა, როგორც ნიკოლოზ რურუას მამა ვმუშაობდით. „შვიდკაცა“ ჰქვია, მაგრამ ის დღესაც არაა დასრულებული. ვაპირებდით ამ ფილმზე მუშობის გაგრძელებას. მაშინ სოსო ჩხაიძის ასისტენტი რეჟისორი თემურ ბუტიკაშვილი იყო, ჩვენც გვინდოდა, მისი ბოლომდე მიყვანა მისთვის გვეთხოვა, თუმცა, ეს იმ ფინანსებთანაა დაკავშირებული, რომელიც ჯერჯერობით ვერ მოვიძიეთ.

– გქონიათ შემთხვევები, როდესაც რეჟისორთან მუშაობაზე უარი გითქვამთ?

– დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ სახელების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ. მუშაობის დაწყებისას ბევრ რამეს ვითვალისწინებ. ბევრი კრიტერიუმია. შეიძლება რეჟისორი არ მოგწონდეს ან სცენარი. თუ სცენარი საინტერესოა და მისი გადარჩენის რააღაც საშუალება მაინც არსებობს, მასზე აუცილებლად ვმუშაობ, ოღონდ ჯერ კიდევ ლიტერატურული სცენარის სტადიაში.

– მხატვრისა და რეჟისორის თანამშრომლობის პროცესში შეიძლება მხატვარმა ისეთი შტრიხები შეიტანოს, რომ რეჟისორის ჩანაფიქრი შეიცვალოს?

– როგორ არა, მხატვარსაც და რეჟისორსაც თავიანთი ფუნქცია აკისრიათ, რეჟისორიც სწორედ ამისთვის იწვევს მხატვარს. დანიშნულება და ამოცანა ერთია – კინომხატვარი ქმნის ფილმის ფაქტურას. ამაში შედის კოსტიუმიც, დეკორაციაც, ნატურაც... ყველაფერი... ისიც კი, ვინ საით იყურება.

–თანამედროვე ქართული კინოს მხატვრებს თუ იცნობთ?

– არა, მათზე არაფერი ვიცი.

– ფილმებს თუ ატყობთ მხატვრების ნამუშევარს?

–კი, ამ ბოლო დროს რაღაც ერთი თანამედროვე ფილმი ვნახე, რომელიც ძალიან მომეწონა.

– მე გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირს“ გამოვყოფდი, მისი ვიზუალური მხარე ჩემთვის თვალშისაცემი იყო ბოლო წლების ფილმებთან შედარებით...

– ეს ფილმი არ მომეწონა, სამწუხაროდ. სცენარი ძალიან კარგია, ჩემს მეგობარს, ნუგზარ შატაიძეს, ეკუთვნის. თვითონ ამბავია იმდენად კარგი, რომ მისი უკეთესად გაკეთება შეიძლებოდა. ძალიან ნიჭიერი რეჟისორია გიორგი ოვაშვილი. ძალიან მომწონს ფილმის მთავარი პერსონაჟიც, კარგი ბიჭია, მაგრამ ფილმში რაღაცეები გაპარულია. არ უნდა იჩქარო ფილმის გადაღება.

– თანამედროვე ქართულ კინემატოგრაფიას როგორ შეაფასებთ?

–რა ვიცი, მე უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვიდრე პესიმისტურად. რეზო ჩხეიძე კი მეუბნებოდა, დაიღუპა ქართული კინო, მოკვდაო, მაგრამ მე არ მგონია ასე.

– თქვენ დიდი კინოს ეპოქაში, დიდ ქართველ რეჟისორებთან მოგიწიათ მუშაობამ, როგორ გამოიყურება იმ გადმოსახედიდან თანამედროვე ქართული კინემატოგრაფია? 

– დღეს მეტი შანსია, კინოწარმოება უფრო ბუნებრივ გარემოში აღმოჩნდა. მთავარია, ფილმი არ ჯდებოდეს ძალიან ძვირი. ეს აუცილებელია მისი ხელოვნებად ქცევისთვის. როგორ შეიძლება – „მილიონი მჭირდება ფილმის გადასაღებად.“ მილიონი რომ ვინმემ მოგცეს, თვითონვე გეტყვის, რა გააკეთო. ამიტომაცაა, რომ პროდიუსერი გვკარნახობს, რა ფილმი გადავიღოთ. კინო ყველგან ძვირი ჯდება. ოთარ იოსელიანი საზღვარგარეთაა, მაგრამ ხედავთ, როგორ უჭირს ფილმების გადაღება, კაპიკ–კაპიკ აგროვებს ფულს, რომ თავისი დამოკიდებულება შეინარჩუნოს.

