пятница, 9 декабря 2011 г.

„მკითხველი თუ ვერ მიდის წიგნთან, წიგნი უნდა მივიდეს მკითხველთან.“











   


პოეზიის საღამოები ოდითგანვე იყო ქართველი ერის, ერთ-ერთი, მასულდგმულებელი წყარო. ახალგაზრდა პოეტების რიტუალური შეკრებები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში, ყოველთვის ატარებდა იდეას. იდეას,- რომელიც შემდეგ მთელ ახალგაზრდა თაობას ედებოდა მთავარ მამოძრავებელ მუხტად. მართალი გითხრათ, ვერ გეტყვით დღეს თანამედროვე პოეტები, რამდენად ემსახურებიან მისიებს, მაგრამ თუ წარსულს გადავხედავთ შეიძლება თავი დავიმშვიდოთ, რომ ისინი შეიძლება (დღეს ასე მომრავლებული პოეტებიდან რომელიმე,) ხვალ ან ზეგ, ან მას ზეგ კლასიკად იქცნენ. ვთვლი, რომ ამის საფუძველი, რამდენიმე მათგანს ნამდვილად აქვს. 
გულწრფელად მიხარია, ქართველი ახალგაზრდობისთვის პოეზია რომ უკვდავ მცნებაზე მეტია... ამას ის საღამოები მოწმობს, რომელსაც ყველა კუთხის ახალგაზრდა პოეტები ხშირად მართავენ, მსმენელი და თაყვანისმცემელი ბევრი ჰყავთ.
გუშინაც ასე იყო... სცენა დიდი, დარბაზი სავსე, სიჩუმე მშვიდი და ჩამოშვებული შირმა, შირმას აქეთ გრძელი, ვიწრო მაგიდა, ხუთი სკამი, ხუთი პოეტით... გარეგნობა პოეტებისთვის დამახასიათებელი, უფრო იმიჯი,- შლიაპა, კაშნე, წვერი მოშვებული... გამოხედვა სათნო, მანერა „პოეტური," როგორც სჩვევიათ ხოლმე... შემდეგ ფრაზებად ქცეული ფიქრები და ათასი ტაში... დამსახურებული ტაში... 
           

სამედიცინო უნივერსიტეტმა ბათუმელ პოეტებს უმასპინძლა. საღამო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. ეს ერთგვარი პოეტური ტურნეა, რომელმაც გეზი სამ დეკემბერს ფოთიდან აიღო, გამოიარა ქუთაისი, საჩხერე, გორი, რუსთავი და ბოლოს წინა გაჩერება გუშინ, თბილისში ჰქონდა. ფინალური საღამო ერთი კვირის თავზე, მშობლიურ ქალაქ ბათუმში ჩატარდება. პროექტის მენეჯერი და იდეის ავტორი ზაზა ფირცხალაიშვილია.
საღამო ხუთი პოეტიდან ერთ-ერთს, გენრი დოლიძეს მიჰყავდა, სწორედ მან წარადგინა დამსწრე საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი დანარჩენი პოეტები: როინ აბუსელიძე, გიორგი გაბაიძე, აჩი ბერიძე და სულხან წულუკიძე. 
პოეტებმა, ძველი და ახალი ლექსები სცენიდან წაიკითხეს. ზოგი ემოციური, ზოგი უემოციო, (ალბათ, ასე იყო ჩაფიქრებული.) სტრიქონები ხშირად იმეორებდნენ სიტყვებს,- უფალი, ნენე, ბათუმი. მოკრძალებული დიალოგები,- საკუთარ ლექსებში, საკუთარ თავთან, პოეზიასთან, უფალთან, მსმენელისთვის მარტივად გასაგები და აღსაქმელი ხდებოდა. თითქოს პოეტებმა „სხეულში ლექსად გამომწყვდეული სულები" გააშუქეს. რითმები რითმებს მიჰყვებოდნენ, სცენიდან წამოსულ ფრაზებს კი დარბაზში მსხდომები იმეორებდნენ ჩურჩულით. ოვაციები არავის დაუშურებია, საყვარელი ლექსების წაკითხვას სთხოვდნენ.
საღამოს ბოლოს აუქციონი ჩატარდა, ლოტი პოეტური, - ლექსების ხელნაწერი წიგნი. ფასი სიმბოლური,- საწყისი 1 ლარი. პროცესი სახალისო ხუთი, ათი, ოცდაათი, სამოცი, ასი, ასორმოცდაათი, ორასი, ორას ორმოცდაათი. ორასორმოცდაათი 1, ორასორმოცდაათი 2, ორასორმოცდაათი 3. ლოტი გაყიდულია, მყიდველი კმაყოფილი. 
აუქციონიდან შემოსული თანხა ლიტერატურული საიტის www. Litklubi.ge -ს პოპულარიზაციას მოხმარდება. „ლიტერატურული კლუბი" ემსახურება ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტებისა და მწერლების აღმოჩენას, მათ წარდგენას ფართო საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ლიტერატურულ, შემოქმედებით და საქველმოქმედო პროექტებს. 
 ჩატარდა ახალი წიგნის პრემიერა სახელწოდებით „მეცხრე ტალღა".
  ეს არის ცხრა ახალგაზრდა პოეტის საერთო კრებული. ზღვის სურნელით, ენერგიითა და რწმენით სავსე ახალგაზრდები. ამ უზარმაზარ სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნის სურვილი აქვთ და ავტოგრაფებს არიგებენ, გულუხვად თაყვანისმცემლებისთვის. (არ ვიცი, შეიძლება ამითაც იწყება ყველაფერი.)
საღამოს ბოლოს Geotimes.ge პოეტებს ტურნეს შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებზე ესაუბრა.
გენრი დოლიძე: საღამო არასდროს გვაქვს დაგეგმილი, ექსპრომტად ვერგებით სიტუაციას 

და ვითვალისწინებთ ხალხის მოთხოვნებს. ტურნემ დიდი ემოცია წაიღო, მაყურებლის დიდმა მონატრებამ, ნოსტალგიამ და სითბომ, რომელმაც ყველა ქალაქში დაგვეუფლა. ამ პოეტური ტურისგან, იმაზე მეტი მივიღეთ ვიდრე ველოდებოდით. ზოგან გვეშინოდა კიდეც, საღამო არ ჩავარდნილიყო. მაგლითად, ფოთში პირველი პოეზიის საღამო ჩატარდა. მსგავს საღამოებს იქ პუბლიკა მოკლებულია. ეს ერთგავრი რისკი იყო, მაგრამ გაამართლა. ხალხის არაჩვეულებრივმა მიღებამ, უფრო დიდი შემართება მოგვცა, იმ შემდეგი ტურებისთვის რომელსაც მომავალი პროექტით დავგეგმავთ. რადგან რამდენიმე ქალაქში ამ ტურზე ვერ ჩავედით, იმის მიუხედავად, რომ მოწვევები გვქონდა, ფიზიკურად არ შეგვეძლო მეტი.
-აუქციონიდან შემოსული თანხებდან ყველაზე ცოტა, ან ყველაზე დიდი სად აიღეთ?
-ყველაზე დიდი აქ, თბილისში ავიღეთ, ყველაზე ცოტა კი ფოთში. სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა პუბლიკა გვხვდებოდა და ალბათ ამიტომ. საჩხერეში ძირითადად, პროფესორები, ექიმები, აკადემიური აუდიტორია დაგვხვდა. ფოთში მოსწავლეები, ქუთაისში 50/50-ზე, გორში თინეიჯერები და ა.შ. 
-დასკვნით საღამოზე რამე სიახლე ხომ არ გექნებათ?
-დასკვნით საღამოს ყველა ჩვენი მასპინძელი ქალაქის წარმომადგენელი დაესწრება. ასევე ვაჩვენებთ დოკუმენტურ ფილმს, ამ ტურნეს ამსახველ ვიდომასალას, რომელსაც მთელი ტურნეს განმავლობაშ ვაგროვებდით. 


„მკითხველი თუ ვერ მიდის წიგნთან, წიგნი უნდა მივიდეს მკითხველთან." გვითხრა როინ აბუსელიძემ. 
-როი, როგორც ვიცი, ტურნე აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაგიფინანსათ, როგორ ფიქრობთ, პოეტს სახელმწიფო უნდა უწევდეს პოპულარიზაციას?
-ვერ გეტყვით, პოპულარიზაციას, რამდენად უნდა უწევდეს, მაგრამ მხარდაჭერა აუცილებლად უნდა ჰქონდეთ.
-როგორ მხარდაჭერას გულისხმობთ?
-არა ფინანსურს ამ შემთხვევაში, ეს სხვა თემაა და ჩემი საქმე არ არის. ვგულისხმობ იმას, რომ პოეტი, პოეზიის საღამოს მოწყობაში ფულს საკუთარი ჯიბიდან არ უნდა იხდიდეს, (ფართის საქირავებლად და ა.შ.) ეს ელემენტარული მაინც უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი. სხვა არაფერი. 

WWW.GEOTIMES.GE



P.s:  ამას დიდი გაგრძელებები აქვს, თუ გამახსენდა ცოტა ხანში უკეთესად მოგაწოდებთ ყველაფერს :))) 

  
  
  

Комментариев нет:

Отправить комментарий