четверг, 24 ноября 2011 г.

ამიკო ჩოხარაძე „ქლაბ შოუდან“ „ თქვენს შოუმდე“ არ გაზრდილა


 სალომე სორდია

„ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში იუმორის მაღალი დონეა, (გემოვნების მხრივ.) ამბიცია გვაქვს და ჩვენს საქმესაც ვაკეთებთ, მაყურებელიც ბევრი გვყავს და რეიტინგსაც არ ვუჩივით. ჩვენი მინუსი ისაა, რომ მხოლოდ იმას ვაკეთებთ, რასაც მაყურებელი ითხოვს. სხვაგან ამისთვის ცალკე ჯგუფია გამოყოფილი და ფუნქციები გადანაწილებულია", - ამბობს Geotime.ge - სთან საუბარში კომედი შოუს „ტალანტად" მონათლული ამიკო ჩოხარაძე.
ამიკო ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში პირველად იუმორისტულ პროექტ „ქლაბ შოუში" გამოჩნდა. ამჟამად „თქვენი შოუს" წამყვანია, ფაქოსთან ერთად. კითხვაზე, რა შეიცვალა „ქლაბ შოუდან" „თქვენ შოუმდე" ჩვეული იუმორით გვიპასუხა: რა ვიცი, სიმაღლეში არ გავზრდილვარ ... 
 
-ამიკო, „თქვენი შოუს" წამყვანებად, შენ და ფაქოს დუეტი ვინ შეარჩია?
 
-იდეა ჩვენს ბიჭებს ეკუთვნოდა, მათ გადაწყვიტეს, რომ ამ როლს კარგად მოვირგებდით, ვფიქრობ, გავამართლეთ იმედები, გადაცემა უკვე დიდი ხანია გადის ეთერში, ყოველთვის ვცდილობთ შოუ, უფრო და უფრო, კარგი გამოვიდეს და მაყურებელიც კმაყოფილია ჩვენი ნამუშევრით. 
 
-„ქლაბ შოუმდე" რა ხდებოდა შენს შემოქმედებით ცხოვრებაში?
 
-ტელესივრცეში ძალიან დიდი ხნის წინ გამოვჩნდი. ბავშვობაში ვმღეროდი, ოდესაში ერთ-ერთ ფესტივალზე ავიღე გრანპრი საუკეთესო ვოკალისთვის, ვიყავი უკრაინის ტელევიზიაში, რუსეთის „ОРТ" -ზე მუსიკალურ გადაცემაში „Утренняя звезда." ვმონაწილეობდი თურქეთში გამართულ პაროდიის კონკურზე, სადაც მაიკლ ჯექსონს ვბაძავდი და გავიმარჯვე კიდევაც. შემდეგ იყო კავეენები, ჯერ საზღვაო აკადემიის გუნდში „ნეპტუნი", მერე აჭარის „რეზერვისტებში" ბოლოს საქართველოს ნაკრებში და იქიდან რუსთავი2-ის გადაცემებში. 
 
-აჭარა ახსენე, წარმოშობით აჭარელი ხარ არა?
 
-დიახ , ბათუმელი, ბავშვობა და სტუდენტობა იქ გავატარე. 
 
- რომელი ქალაქი უფრო საყვარელია შენთვის, თბილისი თუ ბათუმი?
 
-ბათუმი ჩემი მშობლიური ქალაქია და რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს. შეიძლება ითქვას, ცხოვრება იქ ვისწავლე. თბილისი არ ვიცი რატომ შემიყვარდა, თავისუფალი ქალაქია, აქ ყველაფერი უარყოფითისგან ვიცლები და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ.
 
-სხვა ქვეყანაში თუ იცხოვრებდი?
 
-დიდი სიამოვნებით, თუ იგივე სამსახური მექნებოდა, ანაზღაურება საზღვარგარეთ გაცილებით უკეთესია.
 
-შენი შემოსავლით უკმაყოფილო ხარ?
 
-უფრო მეტიც შეიძლებოდა, ვიმსახურებ და მოვითხოვ კიდეც. 
 
-რამდენადაც ვიცი ძალიან მიზანდასახული ხარ, „მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას"?
 
-კი, ამართლებს.
 
-თქვენი პირველი პროფესია რადიკალურად განსხვავდება, იმ საქმისგან რასაც დღეს აკეთებთ, რატომ გაგიჩნდათ საზღვაო აკადემიაში სწავლის სურვილი?
 
-მეზღვაურობა სარფიანი საქმეა, ზღვაზე მატერიალურად უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე ხმელეთზე. იქ უფრო დიდი შემოსავალია. ამ საკითხზე ჩემმა მშობლებმა უფრო იმუშავეს. 
 
-რატომ წამოხვედი იქიდან?
 
-ჩემში არ იჯდა და იმიტომ, ისე კი დავამთავრე და დიპლომიც ავიღე. თან კარგადაც ვსწავლობდი,მოკლედ, დიპლომიანი სიძე ვარ.
 
-რადგან სიძეზე ჩამოვარდა საუბარი ამ თემასაც შევეხოთ, როგორც ვიცი პირადზე საუბარი არ გიყვარს?
 
-ხო, ძალიან ცოტას ვსაუბრობ ამ თემაზე. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და ცხრა თვის ბიჭი, - საბა, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენა. ასევე , 18 წლის ძმა და 7 წლის და. ჩემი ძმას სიმღერის ნიჭი აქვს, საბავშო ოპერაში მღეროდა, თუმცა სამომავლო პროფესიად მანაც საზღვაო საქმე აირჩია. დედა ყოფილი ტანმოვარჯიშეა, მამა სუხიშვილების მოცეკვავე. თუმცა დღეს ერთი იურისტია, მეორე მეცნიერ-პროფესორი.
 
-პლასტიკისა და ცეკვის ნიჭი მშობლებისგან გამოგყვა თუ სწავლობდი სადმე?
 
-არა არასდროს მივლია ცეკვაზე, ასე ვთქვათ, თვითნასწავლი ვარ. ეს ყველაფერი, ალბათ, მაიკლ ჯექსონის ბრალია, ჩემი კუმირი იყო ბავშვობიდან. სარკის წინ ვიდექი ხოლმე და ვცეკვავდი.
 
-პირველი მას მიბაძეთ?
 
-კი, პაროდიის მხრივ ჩემი პირველი მსხვერპლი მაიკლ ჯექსონი იყო.
 
-ინტერნეტში განთავსებულია თქვენი და „ვართეს" ფოტო, სადაც, ძალიან ჰგავხარ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, გრიმის დამსახურებით ალბათ, როგორ ახერხებ ასე დაემსგავსო შენს გმირებს?
 
-არა, გრიმი არაფერ შუაშია.
 
-აბ რა არის შუაში. ახლა, რომ გიყურებ სრულებითაც არ გავხარ ქალბატონ ნინოს...

-ხოო? ალბათ პარიკიც მეხმარება, (იცინის) როცა ვინმეს პაროდიას ვაკეთებ, ვცდილობ მაქსიმალურად ყველაფერში დავემსგავსო. ბევრი რამ მიმიკით გამომდის.
 
-ალბათ ამ ყველაფერზე მუშაობა, დიდ შრომას მოითხოვს...
 
-ვიღაცისთვის შეიძლება, მაგრამ ჩემთვის უკვე მარტივია.
 
-თავად იმ ხალხს თუ შეხვედრიხარ ვის პაროდიასაც აკეთებ, მაგალითად ნინოს, რა რეაქცია აქვთ მათ?
 
-ქალბატონი ნინო რამდენჯერმე ნანახი მყავს, თუმცა პირადი საუბარი არ მქონია, სოსოს შევხვედრივარ ნარიმანიძეს. რეაქცია კარგი აქვთ, ცუდ და ბოროტულ პაროდიას არასდროს ვაკეთებთ.
 
-თქვენი საყვარელი იუმორისტი ვინ არის?
 
-ბევრია ძალიან, კუმირი არ მყავს, მაგრამ მომწონს ჯიმ ქერი, როვან ატკინსონი, მისტერ პიტკინი... მიყვარს იუმორი, რომელიც მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება, არის ლიტერატურული ხუმრობა და სიტუაციური, ანუ მოქმედებით ხუმრობა.
 
-იუმორისტობა ხელოვნებაა?
 
-დიახ, იმიტომ, რომ ახალს ქმნი. მე ვამაყობ, რომ რაღაც ისეთი ხუმრობა დამიწერია და გამიკეთებია, რომელიც დღემდე ახსოვს მაყურებელს.
 
-უცხოურ იუმორისტულ შოუებს, თუ უყურებ?
 
-დიახ.
 
-რამეს სწავლობ მათგან?
 
-არა, მათგან ნასწავლი არაფერი მაქვს, მაგრამ, მომწონს, რომ ვუყურებ. იმის ამბიცია მაქვს, რომ იმათზე მაგარი ვიყო. 
 
-კავეენს თუ ადევნებ თვალს, როგორი თაობა მოდის?
 
-ვადევნებ და კარგი თაობაა, ჩვენს დროს სხვანაირად იყო ყველაფერი, უფრო ძლიერი. თუმცა ამათაც კარგად გამოსდით. კარგი ბიჭები და გოგოები არიან.
 
-„კომედი შოუს" სიმღერები და ვიდეო კლიპები, დიდი პოპულარობით სარგებლობს , საქართველოში, სერიოზულად თუ გიფიქრია ამ სფეროში მოღვაწეობაზე? 
 
-ეს იდეა მომწონს და გამივლია კიდევაც გულში, არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ არ ვიცი. 
 
-სამსახიობო კარიერაზე რა აზრის ხარ? ქართული კინო კომედიური ჟანრის მსახიობების ნაკლებობას ნამდვილად განიცდის...
 
-ჩვენი ბიჭები გადაიღეს რამდენიმე ფილმში. მეც შეიძლება ამ სფეროში მოვსინჯო თავი, სანტერესო იქნება. თუმცა ჯერ ამაზეც არ ვფიქრობ, მინდა უფრო მეტი გავაკეთო, ასე ვთქვათ, უფრო დავხელოვნდე და მერე ვცადო. რაღაც შემოთვაზებაც კი მქონდა, მაგრამ ჯერჯერობით თავი შევიკავე და უარი ვთქვი. 
 
-ჭორის დონეზე, მაქვს ინფორმაცია, რომ „შუა ქალაქის" მსახიობები, რომლებიც იმედიდან გამუშვეს, მიიღებენ მონაწილეობას რუსთავი2-ის ახალ სერიალში, რომელსაც „კომედი შოუს" ბიჭები გააკეთებენ. 

-ამაზე საუბრის უფლება მე არ მაქვს, ამ თემაზე ალეკო მალხაზიშვილს დაელაპარაკეთ.
 
-ანუ ეს ჭორი საფუძვლიანია?
 
-არ ვიცი, არ ვიცი, ვერ გეტყვით

Комментариев нет:

Отправить комментарий