– კარგად ინარჩუნებს, სხვათაშორის... ეს კიდევ ერთმა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა რეჟისორმა, მიხეილ კობახიძემაც, აღნიშნა ჩემთან საუბარში...

ვახტანგ რურუა – არა, როგორც ნიკოლოზ რურუას მამა– კი, მაგაში აბსოლუტურად გეთანხმებით. ოთარი ძალიან ჭკვიანი რეჟისორია, მაგრამ ბევრს წვალობს. რამდენი ხანია, საზღვარგარეთაა და სულ სამი ფილმი გადაიღო.

– თანამედროვე რეჟისორებისგან თუ გქონიათ შემოთავაზებები?

– არა, მაგრამ მე არც ვაპირებ კინოში მუშაობას. შეიძლება სცენარის დონეზე გავაკეთო პროექტი, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ძალიან მომეწონა.

– ახალბედა რეჟისორმა რომ შემოგთავაზოთ ისეთი სცენარი, რომელიც მოგეწონებათ, დასთანხმდებით?

– კი, თუ საინტერესოდ ჩავთვლი, აუცილებლად დავეხმარები. ახლა გამახსენდა რეჟისორი ლევან თუთბერიძე, ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგი რეჟისორია. მან მანახა თავისი ფილმები და მომეწონა, რაღაც შენიშვნები მივეცი, მართალი გითხრათ, არ ვიცი, რა გაითვალისწინა. ფილმი ამჟამად პრაღაში იბეჭდება და, ალბათ, მალე ვიხილავთ.

– ძველი კინოხელოვნების ოსტატებიდან: გამნათებლები, გრიმიორები, მხატვრები – ვის გაიხსენებდით?

– სახელითა და გვარებით არა მახსოვს, მაგრამ ისტორიები დამამახსოვრდა კარგად. „ჯარისკაცის მამას“ რომ ვიღებდით, აი იმ სცენას – ზევით რომ გოდერძია და დაბლა, ქვემო სართულზე, მამამისი. რეზოს ვიღაცამ სცენის რაღაცნაირი წყობა შესთავაზა, ქვევით და შუაში გერმანელები, ზევით ჩვენები... რეზოს მოეწონა და განათების აწყობა ითხოვა. ამ დროს გამოდის ერთი გამნათებელი და რაც შეიძლება ხმამაღლა ამბობს: „რაია ესა, ბუტერბროტიაა!?“ იქით რეზო გამოვარდა, ასე მუშაობა მე არ შემიძლიაო. გრიმიორი იყო ძალიან მაგარი გივი ურიგაშვილი. კიდევ ერთი უკრაინელი ქალი გვყავდა, „ტიოტია ტოსიას“ ვეძახდით. „ვერის უბნის მელოდიებისთვის“ წითური პარიკი მოსკოვში შევუკვეთეთ, მაგრამ რომ ჩამოვიდა, ალისას არ მოერგო. „ტიოტია ტოსიაც“ იქ იყო, ახედა, არ მოეწონა და მითხრა, რომ უკეთესის გაკეთება შეეძლო. გამოუვიდა კიდევაც.

– ახლა თუ არიან კარგი გრიმიორები?

– არა, ახლა სტილისტები ჰყავთ, პატარა გოგოები, რომლებმაც ნორმალურად არაფრის გაკეთება არ იციან. გრიმი მართლა ბევრს ნიშნავს. დააკვირდით თუნდაც საშუალო ამერიკულ ფილმებს. მაგალითად, „ერთხელ ამერიკაში“ რობერტ დე ნირო როგორ იცვლება 18 წლის ბიჭიდან 60 წლის კაცამდე, ამას გრიმიორი აკეთებს და დიდი ცოდნა სჭირდება.

– როგორც ვიცი, თქვენ ყველაზე კომფორტულად პოლიგრაფიაში გრძნობთ თავს, ხომ არ გამოყოფთ რომელიმე წიგნზე მუშაობის პროცესს?

– საქართველოში ბიბლიის პირველი ბეჭდური გამოცემა, მასზე მუშაობა ძლიან საინტერესო პროცესი იყო. კომუნისტების დროს პატრიარქმა ბიბლიის გამოცემა გადაწყვიტა. შემომთავაზა, მხატვრებისთვის შეგვეკვეთა მთლიანი ბიბლიის ილუსტრაციები, მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ ილუსტრაციების, მითუმეტეს, შეკვეთილის. რატომღაც პროდუქტიული არასდროს გამოდის. ამიტომაც პატრიარქს შევთავაზე, ბიბლია ძველი მინიატურებით აგვეწყო. ზღაპრული, ხელუხლებელი მინიატურები, რომელთა პუბლიკაცია არსად ხდება. იგი მაშინვე დამეთანხმა და წიგნიც ასე გამოვეცით. სამწუხაროდ, ხარისხით არ გამოირჩევა, რადგანაც მაშინ არ გვქონდა ამის შესაძლებლობა.

- თუ არ ვცდები, თქვენ თვითნასწავლი მხატვარი ხართ?

–არა, მთლად ასე არ შეიძლება ითქვას, იმიტომ, რომ არქიტექტურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ძალიან ბევრი მასწავლებელი მყავდა.

– მხატვრობა ბავშობიდანვე გიტაცებდათ თუ არქიტექტურამ მიგიყვანათ მხატვრობამდე?

– არა, სტუდენტობამდეც ვხატავდი. ოჯახში დეიდაჩემი ხატავდა, დეიდაშვილებიც...

– მშობლებს თუ ჰქონდათ პირდაპირი კავშირი ხელოვნებასთან?

– მამა ექიმი იყო, დედა ექთანი, ოჯახში ხელოვნებასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონიათ.

– თქვენი მეუღლე რას საქმიანობს?

– მეუღლე ამჟამად დიასახლისია. პროფესიით ენათმეცნიერი, კავკასიური ენების სპეციალისტი.

– თქვენ, როგორც წლების განმავლობაში კულტურაში აქტიურად ჩაბმული ადამიანი, როგორ შეაფასებთ თქვენი შვილის, ნიკა რურუას, მინისტრობას?

– ჯერ ვერ შევაფასებ, იმიტომ, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

– მის შესაძლო გადადგომასთან დაგავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

– ეგ ინფორმაციები ტყუილია, უბრალოდ, ჟურნალისტები ერთობიან.

воскресенье, 10 апреля 2011 г.

" ჩემი ბრალია?!"

ჩემი ბრალია?! 
                                    მეძველბიჭება... 

               ჩემივე სახე მეღრიჭება სადღაც სარკეში..

და მახსენდება ბრმა სურვილი "ჩემი ძმის" მოკვლის
კედლებზე წითელ პომადის ლაქებს ვინახავ ისევ,
და ვფიქრობ
მყოფნის?
ცოდვით გაჩენილ ბზარებს ვავსებ ცოდვილი მზერით
და გაყვითლებულ გაზეთიდან ჩამოვხევ ნოეს,
ჩამოვხევ სტალინს და დავტოვებ ბარაკ ობამას, 
რომ მერე მშვიდად დავეკიდო იმავე კედელს
სადაც მინისტრის გვერდით სძინავს დღესაც მარიამს!
"ჩემი ბრალია?!"

სტალინი არ ჩამომიხევია ჯერ

ბატონო პრეზიდენტო, მოდი რა „ძმურად“ გვიხმარე...


გამარჯობა, მე ქართველი ვარ და მიხარია, მაგრამ რა მაინტერესებს იცი, მეც და სხვა ქართველებსაც...  აიი,  რატომ გვხმარობ? რატომ გვხმარობ ბატონო პრეზიდენტო?
 ჩვენ ხომ იმიტომ მოგეცით, რომ არ გვიხმარონ? თუ რომ მოგეცით ღირსები ვართ რომ გვიხმარო?
 ღირსები ვართ კი, ღირსები ვართ რომ  „ჩაგვრეცხო“!!!
ჩვენ ახალგორში შენი დაცვის თანამშრომლებს არ დავასწარით გადაგფარებოდით, როცა ჩვენი სამშობლო სულს ღაფავდა,  ღირსები ვართ რომ მთელი მსოფლიოს შეშფოთებას აღფრთოვანებულები შევხვდით, ღირსები ვართ რომ წუმპეში ვეფლობით და მაინც გეტრფით...
....რომ  ასფალტის ჭამა ვერ ვისწავლეთ, ფანტანებიდან არ ვსვამთ წყალს, რომ ფანტანებივით არ ვცეკვავთ, რომ ფანტანებივით ფერადები არ ვართ.  ღირსები ვართ რომ ვიყიდებით, ვიყინებით! ვიძირებით ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ მთავარია, ხელები გვრჩება ზემოთ, რომ ტაში დაგიკრათ, შემოგხაზოთ და სანამ გავმქრალვართ მოდი  რა „ძმურად“ და ისევ გვიხმარე...
ისევ მიხმარე  ჩემო პრეზიდენტო!
მოდი და დაიხმარე შენი მინისტრები, შენი ბრძენკაცები და  ბევრი სხვა  „შენი“ „ ნახმარი“  „მარცხენა ხელი”
მე შენ მოგეცი, ხმა მოგეცი და   მთელ საქართველო ჰარამხანად ვაქციე...
მაპატიე რა, მაპატიე ჩემო საცოდავო საქართველო,  მაპატიე ჩემო კარის მეზობელო გოგი, ყოველდღე რომ ქუჩაში გიწევს დგომა, მაპატიე რომ ჩემთან ერთად ცხოვრობ იმ საერთო, ბოზებით გადატენილ საცხოვრებელში... საიდანაც ორივეს გამოგვყრიან მაინც...
 მაპატიე რომ მე მივეცი, პრეზიდენტს მივეცი და  ისევ დაგაკარგვინე შენი მიწა, მაპატიე რომ ისევ მოგიწია, შენი ზღაპრის დამთავრება მაპატიე, რომ ჩემი მიზეზით  დასრულდა ისევ ყველაფერი, მაპატიე...
რომ არ დაგიჯერე და „მივეცი“, რომ საქართველოს ყველა „მომხმარებელი“ მე და შენ  „გვხმარობს“ 
მოდი !!!
მომაწექი ბატონო პრეზიდენტო, მომაწექი და ისიამოვნე გარემონტებული ფასადებით, დაგებული ასფალტებით, გაზრდილი პენსიებით... ტარიფებით, უმუშევრობით, შიმშილით სიკვდილით, გადასახლებებით, გადაჯიშებებით... მიგრაციით, ინფლაციით, გაქრობით... დენით გაზით, ინვესტორებით, მოდი მომეძალე პრეზიდენტო, ისე როგორც არასდროს და საბოლოოდ მომიჭირე მარყუჟი, ეს ნელნელა წამება სად ისწავლე ბატონო პრეზიდენტო, სწრაფად ქენი რა, სწრაფად დაამთავრე, ვერ ჩაგითვლი ვაჟკაცობაში გახანგრძლივებულ წინაპერიოდს ორგაზმამდე, შენ მაინც ვერ იქნები ვაჟკაცი რომც ჩაგითვალო, შენ შენივე ჰალსტუხითა და შენივე ხალხის ოფლით იკვებები, შენ შენი დაცვის იმედით დადიხარ და „ჩუსტებიც“ კი არ გაქვს სახლში... შენ მთელი საქართველო შენი სახლი გგონია და სულ ფეხებზე გკიდია უსახლკარო ერი, ასანთის კოლოფებში ჩასახლებული ხალხი გიკრავს ტაშს ბატონო პრეზიდენტო და მთელი საქართველო გიხდის მადლობას 30–ლარიანი ვაუჩერისთვის.
