четверг, 24 ноября 2011 г.

თამაშით შექმნილი „ახალი თეატრი“



 სალომე სორდია

სიცარიელეში აღმოჩნდა და საკუთარი სივრცე შექმნა. „თეატრალურობანას" თამაში დაიწყო ამოყირავებულ, მიტოვებულ სახლში და ისე აავსო ამ თამაშმა, რომ ვერც კი მიხვდა რა სწრაფად მოიპოვა წარმატება.
პროფესიით მსახიობია, სულით ხელოვანი, აბა სხვა რაა, თუ არა ხელოვნება, როცა სცენის სიყვარულით, საკუთარ თეატრს ქმნი... შემდეგ ამ თეატრში ბევრი სხვა, შენნაირი მოდის, რომ მთლიანობაში შეიკრას იდეა და ფიქრიდან გმირში, გმირიდან პერსონაჟში, პერსონაჟიდან კი, სცენაზე გადავიდეს.
Geotime.ge-ს დღევანდელი სტუმარი, სწორედ ამ იდეის ავტორი, „ახალი თეატრის" დამფუძნებელი, მმართველი და რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილია.

-ბატონო ნიკოლოზ, როგორც ვიცით, პროფესიით მსახიობი ხართ, ხშირად მსახიობებს უჩნდებათ რეჟისორობის სურვილი, რეჟისორები კი რატომღაც დრამატურგები ხდებიან, თქვენს შემთხვევაში ორივე ერთად გამოდის, რატომ, როგორ ფიქრობ რამ განაპირობა ეს? 

- რეჟისორობის სურვილი იმიტომ გამიჩნდა, რომ სიცარიელეში აღმოვჩნდი. არსად არ იყო ჩემი ადგილი, არავის არ ვჭირდებოდით არც მე და არც ჩემი მეგობრები. ჩვენც მარტივი გამოსავალი ვიპოვეთ, ვიშოვეთ პატარა ადგილი და ჩვენთვის ჩავიკეტეთ. ჩვენი თეატრი თავიდან თეატრალური სახელოსნო იყო, ერთგვარი ექსპერიმენტალური ლაბორატორია, 6-7 წლის წინ ჩვენი ხელით გავარემონტეთ. სწორედ აქ დავიწყეთ, საკუთარ თავზე მუშაობა, ვდგამდით მინი სპექტაკლებსა და ეტიუდებს, ვაკვირდებოდით თუ, როგორ შეიძლებოდა უკეთ გამოგვსვლოდა. ბოლოს მუშაობამ შედეგი გამოიღო და სპექტაკლების დადგმაც ვისწავლეთ. (რამდენად ვისწავლეთ ეს გასარკვევია, მაგრამ, ვთვლი, რომ სწორ გზას ვადგავართ) ერთი სიტყვით"თეატრალობანას" თამაში დავიწყეთ და ამ თამაშმა თეატრის ჩამოყალიბებამდეც მიგვიყვანა. „ახალი თეატრი"
 მაყურებელმა შექმნა, სწორედ მათ მოითხოვეს, რომ ეს ლაბორატორია თეატრად ქცეულიყო.

 -რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენს თეატრში თქვენივე პიესები დაგედგათ?

 - როცა დრამატურგია დაგვჭირდა სპექტაკლისთვის ვიფიქრე, რატომ არ უნდა შემექმნა ის თავად. ხშირად ეს გაღიზიანებას იწვევს, - აი რატომ წერ შენ? რაა დაილია პიესები? რატომაც არა? ვცდი, იქნებ დავხელოვნდე ამ საქმეში, ვისწავლო. მე ვთვლი, რომ მცდელობა,- დაწერო პიესა ცუდი სულაც არ არის. თუმცა, მე მხოლოდ ჩემს პიესებს არ ვდგამ, რეპერტუარში გოგოლის „შეშლილის წერილებიც" გვაქვს.

-თქვენ უკვე მიიღეთ საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის წოდება ამ „მცდელობისთვის" 2011 წლის თეატრალური პრემიაზე "დურუჯი."

-დიახ, ეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული პრემია იყო, საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორისთვის.

-გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღეთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. რა სპექტაკლი გქონდათ წარდგენილი და რა შედეგი მოყვა ამ ფესტივალს?

-ამ ფესტივალის შემდეგ, თავად ლატვიის კულტურის ვიცე მინისტრისგან მივიღეთ მიწვევა. შესაძლებელია ახალი სპექტაკლით ირანშიც წავიდეთ. ეს ჩვენი სამომავლო გეგმებია. ფესტივალზე გატანილი გვქონდა სპექტაკლი „ქაღალდის წვიმა." ესაა ჩემი პიესა ლიტერატურული დრამატურგიის გარეშე, მხოლოდ მოქმედებებზე აგებული.

-იგივე პიესით სომხეთის თეატრალურ ფესტივალზე, „ჰაი ფესტზეც"იყავით მიწვეულები, იქ როგორ მოხვდით?

- "ჰაი ფესტი" ერთ-ერთი პოპულარული ფესტივალია აღმოსავლეთ ევროპაში. მისი ორგანიზატორია "სომხეთის სამსახიობო გაერთიანება", რომელიც 2000 წელს ნიდერლანდების სამეფოს "კულტურის საერთაშორისო ფონდის" მიერ დაარსდა.
ფესტივალზე მონაწილეობას იღებდა დასავლეთ ევროპის, აზიის და დანარჩენი მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის, ამერიკა, საფრანგეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ლიტვა, საქართველო, ესპანეთი, იტალია, ნიდერლანდები, შვედეთი, პოლონეთი, მაკედონია, გერმანია, ისრაელი, აზიი­დან: სინგაპური, ყაზახეთი, ინდოეთი.
„ჰაი ფესტზე" მოხვედრა ჩვენთვის მართლაც მოულოდნელი იყო. ჩვენი სპექტაკლის ჩანაწერი გვქონდა გაგზავნილი შესარჩევი ტურისათვის და მოწვევაც ამ ჩანაწერის საფუძველზე მოგვივიდა. ფესტივალის მთავარ პროგრამაში მონაწილეობას მხოლოდ დიდი გამოცდილების მქონე რეჟისორები იღებენ. „ქაღალდის წვიმა" მთავარ პროგრამაში მოხვდა და ფესტივალი ჩვენ დავხურეთ, რაც მართლა სიურპრიზი იყო.

-რა გამოხმაურება ჰპოვა სპექტაკლმა?

-ფესტივალს უამრავი თეატრის კრიტიკოსი, ექსპერტი და ჟურნალისტი ესწრებოდა. ქვეყნის ელჩები, საზღვარგარეთიდან ჩამოსული საპატიო სტუმრები და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი რეჟისორები, თუ მსახიობები. შეფასებები დადებითი იყო, ძალიან მოეწონათ სპექტაკლი და დაინტერესდნენ კიდევაც ჩვენი თეატრით. მათთან კონტაქტს დღემდე ვაგრძელებთ. შემდეგი წლის ფესტივალზე კი, უკვე მიწვეულები ვართ.

- პრემიერისთვის ემზადებით? როგორც ვიცი სეზონი ჯერ არ გაგიხსნიათ?

-კი პრემიერისთვის ვემზადებით, ახალ სპექტაკლზე ვმუშაობთ. ეს ჩემი ექსპერიმენტალური პიესაა, ვცდილბ ორიგინალური და განსხვავებული გამოვიდეს. ვფიქრობ, საინტერესო გადაწყვეტაა, რამდენად მიიღებს ამას მაყურებელი მალე ვნახავთ, ალბათ უახლოეს ერთ თვეში გავხსნით სეზონს.

-თავად თუ თამაშობთ თქვენს თეატრში?

-ამ ეტაპზე არა, მაგრამ მალე ჩემი მეგობარი რეჟისორი აპირებს ჩვენთან სპექტაკლის დადგმას. ვნახოთ რა გამოვა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ერთხელ კიდევ ვითამაშო. თან ძალიან მინდოდა ჩემს თეატრში თამაში.


-ვის დაქვემდებარებაშია თეატრი, ხელფასებს საიდან იღებენ მსახიობები, სპონსორები თუ გყავთ?

- „ახალი თეატრის" სპექტაკლებს მულტი-პულტის სამყარო ასპონსორებს. ამ ადამიანებმა მართლა ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს. მათ გვერდით თავს ძლიერად ვგრძნობთ და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

-რთულია დღეს სპონსორის მოძებნა თეატრისთვის?

-სიმართლე გითხრა, არც ვეძებ, მაგრამ, ალბათ რთულია.

-გაფართოებას თუ აპირებთ?

-მართალია, ჩვენი თეატრი პატარაა, მხოლოდ 50 კაცზეა გათვლილი პარტერი მაგრამ, ამ ეტაპზე უფრო სპექტაკლებით გაფართოებას ვგეგმავთ... დიდი დარბაზიც კი გვაქვს, მაგრამ გასარემონტებელია და თუ დამატებითი შემოსავლის წყაროს ვიპოვით, ალბათ, მასაც გავაკეთებთ.

-თბილისში არის უამრავი პატარა თეატრი, ბევრი მათგანი მაყურებლის ნაკლებობას უჩივის, როგორ გგონიათ რატომ ხდება ეს?

-თეატრში რომ მაყურებელმა იაროს, ეს თეატრმა უნდა დაიმსახუროს. ჩვენს თეატრს თავისი მაყურებელი ყოველთვის ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ არც პიარზე ვმუშაობთ და არც რეკლამაზე. ჩვენთან მაყურებელი თვად სპექტაკლებს მოჰყავთ. სპექტაკლი, რომ აპიარებს თავის თავს ამაზე დიდი პიარი თეატრს არა აქვს.

-ქართულ თეატრებს რაღაც „კლანის" სინდრომი სჭირთ, თითქოს ერთი და იგივე თეატრში, ერთი და იგივე ადამიანები იბადებიან და კვდებიან. თქვენ აღნიშნეთ, რომ „არავის ჭირდებოდით" ალბათ ესეც ადასტურებს ამ სინდრომის არსებობას. ახლა როცა თქვენმა თეატრმა წარმატებას მიაღწია, (ფესტივალებით, ქვეყნიდან გასვლებითა და ა.შ.) შემოთავაზება რომ მიიღოთ, რომელიმე დასიდან, წახვალთ?

-საკუთრი თეატრის ქონა, არ ნიშნავს სხვა თეატრებთან ართანამშრომლობას. რაც შეეხება კლანებს შემოსასვლელში, ალბათ შენიშნეთ ჭერზე განთავსებული დეკორატიული, ამოყირავებული სახლი, იცით რატომაა ასე? თუ კი აქ ვინმე ისეთი მოვა, რომ თავისი სპექტაკლით ამოაყირავებს ამ დეკორაციას სახლიც მისი იქნება.

-რას გულისხმობთ?

-იმას, რომ ეს თეატრი არ არის მარტო ჩემი, ან ჩემი მეგობრების, ან მხოლოდ იმ ხალხის ვინც მე მესიმპატიურება. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა და დღეს ქართული თატრის განვითარებას უშლის ხელს. მოდი ვაღიაროთ, რომ დღეს ეს სიტუაციაა თატრებში.

-ანუ „ახალი თეატრის" კარები ღიაა?

-დიახ, თუ მე ვნახე ადამიანი, რომელსაც ნამდვილად კარგი პროექტი აქვს და მოწადინებულია, თუნდაც ენთუზიაზმით შექმნას რაღაც, ეს სცენა მისთვის ძალიან კარგი იქნება. ბევრი ახალგაზრდისთვის მიმიცია კიდევაც ამის საშუალება, მაგრამ ბოლოს, როცა აღმოჩნდა, რომ არავინ ეხმარება თავი დაუნებებიათ. ეს ძალიან ცუდია. მე არავინ დამხმარებია, ჩემი მეგობრების გარდა, ისე შევქმენი თეატრი და ადამიანი, როდესაც უკვე შექმნილ თეატრში სპექტაკლს ვერ ქმნის, მე იმას ვერ დავაფასებ ისე როგორც საჭიროა.
geotimes.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий