суббота, 19 ноября 2011 г.

გიორგი ვარდოსანიძის ახალი გმირი – „ ქართველი ჯონი დეპი!“ ეკრანებზე


სალომე სორდია

სცენა 1

  „ლევანიე ხომერიკს ჟურნალისტი სტუდიის პავილიონში ხვდება, სტუდია ცარიელია, გადაღება ახალი დასრულებული. ისინი ლალი ჩიქოვანის კაბინეტისკენ მიდიან და სავარძლებზე მოხერხებულად კალათდებიან. ინტერვიუს ჩაწერა იწყება.„
მართლა ასე იყო, გრიმის მოშორებაც კი ვერ მოასწრო ლევანიე ხომერიკის როლის შემსრულებელმა, გიორგი ვარდოსანიძემ, რომ „Geotime.ge" მას პავილიონში ესტუმრა.

გადასაღებ მოედანზე აღმოჩენილს, თავი სერიალში მეგონა და წარმოვიდგინე, რომ ინტერვიუს არა გიორგი ვარდოსანიძისგან, არამედ მისი გმირი - ლევანისგან ვიღებდი. თავად მსახიობი, მისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი აღმოჩნდა და ინტერვიუმაც წარმატებით ჩაიარა. გიორგი ახლახანს ახალ ფილმში გადაიღეს. ფილმს „სიყვარულის ბალადა" ჰქვია. რეჟსორი გიორგი კაკაბაძეა. პრემიერა 17 ნოემბერსაა დაგეგმილი და ის საქართველოს თითქმის ყველა კინოთეატრში გავა. სერიალის მსგავსად, გიორგი ამ ფილმშიც „გადარეული" ადამიანის როლს ასრულებს. მსახიობს თურმე ასეთი როლები მოსწონს და ამას აღნიშნავს კიდეც. როგორც თავად გვითხრა „სიყვარულის ბალადაზე" ქასთინგი არ გაუვლია. ფილმი ღამის შოუს სტუდიამ გააკეთა, „ ჩვენ ერთ გუნდი ვართ და ვინც აგვირჩიეს ყველას ბრმად გვენდობიან."

-კიდევ ვინ შედის ამ გუნდში. ვინ თამაშობს მთავარ როლებს და სიუჟეტი როგორია?

-მე, ბაჩო ქაჯაია, რუსკა მაყაშვილი და კახა კინწურაშვილი, ოთხ ბავშვობის მეგობარს ვთამაშობთ. სიუჟეტი ასე ვითარდება: გიორგი, თემო და სანდრო (ჩემი გმირი) აეროპორტში ბავშვობის მეგობარს ქეთას ელოდებიან. აპირებენ ბათუმი დაათავლიერებინონ მას. თუმცა ქეთა ამერიკელი მეგობარ მიჩითან ერთად ჩამოდის და მათ უამრავი სტუდენტი გოგონა ახლავთ თან. ამით გახარებული ბიჭებიც გეზს კახეთისკენ, არქეოლოგიური გათხრების მოსანახულებლად აიღებენ. თან ნიძლავს დებენ ვინ უფრო ბევრ გოგონას „შეაბამს." გიორგი თამაშს მალევე ჩამოშორდება, რადგან მასა და ქეთას შორის ბავშვობის სიყვარული იღვიძებს. სახალისო და სასიამოვნო ფილმია.

- ფილმში მეგობრები, ცხოვრებაში თუ მეგობრობთ?

    -კი ყველანი მეგობრები ვართ. გაცნობის მომენტი არ გვქონია და ერთმანეთთან მუშაობა გაგვიადვილდა, ერთმანეთის ხასიათები კარგად ვიცით.

-ერთ-ერთ ინტერვიუში შენ ამბობ, რომ „იდიოტური პერსონაჟების" თამაში გიყვარს ამჯერად როგორია შენი გმირი?

-კი ვგიჟდები „არანორმალურების" თამაშზე ხომერიკისა არ იყოს. ამ ფილმშიც ჩემი გმირი სანდრო მსახიობია. ჰგონია, რომ ძალიან ნიჭიერია და ფანების არმია ჰყავს, თუმცა რეალურად მხოლოდ ერთი 55-60 წლის ქალი გულშემატკივრობს. ასეთ ფრაზას იყენებს ხშირად: „მე ქართველი ჯონი დეპი ვარ!" ჰგონია, რომ გოგოებს მაგრად „კერავს" ყველას „ეჩალიჩება" მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი გამოსდის, ან გამოსდის, ამას საიდუმლოდ შევინახავ 17ნოემბრამდე.

-როგორ ფიქრობ ყველაზე იდიოტური გმირი ვინ გითამაშია?

-ეს... (იცინის) ამას ვერ აჯობა ჯერჯერობით ვერაფერმა, ყველაზე არაადეკვატური პერსონაჟია.        

-შენ წარმატებული ხარ თეატრშიც, რაც გაცილებით მეტ შრომას მოითხოვს, იქ როგორ აღმოჩნდი?

-გეთანხმები, ჩვენი პროფესია მართლა ძალიან ბევრ შრომას და ძალისახმევას მოითხოვს და ეს სრულებით მაქვს გაცნობიერებული. თეატრში ქალბატონი მანანა ბერიკაშვილის წყალობით მოვხვდი. დაახლოებით 6 წლის წინ, ის „ბედნიერი ერზე" მუშაობდა. სპექტაკლი ილიაობასთან დაკავშირებით იდგმებოდა და მის ცხოვრებაზე იყო. იქ დასჭირდათ პატარა ბიჭი, ქასთინგზე დამიბარეს, ქალბატონმა მანანამ მომსინჯა, ტექსტი წავიკითხე, მოეწონათ და ამიყვანეს. ეს ჩემთვის სრული შოკი იყო, პატარა ვიყავი და ძალიან მეშინოდა. მეორე კურსზე მქონდა სწავლა ახალდაწყებული. ამას მოჰყვა სხვა სპექტაკლებიც, მესამე სპექტაკლზე დოიმ დამიბარა და შტატში ამიყვანა.

-შევთანხმდით, რომ წარმატებისთვის დიდი შრომაა საჭირო, დღეს გასაკუთრებით, რომელიმე დასში მოხვედრა ბევრი ნიჭიერი მსახიობისთვის რთულია." საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვედრის" თეორიაზე რა აზრის ხართ?

-ამაშიც გეთანხმებით, გამართლების ამბავია. არა მარტო ჩვენ პროფესიაში ხდება ასე, ზოგადა ასეა. ჩვენთან განსაკუთრებით, საჭირო დროს უნდა მოხვდე საჭირო ადგილას და საჭირო რაღაცისთვის უნდა იყო მზად. შიში უნდა დაძლიო და ენერგია უნდა გეყოს.

-შენ გეშინოდა სცენაზე ასვლის?

-მახსოვს, თავდაპირველად ძალიან დავკომპლექსდი, მაგრამ ღმერთს მადლობა, რომ მალევე მომეცა ძალა. ვფიქრობ, ეს ბუნებრივიც იყო 12 კაციანი სპექტაკლში, 11 სრულიად პროფესიონალი მსახიობი იდგა ჩემს გვერდით. აქდან, რამდენიმე კაცის სერიოზული ფანი ვიყავი და უცებ სცენაზე მათ გვერდით აღმოვჩნდი, 18 წლის ბიჭი. არაფერი კარგად არ ვიცოდი და ვკანკალებდი, ბოლოს თავი ხელში ავიყვანე და გამოვიდა, რომ ყველაფერი კარგად გამომივიდა.

-ცხოვრებაში თუ გავხარ შენს რომელიმე პერსონაჟს, თეატრიდან ან კინოდან?

-არა, სიმართლე გითხრა არც ერთს.

-ხშირ შემთხვევაში, საზოგადოება, ვინც პირადად არ იცნობს მსახიობს, მის გმირებთან აიგივებს...

-მე თუ ხომერიკთან მაიგივებენ ძალიან ცდებიან. ლევანისნაირი ბიჭები დიდად არ მომწონს. საერთოდ, არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანებს ტანისამოსით, ბრენდებით, ტელეფონით თუ მანქანებით აფასებენ. ასეთი რაღაცეები მაღიზიანებს. მე და ლევანის ყველაზე დიდი განმასხვავებელი ნიშანი, რაც გვაქვს ეს ცხოვრებისეული ფასეულობებია.

-ფართო საზოგადოებამ გაგიცნო სერიალიდან „გოგონა გარეუბნიდან," როგორი იყო გიორგი ვარდოსანიძე, „გოგონა გარეუბნამდე" შეიცვალა თუ არა ის?


-არა, გიორგი არ შეცვლილა, არც სხვა არაფერი ისეთი. უბრალოდ ხალხი გცნობს გარეთ და უფრო დიდ სიყვარულს გრძნობ. ადრეც ძალიან ბევრს ვშრომობდი, ათას რაღაცას ვაკეთებდი ვცეკვავდი, ვსწავლობდი. ახლაც იგივეს ვაკეთებ.

-როგორც ვიცი რადიოშიც მუშაობ...

-აფხაზეთის ხმაზე, ყოველ ხუთშაბათს, მე და ბექა ჩხაიძეს მიგვყავს გადაცემა „რა სურთ კაცებს!"

-მერე რა დასკვნამდე მიხვედით, რა სურთ?

-ამ კითხვაზე, კონკრეტული პასუხი, ალბათ, არ არსებობს. გადაცემაში ზოგად თემებზე ვსაუბრობთ. თემას განიხილავს ორივე მხარე, ქალებიც და კაცებიც. მსმენელები რეკავენ, როცა რაღაც უჭირთ, რჩევის მიღება სურთ. ჩვენც ვიწყებთ პროფესორობას და ვაძლევთ რჩევებს ჩვენივე გამოცდილებიდან.

-გამოცდილება დიდი გაქვს?

-არ ვიცი, დიდის რა გითხრა, მაგრამ რაღაცა მეც გამეგება.

-შენი შემოქმედების პირველი შემფასებლები ვინ არიან?

-ალბათ მშობლები. სიამოვნებთ რომ მიყურებენ და სულ გვერდში მიდგანან. ძალიან ვუყვარვართ და მკაცრები არასდროს არიან, რაც არ უნდა ცუდი იყოს. შემდეგ, ჩემი რეჟისორები ქალბატონი მანანა, რომელსაც ცხოვრებაში ვერ დავუკარგავ ჩემთვის გაკეთებულ სიკეთეს და დავით დოიაშვილი, რომელიც ყოველთვის მაძლევს შანსს და დარწმუნებულია ჩემში.

-სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, თეატრში თუ კინოში?

-ორივეგან, სცენაზეც ძალიან მსიმოვნებს დგომა და კამერასთანაც, ორივეს დიდი ადრენალინი სდევს თან.

-ოჯახზე რას იტყვი, როგორც ვიცი, დედისერთა ხარ...

-კი და ეგოისტი.(მე ვთვლი ასე ყოველ შემთხვევაში). დედა დიასახლისია, ადრე ჟურნალისტი იყო, მაგრამ ჩემი დაბადებისთანავე მიუსაჯეს სახლში ჯდომა და დღემდე იხდის ამ სასჯელს. მამა პოლკოვნიკია და მთელი ცხოვრება ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს.

-შენი პროფესიის არჩევაში არ მოუხდენია ამას რამე გავლენა?

-თვის დროზე მეც მამის კვალს მივდევედი, სამართალმცოდნეობაზე ჩავაბარე. შემდეგ მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო და თავი დავანებე. მეორე წელს თეატრალურში ჩავაბარე.

-დღეს ქართველი მსახიობი თავისი შემოსავლით...(მაწყევტინებს)

-ვერა... პასუხი უკვე მზად მაქვს. დღეს ქართველ მსახიობებს ყველაზე ცუდი შემოსავალი აქვთ. ამ სფეროში ადამიანი არ ფასდება. ბევრი ნიჭიერი მსახიობია დღეს ქუჩაში და რეალიზებას ვერ უკეთებს საკუთარ თავს. გინდ იყოს რეალიზებული, ფინანსურად ცხოვრებას მაინც ვერ ვიადვილებთ.

-სერიალში ტელეწამყვანის როლს თამაშობ, ცხოვრებაში არ გიცდია? ფილმში თითქოს კარგად გამიგდის...

-მიფიქრია, ჩემს პროფესიას აქვს რაღაც პატარ-პატარა განშტოებები, (რადიოსი არ იყოს) ასე თუ ისე, ის ტელეწამყვანობასაც მოიცავს. ამ კუთხით, მომავალში მაქვს გეგმები. თუმცა ეს ჯერ ძალიან შორსაა. ზოგადად, არ ვეხები ისეთ რაღაცეებს ს.

-კინოს? ბევრ მსახიობს, როცა კინოში წარმატებულია, უჩნდება სურვილი თავად გადაიღოს კინო, შენ თუ გიფიქრია ამაზე?

-აბსოლუტურად გეთანხმები. გულახდილად გეტყვი, რომ ბავშვობიდან მქონდა ოცნებად ფილმის გადაღება. ახლაც მინდა, ოღონდ რეჟისორის დამხმარის ამპლუაში მინდა ვიყო, იმ ფილმში, რომელსაც ჩემი სცენარით გადაიღებენ.

-სცენარი უკვე გაქვს?

-სცენარის სახით არა, მაგრამ თავში ბევრი იდეა მაქვს. ალბათ შორეულ მომავალში ვცდი. ჯერ არ მინდა ამბიციამ დამახრჩოს.იქამდე რაღაც უნდა მქონდეს, მზად თავში.

-თავისუფალი დრო თუ გაქვს?

-ძალიან ცოტა, ეს ჩემი პრობლემაა, მშობლებიც კი ვერ მნახულობენ, ვენატრები მეგობრებს, შეყვარებულს. მირჩევნია ახლა ვიყო ასე, გადარბენაზე ვიდრე გავიმარტივო ცხოვრების წესი და ფეხი ფეხზე გადავიდო. ისეთი დროა, რომ ერთი წამით არ უნდა მოდუნდე. მაქსიმალურად უნდა გააკეთო ყველაფერი, რომ შემდეგ იცხოვრო უზრუნველად.

-უახლოეს გეგმებზე რას გვეტყვი, ახალ სპექტაკლზე ხომ არ მუშობთ?

-კი, სეზონი ჯერ არ გახსნილა, მარგამ რეპეტიციები მალე დაიწყება. რეჟისორი პაატა ციკოლია დგამს სოფოკლეს „ანტიგონეს," როგორც გავიგე იქ ვარ დაკავებული.

-კინოში რა მოხდება?

-კინოში, უკვე ვიცით, რომ 17 ნოემბერს პრემიერაა. ზამთარში კი დაიწყება დავით იმედაშვილის ფილმის „ვისი სული გსურს" გადაღებები.


geotimes.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий