пятница, 20 января 2012 г.

თვალებს არ ვახელ, მეშინია ვერაფერი დავინახო....


თვალებში მიყურე, ხომ მხედავ?
–გიყურებ ხოო,..
–გიყვარს?
–მიყვარს...
–ძალიან?
–ძალიან...
***
შემდეგ ათასი სისულელე იყო, არც ერთმა არ ვიცოდით რატომ, რა დაგვიშავა ამ ერთმა უწყინარმა სიყვარულმა. დავყვებოდით და ვშლიდით ყველა იმ ამოტვიფრულ გრძნობას,  რომელსაც ალბათ, ფიქრობდა, რომ ყრუ კედლები უკეთ გრძნობდნენ, ვიდრე ის,  ვინც „მას სამყაროზე მეტად უყვარდა“...
 სიყვარული აუხსნელი იცოდა, რაღაც თავის ფერებში, თავისსავე მოგონილ სფეროებში, თავისავე შექმნილ სამყაროებში... ჯერ ვერ უტყდებოდა...  შემდეგ ჩვენ დავიწყეთ მეგობრობა. გავიზარდეთ თითქოს და მივხვდით სისულელების კეთება, რომ არ იყო აუცილებელი.  ყოველთვის ერთად ვიყავით. ის,  მესამე ჩემთან იყო. მე ერთგვარი ძაფი აღმოვჩნდი მათი დამაკავშირებელი.  ორივე უზომოდ მიყვარდა, ერთი უფრო ჩემი იყო, მხიარული, ფერადი...  მეორეს,  მეგონა ვერასდროს გავუგებდი, ჩუმი იყო და რთული, იდუმალი,  რაღაცნაირად, რომ გაშინებს და ჭკვიანი უზომოდ.  ყველაფერი იცოდა, რაც აქამდე მოხდა და ისიც, რაც ოდესმე უნდა მომხდარიყო. ყოველთვის ვფიქრობდი, ნეტა ეს ადამიანი ბავშვი არასდროს ყოფილათქო, მერე თავადვე ვხვდებოდი, რომ ღმერთს მისთვის ეს ასაკი დაენანა. ხო, მას არასდროს ჰქონია ბავშვობა, უფრო სწორედ, კი ჰქონდა მაგრამ იმდენად მძიმე იყო, რომ შეძლო და წაშალა...  არასდროს საუბრობდა იმაზე რაც ნახა, რასაც ყოველდღე გრძნობდა. ახლაც მახსოვს ღრმა ბავშვობის ანარეკლი, სკოლაში, რომ მივდიოდი ხოლმე,  ჩემს წინ მტვრიან ქუჩაზე მიაბიჯებდა პატარა ბიჭი დიდი ჩანთით, რომელსაც არასდროს არავინ აცილებდა. მთელი გზე ამაზე ვიცინოდით მე და ის, მესამე „მას რომ სამყაროზე მეტად უყვარდა.“  შემდეგ ჩვენი გზები იყოფოდა.  ვიცოდით, რომ ის იქ დადიოდა, სადაც ბავშვები, თან სწავლობდნენ, თან ეძინათ და თან ჭამდნენ.., მაშინ ისიც კი არ ვიცოდით, რომ ამ ბავშვებს ობლები ერქვათ. ზოგჯერ უბრალოდ ჯობია, რაღაც არ იცოდე და მორჩა...  
***
ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, წლების შემდეგ, იქ,  სადაც ბავშვები სწავლობდნენ კიდეც, იძინებდნენ კიდეც და ჭამდნენ კიდეც. მაშინ არ ვიცოდით, რომ ჩვენს კლასში ის პატარა ბიჭი იჯდა ვისზეც მთელი ბავშვობა უაზროდ ვიცინოდით. მასთან არაფერი შეცლილა თითქოს, ისევ ჩუმად დააბიჯებდა და ისევ ვერ გვიყურებდა თვალებში. ახლა ჩვენც  ობლები ვიყავით, მეც და ის მეორეც „მას რომ სამყაროზე მეტად უყვარდა.“  კი, კი  ჩვენ ინტერნატში გავიცანით ერთმანეთი... არ მოგვეწონა საშინლად. შემდეგ,(აი, რომ ვთქვი მივხვდით არ იყო აუცილებელი სისულელეების კეთებათქო) ჩვენი მეგობრობა დაიწყო, თითქოს მივხვდი, რომ არიან ადამიანები რომელთათვისაც, უბრალოდ აუცილებელია არსებობდე. ბევრი მასწავლა, (ცხოვრებაც და ხაჭაპურის გამოცხობაც.) იშვიათად ვხედავდით ერთმანეთს, მაგრამ მაინც დიდ დროს ვატარებდით ერთად. ნელ–ნელა ვატყობდი, რომ სიცილი ისწავლა, იქამდე მხოლოდ ჩვენ ვიცინოდით. მე ფიქრი ვისწავლე, და იმანაც „მას რომ სამყაროზე მეტად უყვარდა.“  შემდეგ დავტოვე ორივე და წამოვედი, რაღაც პერიოდი  ერთად იყვნენ, ორივე კარგად.  შემდეგ ის „მას რომ სამყაროზე მეტად უყვარდა“  მიხვდა, რომ ვერასდროს შეძლებდა მასთან ცხოვრებას და სხვამ „გაიტაცა...“  მე ქორწილში ჩავედი...  ისიც ვნახე, სხაგან ოღონდ, ცხელ ყავას ვსვამდით, წვიმდა, ის ისევ დამუნჯებული მიყურებდა, ახლა ის სიცილიც არ იცოდა, ძლივს რომ ისწავლა.
***  
 მერე ჯოჯოხეთი იყო და ისიც წავიდა... არც ზარი,  არც წერილი, აქ ყველაფერი რიგზეა. იქ არა. უცხო ქვეყნის პაპანაქება მზესთან ერთად, მთელი ცხოვრების ტკივილი სწვავს და ფიქრობს, ვერ გაუგია, რატომ უნდა ეცვას გოლგოთას... არ სძინავს, დააქვს  ბლოკნოტი  და იწერს,  გამალებით უძგერს გული და ამ გულისცემას ინიშნავს, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო უსუსტდება. დროში მოგზაურობს, ხან ჩემთანაა, ხან სხვასთან... მირეკავს, ყველაფერი აინტერესებს...  არ ვიცი რაზე ვესაუბრო, მისი საუბარი ისევ რთული გახდა ჩემთვის.  მერე კონცენტრირებას მასწავლის, რომ ადვილად შევძლო დროში მოგზაურობა,  მისი ნახვა რომ მომინდეს.  უნიჭო ვარ, ვერაფრით ვისწავლე,  ახლა ვხვდები რატომაც უნდა მესწავლა და ყველაფერზე მეტად ვნანობ, რომ  არ შემიძლია.
***
ჩამოვიდა, ვახარე... სურათი გავუგზავნე იმ ბავშვის, რომელიც სხვა კაცის , და იმ ქალის იყო  „მას  რომ სამყაროზე მეტად უყვარდა.“ ცუდად გახდა. გაჩუმდა.  შემდეგ ვნახე...  იმ ჩანაწერების არსებობა გავიგე,   რითაც სუნთაქავდა. ბევრი ტკივილი იგრძნო და ტრაგედიებიც დაემატა, ვიღაცასთან ერთად წავიდა და მარტო ჩამოვიდა, ვიღაც ვერ მობრუნდა... ეს კი დაცლილი, მერე ისიც დაიცალა „ამას რომ სამყაროზე მეტად უყვარდა.“  ცუდად იყო, მეორე ბავშვი დაკარგა... გამოიფიტა... მეც გავუცხოვდი,  ჩემი სამყარო შევქმენი.  იშვიათად ვრეკავდი, ზოგჯერ ზარებსაც არ ვპასუხობდი, ნახვაზე ხომ ზედმეტი იყო საუბარი. დრომ დაგვაშორა და სივრცემ.  ვხვდებოდი, რომ ძაფი ნელ–ნელა წყდებოდა. დავურეკე. იწუწუნა,  რანაირი მეგობრობა იცითო, სულ მე უნდა მახსოვდე შენ ზარებსაც არ პასუხობო. თავი ვიმართლე,  ვუთხარი,– ძალიან მიყვარხარ და რა მნიშვნელობა აქვს როდის დაგირეკავთქო. აქვსო,– მითხრა გულდაწვეტილმა და მივხვდი, ვიგრძენი მისი ყველა ტკივილი. ისეთი გრძნობა, მქონდა, რომ დედამიწაზე ერთი კაცი არ მოიძებნებოდა, ისეთი ვისაც უანგაროდ უყვარდა. ვისაც შეეძლო ჩახუტებოდა და უბრალოდ გულით ეთქვა, რომ ყოველთვის გვერდში დაუდგებოდა. როგორ მინდოდა იმ წუთას მე ვყოფილიყავი ეს ადამიანი, მაგრამ შორს ვიყავი და არც კი მითქვამს, ახლა როგორ ვნანობ, როგორ მცხვენია ყველა იმ დუმილის, ყველა იმ უპასუხო ზარის...  