 გინდა ვიცეკვო, პრეზიდენტო – ევროპის რომელიმე ბარში გიცეკვო? თუ, გირჩევნია ბლანჟე მოვუშვა? ან გვარი გადავიკეთო? გინდა ბავშვი მოგანათლინო?თუ ანაფორა გადავიცვა და ხელკეტი მოვიმარჯვო? გინდა შენი ბერი ვიყო და შენ რომ გინდა ისეთი ეკლესია აგიშენო? იქნებ შევძლო რამით მეც  დაგაკმაყოფილო? შენ ოღონდ  თქვი, ხმამაღლა თქვი სადმე სამიტზე, სადმე მიტინგზე, სადმე თვითმფრინავში, ან ვიღაცა სოციალურ ზღვარს მიღმა მყოფის მრავალშვილიან ოჯახში, 20–ლარიანი ვაუჩერის გასაშუქებლად რომ გეყოლება შეყრილი მთელი ქართული „მედია“, განუცხადე მათ, და მე მაშინვე დავრაზმავ ქართველ ერს, მაშინვე გავამართავ აქციებს, ან ორგიებს, რავი, შენ როგორც გესიამოვნება ჩემო პრეზიდენტო. ყველა ერთად დაგიდგებით, ყველა ერთად დაგიწვებით, გვერდით!!! ან ფეხთით!!! შენ გაიარე და ჩვენ პალმის რტოებს დაგიფენთ, თავებს დაგიხრით, ჩვენს შვილებს დაგიწვენთ, და გადაიარე, ამაყად გადაგვიარე, გადაგვაბიჯე... ისიამოვნე, ჩემო პრეზიდენტო- შენ ხომ საქართველო გაქვს, ჩვენი საქართველო ხომ გაქვს, გაყიდული საქართველო ხომ გაქვს, გაქცეული საქართველო ხომ გაქვს... ჩვენც გვასიამოვნე რა, მიმაგდებინე ჩემი ავადმყოფი ბებია, ჩემი ტყავგაცლილი დედა, რომ რომელიმე მდიდარ ევროპელს ვურეცხო საცვალი, ან სულაც, ვასეირნო ვიღაცის კატა, ძაღლი, შენ ხომ ჩემი უკვე  მომიკალი!!!
 დრო წამართვი ბატონო პრეზიდენტო, ჩემი დრო წამართვი და ცხოველური ინსტიქტი გამიღვიძე ტყვიად ყოფნის... მე გავფრინდები, აუცილებლად გავფრინდები ბატონო პრეზიდენტო, რომ ოდესმე მართლა ვიქცე ტყვიად და შენს გულში დავასრულო სიცოცხლე ;)
გამომეხმაურე რა ბატონო პრეზიდენტო და მიმითითე კიდევ, როგორც სხვებს უკეთებ ამას...  დამაშინე  ბატონო პრეზიდენტო  და გადამაფარე მერე შენი მზრუნველი დაცვის კალთა... გამათავისუფლე ბატონო პრეზიდენტო ასჯერ დაკარგული უხელფასო სამსახურიდან და  დამიჭირე, გამასახლე რა ბატონო პრეზიდენტო, მიდი გადამეკიდე!!!
შენ კი, მაპატიე საქართველო,
გევედრები... მაპატიე
მაპატიე, რომ მე მივეცი, რომ მე მოვიყვანე და ვერ გავუშვი... მაპატიე, რომ მე ვყვირი და ხმა არ მაქვს, მაპატიე, რომ მე მედია ვარ და პრესა ვარ, მაპატიე რომ  „იმედი“ ვარ, „რუსთავი 2“ ვარ, „საზოგადოებივი მაუწყებელი ვარ“, „სარკე“ ვარ, „კვირის პალიტრა“ ვარ... „პროფილი“ ვარ,  „ფეისკონტროლი“ ვარ, ბიჭოლა ვარ,  ნარგიზა ვარ,შორენა ვარ,ვანო ვარ, ნუგზარი ვარ, მაპატიე, რომ მოღალატე ვარ, მაპატიე, რომ წლის აღმოჩენა ვარ და არარაობა ვარ... მაპატიე რომ შენს მიწაზე დავდივარ და გბილწავ...
მაპატიე საქართველო!!!!
მე ვერ გაშორებ ტკივილს, მე ვერ გმკურნალობ საქართველო, მე არც სიტყვა მაქვს საქართველო, არც  ბგერა მაქვს, არც ფრაზა მაქვს, მე თავიც არ მაქვს საქართველო და სამსახურიც.... მე თოკიც არ მაქვს საქართველო და რწმენაც... მე ხატიც არ მაქვს საქართველო და ბარგიც , რომ ჩავალაგო...
მე გული მაქვს საქართველო, მხოლოდ გული და გჩუქნი, მინდა შენ გქონდეს!!!
მინდა კარგად იყო!!!
მე შენ მიყვარხარ საქართველო!!!
                     


გავყიდეთ, მეტი რაღა გვინდა...ვაჩუქეთ მეტი აღარ დაგვრჩა...


მე სხვა რამე მინდა, ცოტა სხვა რამე.... ცოტა პური მინდა  და მადლი, მარილი რომ მოვაყარო.. მე  სითბო მინდა და ცოტა სინათლე წყვდიადი რომ გავანათო....
მე ბერი ვარ და ერი მინდა, ჩემი ამაყი ერი...
კაი გვეყოფა!!!
მოვრჩეთ რა!!!
გავყიდეთ, მეტი რაღა გვინდა...
ვაჩუქეთ მეტი აღარ დაგვრჩა...
ფიქრები წავართვათ ერთმანეთს და სხვებს ნუ შევრაცხავთ მოღალატეებად, როცა საკუთარ თავებს ვერ ვცნობთ სარკეში...
თავისუფალი ბგერა მინდა და ნოტი კიდევ ყველაზე მაღალი... მიწა მინდა ჩემი დაკარგული მიწა და სიტყვა კიდევ, რომელსაც ყოველთვის სხვა მართმევს ჩემს ქვეყანაში...
მოდი ცოტა ხნით დავივიწყოთ!!!
ხო, არ შეიძლება დავივიწყოთ?
მოდი, დავივიწყოთ, რომ ვიღაცას მესამე ბავშვი მოუკვდა შიმილით...მოდი დავივიწყოთ, რომ ვიღაცა შარშანაც გაიყინა სიცივით...
მერე რა,
მერე რაა..?!
მე  არ მემუქრება ამისთვის „სირცხვილი!!!“
მოდი დავივიწყოთ „სხვების“  თვალწინ აგიზგიზებული გაზები, ახმაურებული „კრანები“ ამუშავებული ქარხნები,

პორტები,
აეროპორტები...
მერე რა, - იმ ონკანში დღესაც არ მოდის წყალი... მერე რა, რომ ის გაზი მეზობელ სოფელში დატენილი ბალონიდან მოდიოდა, მერე რა, რომ ქარხნები საერთოდ არ გვაქვს და აეროპორტებს ყოველდღე სძვრებათ სახურავები....
მოდი, დროებით დავივიწყოთ რა „დედა ენას“ რომ ვირტუალურად ისწავლიან ჩვენი შვილები, მოდი დროებით შევიკრათ სუნთქვა და „ალერფასტი“ დავლიოთ წიგნების სუნზე... მოდი იაკობი ბილ გეიტსით ჩავანაცვლოთ და შოთაც რაღად გვინდა ჩვენს საუკუნეში....
 სემინარები წავაკითხოთ ვინმეს  „უსექსო ქალაქზე“ ან სულაც ქუჩაში გამოსულ
„პროტესტანტებს“  ვურტყათ წიხლები, მოდი ანაფორები გადავიცვათ სათითაოდ და ეკლესიებისთვის მოვითხოვოთ შესაწირები, მოდი სულები გავყიდოთ სადმე სანაგვეზე, ჩამოფასებული სულები და თავი დავიმშვიდოთ, რომ სხეულებს არაფერი მოეთხოვებათ მაინც...
მერე რა, რა მოხდა, თუ ხელფასები მხოლოდ პატრულის თანამშრომლებს აქვთ და ჩვენ მხოლოდ გადასახადებს ვიხდით, მერე რა, რომ საავადმყოფოებში სატანები დადიან თეთრი ხალათებით და ქუჩებში მათხოვრები, გაშიშვლებული.... რა მოხდა, თუ  ჩვენ გამჭვირვალე არქიტექტურა გვიტაცებს, ამ ბოლო დროს, და დევნილები სათამაშო კუბიკებში გვყავს ჩასახლებული,  მერე რა, რომ   დედაჩემი ოცდასამი წლის ასაკშიც მე მარჩენს და სახლში დღესაც არა მაქვს აბაზანა.... მერე რა, რომ ქერა თმები მაქვს და სამსახური არა.... მერე რა... მერე რა...
მერე რა...?!
დავხუჭოთ თვალები,
 დახუჭეთ რა...
 დახუჭეთ  და მოეშვით!!!
რომ შემეძლოს შიშველი დავდგებოდი ქუჩაში და აქციას გავმართავდი....  „საყოველთაო პროტესტით,- სუიციდი“   პირველი მე მოვიკლავდი თავს სირცხვილით... და ამ სირცხვილს სიშიშვლეს დავაბრალებდი....
მერე რა, რომ ყველაფერს გულხელდაკრეფილი ვუყურებ და არაფრის გაკეთება შემიძლია, მოდი „დავიკიდოთ“ რა, დავივიწყოთ ყველაფერი!!!!


შემოგიტიეს მიკრობებმა? შეუტიეთ თქვენც...

გაიცრიცა...
ნელ–ნელა...
ნაბიჯ–ნაბიჯ...
შეუმჩნევლად. თითქოს ვერც ვერავინ ხვდებოდა, რომ რაღაც ილეოდა...რაღაც მთავრდებოდა თითქოს, არც არავის შეუმჩნევია როგორ დაიწყო, რატომ დაიწყო ან რისთვის არსებობდა ამდენი ფერგადასული დღეც...
ცდილობდა გაქცეოდა... ფერებს გაქცეოდა...არა და მთელი არსებით ეძებდა მათ.
ვერ იპოვა...გრძნობას ვერ მოუნახა ადგილი.ფიქრებთან მეგობრობდა მხოლოდ და ფიქრებსაც არ უყვარდათ ის.
აღარ დარდობდა...არც უოცნებია არასდროს... არსებობდა და მთელი არსებობა მხოლოდ იმას გრძნობდა რომ ქრებოდა...
ვერ ვასწრებ... არაფერი მიკეთებია ჩემი წილი.
მე არასდროს მიფრენია... არ მირბენია,არ მიხატია, არ მყვარებია, არ მიტირია, არ მიყვირია,არ მიფიქრია, არ მიწერია, მე ცურვაც კი არ ვიცი ...
შემეშინდა...
სიცოცხლის შემეშინდა უსაშველოდ, და გამიხარდა რომ სიკვდილიც არსებობდა ქვეყნად...

პირველი პოსტი :)))) დღეს...

ამოდი...
დავიწყებ...
მაგრამ იმით ვერა, რაც ადრე იყო...ასე იმიტომ, რომ არ ვიცი როგორ დაიწყო და როდის დაიწყო... დრო და დრო გაიგებ დიახ! ყველაფერს... იმას რაც გაინტერესებს და იმასაც რაც არ გაინტერესებს...გითხრა რას გთავაზობ?გაშიშვლებას.... ერთობ მოდური გახდა ამ ბოლო დროს... ხოოდა მე გავშიშვლდები... თვით დედოფალი :) ჩემსავე სამეფოში გავშიშვლდები და ჩემსავე სამყაროს გამოვფენ საჯაროდ... მე იმას გთავაზობ, რასაც ვერც ერთი დედოფალი ვერ შემოგთავაზებს... არა, შენი შემოტყუება არც მიფიქრია!!!
შენ ისედაც სტუმარი ხარ ჩემს სამეფოში, შენ გამვლელი ხარ, მგზავრი ხარ, მოგზაური... ამიტომაც მობრძანდი, დაისვენე, დაათვალიერე, თუ რამე                            
მოგეწონა, ნებას გრთავ წაიღო, აქედან ყველაფერი მიაქვთ... ამიტომაც არის ნახევრად ცარიელი... უბრალოდ არ ვიმჩნევ, არ ვიმჩნევ როგორ მთავრდება და როგორი სავსე ეჩვენება ყველას! მე დავიკიდე :) შენც დაიკიდე და მოეშვი, შენ მხოლოდ მგზავრი ხარ, გამვლელი, მეასიათასე, მემილიონე... გინდა, არ დარჩე! მაინც მოგიწევს გადაიარო, გადი... წადი და წაიღე, რაც გინდოდეს...