***
-არ წახვიდე რაა... (ჩუმადაა) მნახავ?
-შეიძლება ვერასდროს, ცუდი შეგრძნება მაქვს...
-ნუ მაშინებ. (ძალდატანებით იცინის)
-კარგი, გამოგივლი წასვლამდე.
-იქნებ მითხრა სად მიდიხარ?
-შორს სალ, შორს...
არ გამოუვლია, ჩემი მეგობარი წავიდა.
***
დაბადების დღე ჰქონია, როგორ არ გამახსენდა, მათი დაბადების დღეები, ხომ მიყოლებით იყო. ჯერ იმას აქვს „ამას  რომ სამყაროზე მეტად  უყვარდა“  და მერე თავად.  იმას მივულოცე, ამისი დამავიწყდა. არა, მაინც ის უფრო მყვარებია?  დღეს დავურეკავ, ვითომ დღეს მგონია... მოვემზადე, უნდა დავურეკო, არ გავიდა... მერე რამდენიმე სიტყვა დავწერე, სასხვათაშორისოდ –„საშ გილოცავ, მინდა ბედნიერი იყო და ჩვენთან იყო.“  
***
სამსახურში ვარ, ახალი ამბების ქრონიკას ვათვალიერებ უცხოურ საიტებზე.  ვხედავ, ავღანეთში დაიღუპა ქართველი ჯარისკაცი.  ფოტოებს ვუყურებ, გული მწყდება, არაფერი მახსენდება... შემდეგ ჩემი რედაქტორი იწყებს წუხილს იგივე ფაქტზე, ამბობენ, მეორეც აფეთქდა ქართველი, მაგრამ ჯერ არ ახმაურებენო. მერე ერთმანეთს გადავხედეთ და ერთად მოვთქვამდით.  ვინ იცის საწყალი სად გდია, ვფიქრობ, ჩემთვის და მაინც არაფერი მახსენდება.
 ***
-მაგარი ღვინოა, გოგის...
-იის, ნაქები?
-ხო აბა, საფერავი...
-სალი რატომ არ სვამ? მეკითხება ეკა
-სალი ჩვენთან არ სვამს, პასუხობს ქალბატონი დალი, ჩემი რედაქტორი. (აქაც იციან ჩემი ლოთობის ამბავი.)
შობას აღვნიშნავთ, ღვინო კარგია, მე არ ვარ კარგად. რაღაც შინაგანი შფოთვა მიპყრობს და ვერ ვხვდები რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.  ვფიქრობ და არაფერი მახსენდება საერთოდ. ქეიფი ქრძლედება, ვდგები და კაბინეტში შევდივარ. რაღაცნაირად ვარ და ვხუმრობ ხასიათის გამოსაკეთებლად... მერე საათს ვუყურებ,  რომელია?  რატომღაც კედლისკენ არ გამიხედავს. ტელეფონზე ხუთია  და ზარიც, ვიღაცას ურეკია...
-ვაიმე რა ოქროს, ნომერიააა...  ისევ ვცდილობ უკბილო ხუმრობას და რატომღაც ვრეკავ, არა და არ მჩვევია.
ზარი გადის,
ერთი,
 ორი,
 სამი.
-თქვენი ზარი იყო.
-არა, დემნა გირეკავდათ.
 -ვიინ?
მიკვირს და ტელეფონი ითიშება.  მე ისევ არაფერი მახსენდება, უბრალოდ ეგაა, რომ უეცარი შიში მიპყრობს.  უცნაურია, არც ეს მჩვევია და მაინც... ისევ ზარი ისმის. შეშინებულ ხმას შეშინებული ვპასუხობ.
- კი სალო ვარ, თქვენ რომელი ხართ და  რა ხდება საერთოდ?
-არაფერი დემნა შამუგიას აინტერესებდა საშკაზე ხომ  არ იცი რამე ახალი?
 -რა უნდა ვიცოდე?  ვპასუხობ კითხვითვე და ღმერთო, ისევ არ მახსენდება არაფერი.
-ა, თქვენ არ იცით? კარგით კარგით არაფერი.  მპასუხობს დაბნეული ხმა და აპირებს ტელეფონი გამითიშოს.
 -მაიცა არ გათიშო, სადაა საშკა? ვეკითხები არეული.
-ავღანეთში, მპასუხობს ხმა და ყველაფერი ჩერდება.

***
გაშეშდა სამყარო და სხეულიც ამ სამყაროში....
ვერ ვიგრძენი....
 ჩუმად ვარ ახლა ყველაფერი მახსენდება. ახლა ვფიქრობ, რომ ის ბიჭი, რომელსაც ავღანეთში შეიძლება დამწვარს მალავენ ჩემი მეგობარია. ახლა ვფიქრობ, რომ ის  დიდჩანთიანი ბიჭი, რომელსაც მთელი ბავშვობა დავცინოდი შეიძლება აღარ მყავს...  მაკანკალებს და ყველაზე ძალიან იმას ვნანობ, რომ არ დავლიე... რთულია ფხიზელი გონებით, ვერაფერ ვახერხებ, ღმერთო რა გავაკეთო.  ახლა ღმერთიც მახსენდება, იმ ქრონიკებივით, რომელიც მასთან, იმ ჯარისკაცთან მაკავშირებს... ღმერთო, მაპატიე, დაეხმარე...  ვლუღლუღებ უაზროდ.  ვფიქრობ, ვინ შეიძლება რამე იცოდეს. ყველგან ვრეკავ....  
 ერთმა რაღაც იცის, ჟილეტმა გადაარჩინა, დამწვარია, მადლობა ღმერთს. მადლობა. ვაგრძელებ ისევ  და არ მჯერა... ესაა საშობაო ზღაპარი? ესაა შობას სასწაულები ხდებაოო? ღმერთო გთხოვ, ახალ მოახდინე სასწაული, გთხოვ გადაარჩინე,  დაიფარე, ვიმეორებ განუწყვეტლივ და თავლებიდან გაყინული სხეულები არ მშორდებიან... გაყინული სიტყვები „ცუდი შეგრძნება მაქვს, შეიძლება ვერასდროს გნახო...“  ახლა მე მეყინება ძარღვებში სისხლი და ადამაინადყოფნის სურვილს მაკარგვინებს ტკივილი. ღმერთო დაიფარე ვევედრები ღმერთს და ნორმალურად ვერც ვიაზრებ რა სათხოვარი მაქვს უფალთან. ახლა მე ვარ ცუდად და მე მეშინია ვერასოდეს ვნახო!  ღმერთო. როგორ ვნანობ ყველაფერს, როგორ მტკივა გული, როგორ მგონია, რომ ათასი რამე დავაკელი. როგორ მგონია, რომ ვერასოდეს იღებდა იმის მეათედსაც რასაც ჩემგან იმსახურებდა. როგორი ძუნწები ვიყავით ადამიანები მის მიმარათ და როგორ ვერ ვიმეტებდით მისთვის იმ მცირეოდენ სითბოს, რასაც ითხოვდა. ღმერთო, ოღონდ დაეხმარე, ოღონდ გადაარჩინე.
 
***
-სოოფ, სანთლები დაანთე რა შენც, გთხოვ...
ვლოცულობ ...
***
დაღამდა. ისევ ზარია, ახლა დედა წუხს, იციოო? არა და როგორ მიყვარსო, ჩემთან იყო წასვლამდე, დედამისზე მელაოპარაკა, ცუდად არის და უნდოდა ემკურნალაო, სოფელში ამბობენ,– ვერაფერს ხედავსო. ტიროდა დედა,– მეც. ის დრო გამახსენდა, იარაღით ხელში რომ დამირეკა. თავი უნდა მოვიკლაო, მაშინ არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა ოდესმე დამეკარგა. უბრალოდ დავამშვიდე და ვეჩხუბე მეორე დღეს.  არაფერი მითხრა. ჩუმად იყო. - ნეტა ყველა გამოცდას მე რატომ უნდა ვაბარებდეო, ჩაილაპარაკა თავისთვის და წავიდა.  ახლაც მინდოდა გამეგონა, მომესმინა მისი ყოველთვის დამრიგებლური ტონი. ყველაფერს ხელმეორედ გავიგონებდი, ხელმეორედ დავინახავდი, ახლა ვერ  ვხედავ და ისიცი კი არ ვიცი თავად თუ  დამინახავს ოდესმე.  კიდევ თუ შეხედავს  სამყაროს, რომელიც მუდამ უცნაური ეჩვენებოდა და რომელიც მუდამ უსამართლო იყო მის მიმართ.

***
დილა, ვაგონი სავსეა ათასი რჯულის ხალხით, მეც მასაში ვარ გარეული,   თითოეული მათგანივით გაყინული გამომეტყველება მაკერია სახეზე. წუთით ვფიქრდები, ზომბი ხომ არ ვარ, ადამიანი ვარ. ადამიანი, რომელსაც ამ წუთას ყველაზე მეტად ტირილი უნდა.
ვიტირე... მეც ავდექი და ვიტირე ყველას დასანახავად, თითქოს ამით მოწყალებას ვითხოვდი ვინმესგან, ათასი უცნაური, გაშეშებული ადამიანისგან.
-რით დაგეხმაროთ გოგონა?
-მე არაფრით!
მხოლოდ ახლა მახსენდება ჩემი  ჩამოთხაპნილი მაკიაჟი და ცრემლებს ვიშორებ... ექსკალატორზე ჯარისკაცები ამოდიან,
 ექსკალატორზე ჯარისკაცები ჩადიან,
ქუჩაშიც ისინი დადიან, ქუჩის იქითაც...
 მე მეჩვენება თუ დღეს ყველა სამხედრო ფორმაშია?
 -უკაცრავად გოგონა იმ ბიჭებს რა აცვიათ?  ვეკითხები გამვლელს და ირგვლივ ვაცეცებ თვალებს, არ მპასუხობენ...  წუთით მახსენდება ის დრო, მან ჩემთან, რომ გადმოინაცვლა.  –„მთავარია კონცენტრაცია, შენი სულისა და სხეულის შესწავლა, მერე იმოგზაურებ რამდენსაც გინდა, იმოგზაურებ სადაც გინდა.“
ვჩრდები მთავარი პროსპექტის მთავარ მოედანზე... ყველგან ჯარისკაცები არიან, სხვადასხვა, ერთი ასაკის ბიჭები მოძრაობენ,  არ ჩერდებიან... ეს რაღაც ნიშანია, ვცდილობ კონცენტრაცია მოვახდინო, ვცდილობ გადავინაცვლო სხვა სივრცეში, რომ შორიდან მაინც მოვკრა თვალი.  არ გამომდის, არ მაქვს მეტი ძალა.  ფიქრი მეფანტება, არ ვიცი რაზე გავამახვილო ყურადღება. უცებ ვგრძნობ, ერთმა პატარა ბიჭმა, ჩემს სხეულში გაიარა. ოღონდ ეგ იყო, უცნაურად ეცვა. თან რაღაც წაიღო, ღმერთო ეს  რა იყო...
–შენ აქ ხარ? შეძელი და აქ ხარ? დახმარება გჭირდება, რომ ისუნთქო, იმოძრავო... წაიღე, გეხვეწები ყველა ენერგია წაიღე, იმდენი წაიღე რამდენიც დაგჭირდება. – ვფიქრობ ხმამაღლა და ჩემკენ მომართულ ათასგვარ მზერას ვგრძნობ.
 მერე ისიც ვიგრძენი, რომ გამჭოლი გავხდი და ყველა ვისაც ამ მოედანზე უწევდა გავლა ჩემს სხეულში გადიოდა.  ყველა ჩქარობდა და ყველა გახარებული მიდიოდა ჩემგან. უცებ ქალაქი გაშეშდა და მხოლოდ მე ვმოძრაობდი ამ ქალაქში, ყველაფერი უსულო იყო, მე დაცარიელებული, გამოფიტული და გახარებული, მგონია, ყველა ის ჩემი დადებითი ენერგია იმ ჯარისკაცს მივეცი, რომელიც სადღაც ჰოსპიტალში ებრძვის სიკვდილს.

***
სამსახურში რომ მივედი, ქალაქი უკვე თავის კალაპოტში იდგა. შეშინებული ვიყავი, თამთამ დამამშვიდა, ჩემმა თანამშრომელმა,– ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნერვიულობო. ღმერთო, რა გაცრეცილი სიტყვებია, რამდენმა ადამიანმა მითხრა ბოლო ორ დღის განმავლობაში. და რამდენს ვუთხარი მეც.  ნეტა რა იქნება კარგად.  არ ვიცი, რას ველოდები, ან მე, ან ისინი.
***
დაღამდა... დღეს ადრე დავწექი მინდა დამეძინოს, რომ არაფერზე ვიფიქრო. სიცხე მაქვს, წამდაუწუმ მეღვიძება, უფრო ვერ ვიძინებ... ვსვამ, წყალს. ერთ ჭიქას, ორს, სამს... მესიჯი მოდის,– ახალი ხომ არ იცი რამე? თუ რამეა გამაგებინე რა.  მეც უაზროდ ვკრიფავ დაზეპირებულ ფრაზებს და ვაგზავნი.
მეძინება, ისევ ზარი მაღვიძებს. ისაა  „მას რომ სამყაროზე მეტად უყვარდა.“  ცუდადაა, ნერვიულობს, განიცდის. სანთლებს დავანთებო, ეკლესიაშო წავალო.  არ იმსახურებდაო, - მეც ვეთანხმები.
 ისევ ვიძინებ, კიდევ ზარია... არ ჩერდება ტელეფონი, ჰგონიათ,  მე ვიცი, რა ხდება. აინტერსებთ, როგორაა,  უყვართ,  განიცდიან.  კარგად არის, კარგად იქნება, აი ნახავ, ვეუბნები და თვითონაც არ მჯერა ჩემი სიტყვების. მინდა დადებითი აურა შევუქმნა, არ მინდა ისედაც ცუდად მყოფი კიდევ ცუდი ფიქრებით დავამძიმო.

***
ხუთი დღე გავიდა, კარგადაა. მე მომწერაო, მითხრა ერთმა. მადლობა ღმერთს... მადლობა ღმერთს.

***
-სანთლები მინდა
-რამდენი?
-არ ვიცი, ბევრი, არ დამითვალოთ რა.
წვიმს, ბედობაა, თავშალს ვიკეთებ, პირჯვარს ვიწერ,  სანთლები ნელ ნელა იღვენთებიან... კედლებიდან მოწყალე თვალები მიყურებენ, მადლობა უფალო, მადლობა... გავდივარ, ვსველდები... მიხარია...

***
-საშ, როგორ ხარ, როგორ?
-არამიშავს სალ, ძლივს ლუღლუღებს ხმა
-მადლობა ღმერთს შენი ხმა მესმის, ვეუბნები და თვალები მიცრემლიანდება, არ ვიცი რა ვკითხო. ენა მებმევა. მეშინია კითხვების დასმის, – პასუხების უფრო.
-რამე გტკივაა? ვეკითხები და ვხვდები, რომ იდიოტურ კითხვას ვსვამ...
-ხომ ყველაფერი კარგად გაქვს?
-რა ვიცი სალ, რაც მაქვს ისიც სასწაულია.  ღვთის მადლია სალ.
ძლივს ლაპარაკობს... ჩუმად ვარ, არ ვიცი რა ვკითხო...
-ძალიან მიყვარხარ საშ,  შენს გვერდიით ვარ, თუ რამე შემიძლია.
სიჩუმეა...
-რატომ ვერ გხედავ, გაასწორე რა კამერა.
-არა, არ მინდა ასეთი დამინახო.
უცებ რაღაც ჩამწყდა გულში, მეტკინა ძალიან...
-რატომ? ვეკითხები უტიფრად
-დამწვარი ვარ!
ისევ სიჩუმე...
-მადლობა ღმერთს ცოცხალი ხარ, დანარჩენს ყველაფერს ეშველება, ვეუბნები და მიხარია. რომ მე თვითონაც მჯერა ამ სიტყვების.
–გენერალია მოსული, უნდა გნახოს, ისმის უცხო ხმა.
-ახლავე, პასუხობს ჩემი მეგობარი და მემშვიდობება.
-ღამე შემოვალ თუ დამელოდები.
-დაგელოდები აბა რას ვიზამ, აბა შენ იცი, ძალიან მიყავრხარ
-მეც მიყვარხარ,  მეუბნება და მიდის.
მიხარია, თან გული მტკივა უსაშველოდ, როგორი მილეული ხმა აქვს, რატომ არ დამენახა, დასახიჩრდა? დახეიბრდა? ყველაფერი კარგად იქნება, ვიმეორებ და თავადაც მჯერა ამ სიტყვების.
***
ბნელა...სიჩუმეა, ვიცი რაღაც უნდა მოხდეს, რამდენი ხანია ვიცი... ველოდები, იმას ველოდები რისიც მთელი ცხოვრებაა მეშინია... დროს ვერაფრით ვაჩერებ, ვერც ფიქრებს ვაჩერებ თავში... ირევიან... ბნელა... ჩუმად მივაბიჯებთ ხრიოკ მიწაზე... ბევრნი ვართ, ერთმანეთის გულისცემას ვგრძნობთ. ეს ჩვეულებრივი ამბავია ჩვენთის, დღეს სხვანაირადაა ყველაფერი, ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავი დღეს ყველაფერზე უჩვეულო და უცნაურია...  მერე აფეთქების ხმა ისმის... ძლიერი შუქია... საშინელი ხმაური... ინგრევა, ილეწება, იწვის, კვდება...
***
–პაციენტი კომაშია...
–რამდენი ხანია?
–ხუთი დღეა უკვე...
 არა, ახლა მე არ ვარ კომაში,  ყველაფერი მესმის, უბრალოდ ვერ ვხედავ. თვალები მაქვს დახუჭული და არ მინდა გახელა... ყველაფერი მეწვის, მთელი სხეული, სულიც... ღმერთო, რამდენჯერ უნდა განმეორდეს...  ერთი და იგივე კადრი მიტრიალებს გონებაში, მეხსიერებიდან ვერ ვშლი ხმაურებს, გაციებულ სახეებს, სისხლით დასველებულ ხელებს... ნათებას... მწველს, მხუთავს...
ცოცხალი ვარ,– ვფიქრობ და ვკვდები ისე მინდა თვალების გახელა, იქნებ წუთით მაინც შევძლო ამ ჯოჯოხეთს გავერიდო, არ მინდა დავინახო, მეათასედ ვიგრძნო...
ცოცხალი ვარ,– ყველაფერს ვგრძნობ, ყველაფერი მესმის, თვალის გახელის მეშინია. მხოლოდ...
ჩუმად ვარ... ხმა მესმის... თვალებს არ ვახელ  მეშინია ვერაფერი დავინახო...   

пятница, 13 января 2012 г.

დიასახლისი „ჩემი ცოლის დაქალებიდან:“ არ მინდა სერიალში ის ვიყო, რაც ცხოვრებაში ვარ!



 
 სალომე სორდია
 
გადაღებამდე ფუსფუსია, პავილიონში ხალხი ირევა: რეჟისორი, ასისტენტები, ოპერატორები, საგრიმიოროში მსახიობებს უკეთებენ გრიმს,- თბილად მხვდებიან, წამით მგონია, რომ ნინასთან მივდივარ სახლში, დაქალებიც აქ არიან, კატო იპრანჭება, თინა ჩანთას ეძებს გარდერობში, ვერ პოულობს... ნინას უხერხულობა ეტყობა, (სტუმარი ვარ მაინც) ყავას მთავაზობს, ან ჩაის... ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დოკუმენტურ ფილმს ვუყურებ სერიალზე, რომელიც ძალიან მიყვარს. 
 

 
დიახ, დიახ! ეს რუსთავი2 -ის ახალი სერიალი „ჩემი ცოლის დაქალებია." Geotime.ge-ს მასპინძელი, კი თავად ამ სერიალის დიასახლისი ნინა, უფრო სწორედ, მსახიობი ანი ტყებუჩავაა. 
 
პავილიონში ყვლას თავისი საქმე აქვს, გადაღება მალე უნდა დაიწყოს. რეჟისიორი გიორგი ლიფონავა, ბოლო მითითებებს იძლევა, რაღაც ძალიან კარგი აურა ტრიალებს. 
-„თქვენ დიდი ხანი დაგჭირდებათ? მეუხერხულება გალოდინოთ." მებოდიშება ანი. - არა, დიდ დროს არ წაგართმევთ, ვპასუხობ და ინტერვიუს ვიწყებთ. მალე საქმიანი რეჟისორი შემოდის,- „ცოტა ხნით უნდა შევწყვიტოთ ეს პროცესი", იღიმის და ჩემი რესპოდენტი გადასაღებ მოედანზე მიჰყავს, გადაღება დიდი ხანი არ გაგრძელდა, სულ რამდენიმე სცენა და ნინა ისევ ჩემთანაა. მაშ ასე ახლა ნამდვილად ვიწყებთ! 
 
-ანი სერიალი დიდი ხანი არაა, რაც ეთერში გადის, თუმცა ხალხმა მალევე აიტაცა, როგორ ფიქრობ, რატომ?
 
 
-კი ყველა „ჩემი ცოლის დაქალებზე" საუბრობს. მეც ვერ გამოვდივარ ამ სერიალიდან, სულ ამაზე მიწევს საუბარი, ყველას რაღაც კითხვა აქვს, ყველა დეტალი აინტერესებთ. მეკითხებიან ბავშვებზე, ქმარზე, დედამთილზე, გოგოებზე. არ ვიცი, რა გითხრათ, რომ გიპასუხოთ,- ამ სერიალში იმდენი შრომა და ენერგია ჩადებული შესაბამის რეზულტატს ვიღებთთქო სწორი იქნება, მაგრამ ასე იშვიათად ხდება ცხოვრებაში, შეიძლება ძალიან ბევრი იწვალო, მაგრამ შედეგი არ მოჰყვეს. ვფიქრობ, ამ სერიალის წარმატების მთავარი პირობა სწორად შერჩეული თემა, მოვლენები და ამბებია. სერიალი მთლიანად დღევანდელობის ანარეკლია და მაყურებელი ჩვენს გმირებში, ალბათ, საკუთარ თავს, მეგობრებს, ან ახლობლებს ხედავს. 
 
-როგორც ვიცი, თქვენი კინოდებიუტი, გიორგი ლიფონავასთან შედგა ფილმში „ჭამა და სექსი" იქამდე რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებში?
 
-მხატვრული ფილმის დებიუტი გიორგისთან შედგა. მანამ რაღაც სეზონი, სერიალ „შუა ქალაქში" გავატარე. რაც შეეხება იმას, თუ რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებში, გეტყვით,- ბევრი რამ. ჯერ თეატრში ვიყავი, შემდეგ რეალით შოუ „დასში" ვიღებდი მონაწილეობას, რუსთაველის თეატრში გავატარეთ ორი სეზონი. შემდეგ ნანუკა ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ბავშვი „დასიდან" ათონელის თეატრში მიგვიწვიეს. გამოვიყენეთ ეს შემოთავაზება და სპექტაკლიც დავდგით. სანდრო კაკულიას პიესის „სახურავის" მიხედვით. მთელი დასი, ენთუზიზმზე ვმუშაობდით. ძალიან შეკრული ერთიანი და კარგი გუნდი ვიყავით და დაშლა არ გვინდოდა. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდით ყველა შესაძლებლობა გამოგვეყენებინა. ბოლო წლები, სპექტაკლები გაიშვიათდა, ხან რემონტი იყო, ხან რაღაც სხვა პრობლემა, დიდი ხანი არ გვქონია სპექტაკლი, ვხუმრობდით კიდეც, ეს სპექტაკლი მეორედ, რომ დაინიშნოს უკვე ასაკში ვიქნებით და ვერ ვითამაშებთო. შემდეგ დასიც დაიშალა, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად, ზოგმა სხვა საქმეს მოჰკიდა ხელი. შემდეგ პაუზა დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, არაკარიერული, უფრო პირადი და დროც არ მქონდა რამეზე მეფიქრა. 
 
-ახლა თუ მუშაობ, რომელიმე თეატრში?
 
-არა ახლა თეატრში არ ვარ, ეს ტკბილ მოგონებად დარჩა. მართალია არის, რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ ჯერჯერობით, მირჩევნია ეს საქმე გავაკეთო ბოლომდე. თეატრს ძალიან ბევრი რეპეტიცია სჭირდება და ეს ჩემთვის ამ ეტაპზე რთულია. 
-ფილში „ჭამა და სექსი" შენ და ლევან ყოჩიაშვილი მეუღლეებს თამაშობდით, აქაც ერთად აღმოჩნდით...
-კი, იმ ფილმშიც მე და ლევანი ცოლ-ქმარს ვთამაშობდით, ალბათ იქიდან გამომდინარე აიგვირჩიეს აქაც წყვილის როლში. ჩვენი ოჯახის იდეა, უფრო „ჭამა და სექსიდან" დაიბადა. 
 
-პროფესიით კინომსახიობი ხარ, თუ თეატრის?
 
-ჩვენთან კინოს ფაკულტეტი ცალკეა, მაგრამ დიპლომში მაინც დრამისა და კინოს მსახიობი იწერება. ეს, ალბათ, მხოლოდ საქართველოში ხდება, თორემ თეატრი და კინო აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა. ეს ჩვენ ვართ, ზოგადად ქართველები ძალიან ნიჭიერები, უცებ ვახერხებთ საჭირო ადგილზე ყოფნას და იქაური ქუდის მორგებას, სადაც ვიმყოფებით. ახლა ვნანობ, რომ მესწალა, ალბათ, თითოეული დეტალით უფრო მეტად ვისიამოვნებდი. ადრე სერიოზულად არ აღვიქვამდი სერიალებს, ზედაპირულად ვუყურებდი. თეატრი მაინც სულ სხვაა სამყაროა, უფრო ცოცხალი, იქ თითქოს პირდაპირ ეთერში მიდის ყველაფერი. 
 
-თეატრისა და კინოს გმირები, რამდენად განსხვავებულები არიან მსახიობისთვის, რომელიც ორივეგან განასახიერებს მათ?
 
-თავად გმირს გააჩნია. თეატრში სხვა მაშტაბებზეა საუბარი. გამომხატველობა, ემოციის დონე, ყველაფერი სხვაა. გმირი სცენაზე, იმდენად გამჭოლია, რომ მისხალი სიყალბეც არ შეიძლება. მაშინვე იგრძნობა, სულ რომ არაფერი შინაგანი ენერგიითაც ხვდება მაყურებელი, თუ ატყუებ. კინოში ენერგიაზე არცაა საუბარი, - იქ დუბლიდან დუბლზე გადასვლისას, შეგიძლია შეტრიალდე და იმაიმუნო კიდეც. სულ სხვა სპეციფიკაა, სხვადასხვა რაღაცეებზე ხარ დამოკიდებული.
 
-ნინა თუ გგავს?
 
-ძალიან არ მინდა სერიალში, ის ვიყო, რაც ცხოვრებაში ვარ. ვცდილობ, ისეთი შევქმნა, როგორიც შეიძლებოდა ვყოფილიყავი, მაშინ თუ ნინასნაირი ცხოვრება მექნებოდა. ჯერ მეშვიდე სერიაა და საბოლოოდ კიდევ არ ვართ ჩემოყალიბებული ჩემ გმირზე, მაგრამ მაინც მინდა იქითკენ წავიყვანო, დაახლოებით, თუ როგორი იქნებოდა ნინასნაირი გმირი. ვიცი ქართველ გოგოებში ძალიან ბევრია. მეც შეიძლება იმ ასაკში რომ გავთხოვილიყავი, არ ვყოფილიყავი, ანი და ვყოფილიყავი ნინა, ზუსტად ეგეთი ვიქნებოდი თქვენ წარმოიდგინეთ. 
 
-კარგად გაქვს მორგებული დიასახლისის როლი, როგორ ფიქრობ, გამოიყენებ იგივე სიტუაციში შენი გმირის თვისებებს, შეიძლება ითქვას პრაქტიკას გადიხარ...
 
-კი, რა თქმა უნდა გამოვიყენებ, ჩემი გმირი მაძლევს ამის გამოცდილებას, აქ უფრო მიწევს იმ საკითხების ჩაღრმავება, რასაც გათხოვილი ქალი უნდა ითვალისწინებდეს. როლზე მუშაობის დროს ვსწავლობ რაღაცეებს, თუნდაც მოქმედება, საქციელი, დამოკიდებულება, აქ უფრო მიჩნდება კითხვები, უფრო ვხვდები, რომ ყველაფერი მთლად „ისე" არ არის.
 
-სერიალს, მსახიობისთვის ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობა მოაქვს, შენ თუ გცნობენ ქუჩაში და როგორ გ ამოხატავენ ამას?
 
-კი, ძალიან ხშირად. თან ვატყობ, დღითი დღე უფრო იზრდება ეს პროცესი, ადრე „დასიდან" მცნობდნენ. ზოგადად ასეა, თუ პროექტი ამართლებს, ნელ-ნელა ყველა ოჯახის წევრი ხდები. ახლა ჩემს უკან სულ მესმის ხმები, - „ჩემი ცოლის დაქალებიდანაა." თან სასიამოვნოა, თან ცოტა არაკომფორტული. ისეთი რეჟიმი მაქვს, სულ მოუწესრიგებელი მიწევს სირბილი, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ყურადღების ცენტრში ხარ. თბილისი პატარა ქალაქია და ამ მხრივ, დისკომფორტი გექმნება. 
 
-რა მოაქვს პოპულარობას შენთვის?
 
-ჯერჯერობით საჩუქრები, მსიამოვნებს, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, კარგია. თუ კარგად გცნობენ, მაგას რა ჯობია. თუმცა ეს სულ თვალიერების პროცესი დამღლელია. აინტერესებთ ცხოვრებაში როგორი ხარ, -„ უი პატარა ყოფილა, უი სხვანაირია, ასეთია, ისეთია და ა.შ. საყიდლებზე, რომ დავდივარ, ყველგან ფასს მიკლებენ. მჩუქნიან რაღაცეებს, ძალიან საყვარლები არიან. ყველას უნდა სითბო და ყურადღება გამოხატოს. ამას ადრე ჩემი მეგობრები, რომ ამბობდნენ მეცინებოდა, მაგრამ ახლა მეც ვვარდები უხერხულ მდომარეობაში. 
 
- ხშირად სერიალის მსახიობი, რაღაც „იარლიყს" იკრავს, რის შემდეგაც რთულია, რამე სერიოზული როლის მიღება, შენ არ გეშინია „დიასახლისის იარლიყი," რომ მიგეკრას?
 
-ამაზეც მიფიქრია, მაგრამ ახლა ეს ეტაპია ჩემს ცხოვრებაში. ჩვენი მაყურებელი ნელ-ნელა იზრდება და არ მინდა მაგაზე ფიქრი. ბარემ ამას გავაკეთებ ბოლომდე და იმედია კიდევ მომეცემა საშუალება განსხვავებული როლები ვითამაშო. ძალიან მინდა თრილერში ან დეტექტივში გადამიღონ, მომწონს ჰოლივუდური ფილმები. ისეთი აი, იარაღიანი ქალები, რომ დარბიან.
 
-საოცნებო რეჟისორი, თუ გყავს ვისთანაც, ასეთ გმირს ითამაშებდი?
 
-არსებობს რეჟისორების ორი კატეგორია: პირველი, ვისთანაც მიდიხარ და ხვდები, რომ ძალიან ბევრი გისწავლია და მეორე,- ვისთანაც მიდიხარ და გეშინია, ხვდები, რომ არაფერი იცი. შენსას, ყველაფერს, რომ იყენებ და თან ისიც, რომ გზრდის. დღეს ყველა ასეთი რეჟისორი ჩემთვის საოცნებოა, ვისგანაც იმაზე ბევრს ვისწავლი, რაც ვიცი, ვინც დამეხმარება გავიზარდო, როგორც მსახიობი და როგორც ადამიანი. 
 
-რა დამოკიდებულება გაქვს ცხოვრებაში „რძალდედამთილობის ინსტიტუტთან"?
 
- ძალიან კარგი, უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ უნდა მქონდეს კონფლიქტი და მიქმნიდეს დისკომფორტს ის ადამიანი, რომელმაც ის მამაკაცი გაზარდა და ჩამოაყალიბა, რომელიც მე მიყვარს და ცოლად მივყვები. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ მამაკაცის ცხოვრებაში მეუღლე ყოველთვის პირველ ადგილზეა და ასეც უნდა იყოს.
 
-შენ არ ფიქრობ ოჯახის შექმნაზე?
 
-არა, ჯერჯერობით, შეყვარებულიც არ ვარ. 
 
-ცხოვრებაში, თუ მეგობრობ სერიალში შენს დაქალებთან?
 
-რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გოგოები არიან. დიდად არ გვანან, იმ გმირებს, მაგრამ თავიანთი დადებითი თვისებები, მაინც აქვთ ჩადებული თავიანთ გმირებში. გვენატრება ხოლმე ერთმანეთი, რამდენიმე დღეც, რომ გავიდეს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მეგობრობის თამაშის დროს, რამე საფუძველი თუ არსებობს, უკეთ გამოვა. კარგი კომფორტია მსახიობისთვის.
 
-რაც შეეხება ბავშვებს, როგორი პარტნიორები არიან ისინი?
 
-ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, ცოცხალი და მოძრავი. ისე როგორც ჩვენ, ისინიც დილიდან საღამომდე გადაღებაზე არიან. ჩვენსავით იღლებიან და ეს ძალიან ბევრი მათი ასაკისთვის. ვცდილობთ, გავამხიარულოთ. ბევრ დუბლებთანა კი არის დაკავშირებული და რათქმაუნდა, ყოველთვის ჯობია შენი ტოლი პარტნიორი გყავდეს, მაგრამ ზოგი დიდიც არა არის კარგი პარტნიორი.
 
-როგორ შეარჩიეს ისინი?
 
-ქასთინგით, ქეთა ისეთი ტიპია, რომ როგორც კი მოვიდა ქასთინგი შეწყდა. ძალიან სხვანაირი ბავშვია, უჭკვიანესი. გიოც ქასთინგით შეარჩიეს, 21-ე საუკუნის ბიჭი გვინდოდა, არაქართული აზროვნებით. 
geotimes.ge
2012.01.13 17:13

среда, 11 января 2012 г.

თათა ჯაში: ადრე ცეკვით ვსუნთქავდი, ახლა მის გარეშე მიწევს არსებობის სწავლა



 სალომე სორდია

გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ბალერინა და მოდელი თათა ჯაში, რამდენიმე დღეა საქართველოში დაბრუნდა. სამწუხაროდ, მან მძიმე ტრამვა მიიღო და დროებით ბალეტზე უარის თქმა მოუწია, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება მისი სამშობლოში დაბრუნებაც
„ცეკვა ჩემი ცხოვრების ნაწილია, ნებისმიერი ემოციის გადმოცემის, საუბარზე დიდი და ძლიერი საშუალება. ნაწილი, რომელიც მუდამ იქნება ჩემი ცხოვრების თანმდევი მოვლენა. სამწუხაროა, რომ თუ ადრე ცეკვით ვსუნთქავდი, ახლა მის გარეშე მიწევს არსებობის სწალა."- ამბობს Geotimes.ge -სთან საუბარში ბალერინა.

-თათა, რას საქმიანობ ამჟამად და როგორია შენი უახლოესი გეგმები?

-ამჟამად PR-ის სფეროში ვარ დაკავებული და პარალელურად, ვაგრძელებ მუშაობას სიმღერასა და კინოში.

-რა სახის კინოპროექტები გაქვს დაგეგმილი და რაც შეეხება, სიმღერას ადრეც მოღვაწეობდი ამ სფეროში?

-სიმღერას სულ რაღაც ერთი წელია მოვკიდე ხელი, მომზადება დავიწყე და წინ კარგადაც მივდივარ. იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე ამ სფეროში უფრო გავიღრმავო ცოდნა. კინოს რაც შეეხება, რეჟისორის თანხმობის გარეშე არ მაქვს პროექტებზე საუბრის უფლება.

-ქართველ რეჟისორზეა საუბარი?

-ქართველ და აზერბაიჯანელ რეჟისორებზე.

-რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შენი კინოდებიუტი ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმ „დავიწყებულ მეფეში" შედგა, როგორ მოირგეთ ფილმში თქვენი როლი?

-მშვენივრად, ამ ფილმზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, თუმცა იქამდე უკვე მქონდა გამოცდილება დოკუმენტურ ფილმში „Aida," რომელიც ბაქოში გადაიღეს და მთავარი როლი შევასრულე. „დავიწყებული მეფე" ჩემი პირველი მხატვრული ფილმი იყო.

-ფილმში დედოფალს თამაშობ, დედოფლობა ცხოვრებაშიც არ გაკლია, მოდი შენი სამოდელო კარიერა გავიხსენოთ, რომელსაც როგორც ვიცი, თავი 20 წლის გრანდიოზულ იუბილეზე გამოემშვიდობეთ, მართლა დაასრულეთ ამ სფეროში მოღვაწეობა თუ არ გამორიცხავთ, რომ ისევ დაბრუნდეთ?

-მართალია, 20 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ ჩემი პროფესიული ზრდისთვის საჭირო იყო მოდელობისთვის თავი დამენებებინა, რადგან გადაღებებს ბევრი დრო და ენერგია მიაქვს. გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ვფიქრობ, მუშაობას, როგორც ფოტომოდელი უფრო გავაგრძელებ, ვიდრე პოდიუმზე.

-შენს მოდელად ჩამოყალიბებაში, რამდენად დიდი როლი ითამაშა ლიკა ყაზბეგმა? (ცნობილი ქართველი დიზაინერი ლიკა ყაზბეგი თათას დეიდაა.)

-საკმაოდ დიდი. ყოველთვის ძალიან დატვირთული ვიყავი საბალეტო სფეროში, ამიტომ რომ არა ლიკა, თავად არც მოვინდომებდი დამატებით, სხვა, სფეროში მეცადა ბედი, დაინტერესება მისგან მოდიოდა, სწორედ მისი დახმარებით გავხდი მოდელი.
-და საკმაოდ წარმატებულიც, „მის მსოფლიო დედოფლის" კონკურსზე გერმანიში წარმოადგენდი საქართველოს...

-დიახ, ეს 2009 წელს იყო „The queen of Georgia"-დ ამირჩიეს. ბერლინში გამართულ კონკურზე ათეულში მოვხვდი და მეექვსე ადგილი მოვიპოვე.

-როგორი გრძნობაა, როცა შენს ქვეყანის მსოფლიო სილამაზის კონკურზე წარდგენა?

-ძალიან ამაყი ვიყავი, რომ იმის ბედნიერება მქონდა საქართველოს სახელით წარვმდგარიყავი, რადგან იქამდე, როგორც ბალერინას, ყოველთვის გერმანიის სახელით მიწევდა მოღვაწეობა.
-ბალერინა ვახსენეთ, შენი პირველადი პროფესია, როგორც ვიცი, განათლება „Staatliche ballettschule Berlin"-სა და „Uni of Ernst Busch"-ში მიიღეთ. გერმანიაში „Shtads operashi" მუშაობდით?

-დიახ,განათლება გერმანიაში მივიღე და იქ დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბალერინად ვითვლები. ახლა, სამწუხაროდ, ტრამვა მაქვს და საბალეტო კარიერას ვერ ვაგრძელებ. 

-ტრამვა სერიოზულია, დიდი ხანი ვერ შეძლებ ცეკვას?

-კი საკმაოდ, ხერხემლის ტრამვა მივიღე. არ ვიცი, შეიძლება მოდერნის ცეკვა გავაგრძელო, თუმცა ბალეტზე, ჯერჯერობით, არაფრის თქმა არ შემიძლია.

-იმედია ყველაფერი კარგად იქნება, მითხრეს გერმანიაში ანგელა მერკელის საყვარელი ბალერინის სტატუსი აქვსო.

-დიახ, პირადადაც ვიცნობ, ძალიან მოსწონს ჩემი ცეკვა, მის ყველა წვეულებაზე მიწვევდნენ საცეკვაოდ.
-ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ხატავ, თვითნასწავლი მხატვარი ხარ?
-არა, მერაბ ბერძენიშვილის ცენტრში დავდიოდი, რამდენიმე თვე, სამწუხაროდ დიდხანს არ მივლია გერმანიაში მომიწია წასვლა. ამ პერიოდში მაინც მოვასწარი ბერძენიშვილის საყვარელი მოსწავლის სახელი მომეპოვებინა.

-ოჯახში გყავთ ვინმე ხელოვანი?

-დედაჩემია ხელოვნებათმცოდნე ჩემსავით, ფანტასტიკურად უკრავს ფორტეპიანოზე და შესანიშნავად მღერის.


-შენც ხელოვნებათმცოდნეობაზე სწავლობდი?


-კი, ბერლინში დავამთავრე.

-შეიძლება ითქვას, რომ რასაც ხელს კიდევ ყველაფერი გამოგდის? პიარმა როდის დაგაინტერესა?
-არ ვიცი, რა გითხრათ. პიარი ყოველთვის მაინტერესებდა თან სულ მინდოდა ყოველდღიური სამსახური მქონოდა, ოფისი და ა.შ.

-ვინც არ გიცნობს, როგორ დაახასითებ შენს თავს, რამდენიმე სიტყვით?
-სიმართლე გითხრა, არ მეხერხება საკუთარ თავზე საუბარი, თუმცა ვიტყოდი, რომ უზომოდ მეგობრული ვარ და სამწუხაროდ, გულიბრყვილო. სულ იმის მეშინია არავინ გავანაწყენო და ამის გამო, ხანდახან ჩემს თავსაც ვაყენებ ზიანს. ეს ადრე ჩემი დადებითი თვისება მეგონა. ახლა ვფიქრობ, ეს ჩემს სისუსტეზე მეტყველებს და ამიტომ მინდა გავძლიერდე.

-საქართველოში ამჯერად დიდი ხნით რჩები?

-კი დიდი ხნით.

-ბოლოს,ფიქტიურად ხელის მოწერის გამოცდილება გაქვს,(ლიკა ყაზბეგის მიერ გამართულ საქორწინო კაბების ჩვენების ბოლოს, შოუს ფარგლებში შედგა იმედა არაბულისა და თათას ფიქტიური ხელისმოწერა) არაფიქტიურად, ხომ არ გეგმავ იგივეს განმეორებას?



-არა, შეყვარებული არ მყავს და ამჯერად, მთლიანად კარიერაზე ვარ კონცენტრირებული.

                                                                                                   
geotimes.ge
2012.01.11 17:40

пятница, 6 января 2012 г.

სთქვა ყოვლისმქნელმან იქმნენ ქალაქნი და უმალ აშენდა ლაზიკაი კოლხეთსა ზედა....



იაპონიაში ქალაქი-კიდობნების მშენებლობას იწყებენ. ეს იქნება მცურავი კუნძულები, რომლებიც  ოკეანის ზედაპირზე იქნება აღმართული.
კუნძულები წყნარი ოკეანის შუაგულში  წამოიმართებიან. თითოეული მათგანი უზარმაზარ პლატფორმაზე იქნება  დაშენებული. ეს გიგანტი კუნძულები, დაახლოებით 10 000 -დან 50 000 ადამიანს დაიტევს. თითოეული კუნძულის წონა,  დაახლოებით 11,000 ტონა იქნება. ხელოვნური კუნძულის შუა ნაწილში განთავსებული იქნება ცათამბჯენები, მის გარშემო აშენდება „მწვანე ქალაქი“, განთავსდება პარკები და ბაღები. ასევე სახნავი და სათესი მინდვრები. თავად ნაგებობები  დამზადდება ისეთი, მსუბუქი შენადნობებისაგან, როგორიცაა მაგნიუმი.  ცუნამისგან თავდასაცავად კიდობნების ირგვლივ გაკეთდება მცირე ჯებირები, თუმცა, როგორც აღნიშნავენ შუა ოკეანეში დიდი ტალღების საფრთხე ნაკლებადაა. იდეის ავტორების გამოთვლებით პირველი კუნძულის მშენებლობა 2025 წელს.  
იაპონია სტიქიური უბედურებებისგან დაუცველი ქვეყანაა, იქ მუდმივად ხდება სტიქიური კატასტროფები, ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ ხალხს „კიდობნების“ აშენების  იდეა გაუჩნდა.
აი ჩვენს პრეზიდენტს კი საიდან მოსდის ამდენი გენიალური იდეა ერთად ვერა და ვერ ვხვდები, რომელი ერთი ჩამოვთვალო არ ვიცი ამიტომ რახან მშენებლობაზე ჩამოვარდა საუბარი მარტო ერთს შევეხები, მართალი გითხრათ ამ ამბავმა პრეზიდენტ სააკაშვილის „ქალაქთმშენებლობის“ იდეა გამახსენდა. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი სამეგრელოში ახალი ქალაქის „ლაზიკას“  მშენებლობას იწყებს.  ქალაქის მშენებლობა, ჭაობიანი მინდვრების ამოშრობის შემდეგ დაიწყება.
"იმათ არ დაგვიჯერონ, მაგრამ ვისაც გვჯერა, მოდი ყველა გაგვატარონ, რადგან ამ დღეებში შევდივართ იქ ჭაობების დასაშრობად, შევდივართ ტექნიკით, გვაქვს გეგმები, მუშაობენ მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორები. ლაზიკა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი კი არ არის“ -განაცხადა ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა.  ლაზიკას ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე, აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ მომავალი ლაზიკას ფოტოების პროტოტიპები
არა რას ბრძანებთ ბატონო პრეზიდენტო, ეგ თქვენი ფანტაზიის კი არა იაპონელების ფანტაზიის ნაყოფია და გეგმები რომლებიც თქვენ გაქვთ ძალიან ჰგავს, იმ იაპონელების გეგმებს, რომლეთა საუკეთესო არქიტექორებიც „კიდობანებს“ აშენებენ. ისინი სტიქიური უბედურებებს კი გაურბიან, მაგრამ თქვენ რა მიგარბენინებთ ამ ჭაობებში არ ვიცი.
ლაზიკას იუსტიციის სახლი
იაპონელები ოკეანეში ააშენებენ მცურავ კუნძულებს, მოდი ბარემ თქვენც არ დააშროთ ის ჭაობები, დააშენეთ ზედ „ლაზიკა.“  დადგით იმ ლაზიკაში ერთი დიდი ტახტი, მოასკუპტით იმ ტახტს და სამუდამოდ გაიდგათ ფესვები,  ისედაც ამ მდგომარეობაში ხართ უკვე რამდენი წელია, და მოდი ბარემ რეალურ ჭაობში გადაინაცვლეთ, მეტი მყუდროებისთვის.  არა, მაინც  ვერ ვხვდები რით ვერ იძირება ეს კაცი. მიდით ააშენეთ „ლაზიკა“  ზუსტად ისეთივე „მწვანე ბაღებით“ იაპონელებს რომ უნდათ თავიანთი კუნძულებისთვის. იქამდე კი, ჩვენ ვინც უკვე აშენებულ ქალაქებში ვცხოვრობთ დავტკბებით თქვენი „აღმშენებლობით“, დავტკბებით თქვენი 20 ლარიანი ვაუჩერებით, თავისუფალი მედიის ცქერით,გაღლეტილი მინისტრების საცოდაობით, დაუვიწყარი გამოსვლებით, დაუსრულებელი მიტინგებით და თქვენი დიდებული ლექსიკური მარაგის სმენით.... რავიცი კიდევ ათასი რამეა, რითაც შეიძლება გავერთოთ „აღმშენებლობამდე“         
ისე, ბატონო პრეზიდენტო ქალაქის ძირითადი ნაწილი 1300 ჰექტარი იქნება და მთლიანი ქალაქი 3000 ჰექტარზე მეტიო რომ იძახით, ნეტა არ უფიქრდებით? თქვეენ ბატონო პრეზიდენტოოო? როგორ გეკადრებათ თქვენ 3000 ჰექტარი, მთელი საქართველო არ გყოფნით და დავიჯერო 3000 ჰექტარზე დაეტევიით? ნუუურას უკაცრავად, გადათელეთ ის მთელი არქიტექტურა,  ზუგდიდიც მიაყოლეთ ზედ, ეგერ დადიანების სასახლეებით და ბოტანიკური ბაღებით, რაში გვარგია როო? რათ გვინდა მაინც არავინ უვლის და მხოლოდ ძროხები დადიან იმ ბაღებში,  როგორც ვიცი უკვე დაგიწყიათ  ეს პროცესი   და ბარემ ბოლომდე მიიყვანეთ, მერე ბატონო პრეზიდენტო, რომ დაანგრევთ ამ გახუნებულ ქალაქებს ახალი ევროპული ლაზიკა წამოჭიმეთ. თქვენი და ჩვენი „ქართველი ხალხის“ ოცნების ლაზიკა...
იყო იგი მეფეთ მეფე, ქალაქთმშენებელი და  აღაშენა მან ქალაქნი ესე კოლხეთსა ზედა, ესე ქალაქი ოცნებისა, ბრბოდქმნილი ხალხის, მიწაზედა ძველი ლაზეთის, აშენდა ესე ქალაქი-  „ლაზიკა“
არა, არა სთქვა ყოვლისმქნელმან იქმნენ ქალქნი და უმალ აშენდა ლაზიკაი კოლხეთსა ზედა....

  იფ რა კარგი იქნებაა....არა, მართლა კარგი იქნება ბატონო პრეზიდენტო....










p.s: რომ ამ გაჭირვებისა და სიღატაკის ზღვარზე ეს სიამოვნება  900 მილიონი ლარი  არ ჯდებოდეს.

четверг, 5 января 2012 г.

ასეთი რაღაცეები დანერგეთ, თქვე დალოცვილებო ეს ნაგვის დენზე მიბმა რაღაა


მოკლედ, გილოცავთ ახალ წელს და გაცნობებთ, რომ სხვა ყველაფერ სიკეთესთან ერთად, საქართველოში  ახალი, ერთობ სასიამოვნო მეთოდი დაინერგა, (სასიამოვნო, თუ ჭყლეტვა– გლესას არ ჩავთვლით, რათქმაუნდა :) ეს არის საერთაშორისო დღესასწაულების აღნიშვნის ახალი მოდა, რომლის ჩვენებაც ხშირად ბათუმის პიაცაზე,  ამ ბოლო დროს ანაკლიაში, მომავალში ლაზიკაში, იქამდე თბილისში და 7 იანვარს გლდანში გაიმართება.
დიახ, დიახ ეს საყოველთაო ზეიმია, რომლის ტრადიციაც საქართველოში მიშამ და რუსლანამ  დანერგეს.   რუსლანას შაკირა მოჰყვა, შაკირას ტოტო კუტუნიო, ტოტოს პლასიდო დომინგო, ანდრეა ბოჩელი, კრის დე ბურგი, სტინგი, ბრაიან ადამსი, იგლესიასების ოჯახი, მალე ელტონ ჯონი გვესტუმრება  და შემდეგ, რავიცი გამოჩნდება ვინმე ალბათ...
 ეს „უდიდესშემსრულებელთა ჩამოყვანამანია“ მალევე  დაიხვეწა და ახალი მახასიათებელი დაემატა, – ყველა ჩამოსულ მომღერალს გვერდზე, ჩვენი სცენის დედოფალი, სოფო ნიჟარაძე უნდა ედგას, არა საწინააღმდეგო რა გვაქვს, სცენას ნამდვილად უხდება და  მღერის კიდევაც დუეტებში, რა ვიცი.
მოდი, ბარემ ახალი წელია და  არ დავიწყებ ახლა, რას გვიშვება ეს მთავრობა, ნახევარი წლის ბიუჯეტი გაატანა ხულიოს, მაგის პიაცაზე გამართული კონცერტი გაგვაძღობს მე და დევნილებს,  ვაუჩერები დაერიგებინათ არ ჯობდა მეთქი... და ეგეთ რაღაცეებს.
ბოლოს და ბოლოს, ყველა გზა კუჭზე ხო არ გადის კაცოო, რომ არა რუსლანა ვინ მოგვილოცავდა 2005 წლის 26 მაისს,რომ არა  ბათუმი სხვაგან სად „ჩაკოცნიდა“ თამუნიას ენრიკე,  რომ არა შაკირა ვინ „აჰყრიდა“ რიყეზე „ტლანკებს,“  არა მართლა,  მართლა... J   ახლა არ ვხუმრობ, მომწონს....  რა ჯობია დომინგოს შესრულებული „ნანას“ მოსმენას, ან ტოტო კუტუნიოს „სულიკოს.“  უი, ხოო... კუტუნიოზე გამახსენდა,  ეს ვიდეო, ბოლომდე ნახეთ ბარემ, და იქნებ ეს ქალბატონი იპოვოთ და დაპატიჟოთ ამ  კონცერტზე გაუხარდება, თან ხიბლავს სევდიანი მუსიკა. 


სევდიანი მუსიკები მხიბლავს, იქით იყოს და თუ იცით, ტოტოს  რომ საქართველო შეყვარებია? პრინციპში ვის არ უყვარს, მაგრამ ამას ისე ძალიან შეყვარებია, ისე ძალიან, რომ ამ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ადგება იმ დალოცვილი იტალიიდან და პირდაპირ გლდანის პარკში ჩამოფრინდება, რა მაგარია არაა? ჩემი და ვანოს გლდანში იმღერებს, რას წარმოვიდგენდით ააშენა ღმერთმა ქალბატონი ნატალია კვანტალიანი, „გლდანის ტბის“ დამფუძნებელიც ის ყოფილა და  კონცერტისთვის საჭირო ძირითადი ფინანსური ხარჯები მას გაუღია.
მერია ამჯერად,  მხარდამჭერია და საკუთარ თავზე მხოლოდ ტექნიკურ უზრუნველყოფას იღებს. ტოტოს ჩამოყვანაზე „ისტერნ პრომოუშენსაც“ უარი უთქვამს ორჯერ უკვე ჩამოვიყვანეთო ჩვენ ეგო. ახლა ელტონის ჯერია ჯონისო, მართლებიც არიან,  პრინციპში „ისტერნში“ რა იციან გლდანში, როგორ გვიხარია ყველაფერი.
  
(ჰუჰ, გავაგებინო ერთი ჩემს მეზობელ ჯულის,  გაიკეთებს თავის საფირმო ვარცხნილობას და დახვდება ტოტოს, თან დატკბება და თან ბოთლებს მოტეხავს, ბლომად იქნება მგონი, თან  წაადგება საშობაოდ, თან გაერთობა ცოტას.
სხვათა შორის, ძვირფასო მკითხველო, ბოთლების შეგროვება და სახლში მიტანა ჯულის ჰობი სულაც არ არის, უბრალოდ, ასე შოულობს ერთ–ორ კაპიკს,  დევნილია, ჩვენს კორპუსში ცხოვრობს, ბორდელის გვერდზე, რადიო აქვს სახლში, არ მუშაობს (რადიო არა ჯული) და გუშინ დენზე მიბმული ნაგვის გადასახადი მოუვიდა 90 ლარ... ეეეჰ, ჯული... ჯული... არც ქმარი ჰყავს და არც შვილი,მაგრამ კორპუსში ყველა ბავშვს ის ზრდის, კაი ქალია, უცნაური დიდად)
  მოკლედ, მივედე მოვედე, გადავედე და დავუბრუნდი ბატონ ტოტოს, რომელიც იმდენჯერ გვესტუმრა, რომ თუ ეს ამბავი ჩევენი პრეზიდენტის ყურებამდე მივა, ჩამოგვირბენს გლდანის პარკში, გზად ოპერატიულად წაართმევს ვინმეს მოქალაქეობას, ავარდება გლდანის პარკის  სცენაზე,  წაუცეკვებს ცოტას,  შემდეგ ტოტოს  „დაებაზრება“ იტალიურად და ბოლოს საზეიმო ვითარებაში, ფოდნოსზე დადებულ საქართველოს მოქალაქეობას მიართმევს...  (მიყვარს ტოტო ბავშვობიდან ვუსმენდი, მაგას და ლარისა დოლინას... ტელევიზორში ლარისას გარდა არაფერი გადიოდა, და პლასტინკაზე მარტო ტოტო გვქონდა, რატომღაც ჩაწერილი.)  
–იიიფ, რა სცენარიაა?
– აბაა,  გასაოცარი...
  ნეტა ლარისა დოლინას, რომ  ვთხოვოთ არ ჩამოვა? თუ მოკვტა ეგ?
ჩემი ლარისაა ეგი დოლინა


среда, 4 января 2012 г.

რუსი ჯარისკაცი „აგვისტოს 5 დღიდან“: ჩვენთანაც არიან საინტერესო რეჟისორები და უცხოელებსაც ჰყავთ ბევრი „უნიჭო"


  

კინოში პირველ ვიზიტზე, ინდური ფილმი ნახა, მაშინ სულ სამიოდე წლის იყო, მაგრამ მკაცრად გადაწყვიტა, რომ თავადაც იგივე უნდა გაეკეთებინა, რასაც ამ უზარმაზარ ეკრანს მიღმა, „დისკოს მოცეკვავეები" აკეთებდნენ. მას შემდეგ, დიდი დრო გავიდა, ინდურ ფილმში ჯერ არ უთამაშია, მაგრამ ჩეჩნურ, ქართულ, გერმანულ და ჰოლივუდურ ფილმებში ძალები უკვე მოსინჯა. 
Geotime.ge-ს დღევანდელი სტუმარია მსახიობი ლაშა კანკავა, რომლის ფილმოგრაფიაშია სერიალები: „ცხელი ძაღლი", „სტალინი ლაივი", „კლინიკა", „კა 17", გერმანული ფილმი „აბსურდისტანი", ალეკო ცაბაძის ფილმი „რენე მიდის ჰოლივუდში", რენი ჰარლინის "აგვისტოს 5 დღე", ნიკა ხომასურიძის „დავიწყებული მეფე" და ა.შ. 

- ლაშა პირველ რიგში, გილოცავთ ახალ წელს, როგორ შეხვდით, რამე განსაკუთრებული სურვილი ხომ არ ჩაუთქვით„დრაკონს"? (მაგალითად, წითელი ხალიჩა)
-თქვენც გილოცავთ და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ. პირველ რიგში, მადლობა, რომ ჩემით დაინტერესდით, რაც შეეხება საახალწლო სურვილებს, მეც, როგორც ყველა ადამიანს, უამრავი სურვილი და ოცნება მაქვს (მათ შორის, წითელი ხალიჩაც), სურვილების ჩათქმის დროს არ ვკონკრეტდები . სულ იმას ვიმეორებ, „რომ ყოველთვის ყველა და ყველაფერი კარგად იყოს" დანარჩენი ღვთის წყალობაზე, გამართლებაზე და ჩემზეა დამოკიდებული. 
- მათთვის ვინც არ გიცნობთ, რამდენიმე სიტყვით გააცანით თქვენი პერსონა... (პიროვნული თვისებები, მისწრაფებები)
-მოკლედ, ვინც არ მიცნობს პროფესიით მსახიობი და სცენარისტი გახლავართ. ამჟამად რუსთავის თეატრსა და კინოსტუდია „Nikolozfilms"-ში ვმუშაობ. ძნელია, ჩემთვის საკუთარ პიროვნულ თვისებებზე საუბარი, მაგრამ რაც შეეხება მისწრაფებებს მაქსიმალურად მინდა ჩემს პროფესიაში ჩემი თავისა და შესაძლებლობების რეალიზება შევძლო. 
- პირად ცხოვრებაზე რისი თქმა შეგიძლია?
-ეს ის თემაა რაზეც ყველაზე ცოტას ვსაუბრობ ხოლმე, განა იმიტომ, რომ არაფერი მაქვს სათქმელი, არა. კითხვა სწორად იყო დასმული, ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა.
-რას საქმიანობთ ამჟამად რამე ფილმზე, სპექტაკლზე, ან სხვა პროექტზე ხომ არ მუშაობ?
-ამჟამად კინოსტუდია „Nikolozfilms"-თან, კონკრეტულად ნიკა ხომასურიძესთან ერთად ორ სცენარზე ვმუშაობ.
-მსახიობობაზე, როგორც ყველა ბავშვი თქვენც ოცნებობდით? როგორ აღმოჩნდით ამ სფეროში?   
-3 წლის ვიყავი პირველად კინოთეატრში, რომ წამიყვანეს. ინდური ფილმი ვნახე „დისკოს მოცეკვავე",- მაშინ სულ ინდური ფილმები გადიოდა (იცინის.) მას შემდეგ სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია.
- თქვენი სამსახიობო დებიუტი, სცენაზე შედგა თუ გადასაღებ მოედანზე, თუ გახსოვთ ვის თამაშობდით?
"რენე მიდის ჰოლივუდში"
 
                              
-დიახ, მახსოვს, ჩემი პირველი როლი სცენაზე მქონდა, კირილე მიმიონოშვილი ვითამაშე, ქამუშაძის გაჭირვებაში, საკურსო სპექტაკლი გვქონდა თეატრალურ უნივერსიტეტში. ფილმში პირველად მეოთხე კურსზე გადამიღეს. გადაღებები პანკისში მიმდინარეობდა. სხვათა შორის, როგორც ვიცი ის ფილმი პირველი ჩეჩნური, სრულმეტრაჟიანი ფილმი იყო.
-როგორც მსახიობი სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, კინოში თუ თეატრში?
-კინო ბავშვობიდან მიყვარდა და უპირატესობას ახლაც მას ვანიჭებ. თეატრი კი, მას შემდეგ შემიყვარდა რაც არტისტობა ვისწავლე. როგორც მსახიობი თავს, ორივეგან მშვენივრად ვგრძნობ. 
-თქვენ მიეკუთვნებით მსახიობების იმ კატეგორიას, რომელთაც თავად უჩნდებათ სურვილი, გადაიღონ, დადგან... (გახდნენ რეჟისორები) როდის შედგა თქვენი სარეჟისორო დებიუტი?
-თავდანვე სამსახიობოზე, რომ ჩავაბარე, რეჟისურა უფრო მაინტერესებდა. მისი დამთავრების შემდეგ, ჩავაბარე კიდეც დრამატურგიაზე, დაუსწრებელად. 2010 წლის ოქტომბერში რუსთავის თეატრში, ჩემივე პიესით დავდგით სპეკტაკლი „განძის რუკა" 2012 წლის ზაფხულში, მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას ვგეგმავ, სცენარიც მზად მაქვს. თავის დროზე, მე და ნიკა ხომასურიძემ სულ სხვა პროექტისთვის მოვამზადეთ, სამწუხაროდ, ის პროექტი არ განხორციელდა. თუმცა ეს სცენარი ისე მომეწონა, რომ ოდნავ გადავაკეთე და მისი გადაღება თვითონვე გადაყვწყვიტე. ეს ჩემი პირველი ფილმი იქნება. გადაღებები მთლიანად რუსთავში იწარმოებს და ფილმში მხოლოდ რუსთაველი მსახიობები ითამაშებენ, ჯერჯერობით ასე მაქვს გადაწყვეტილი. ზუსტად ვერაფერს გეტყვით, არ მიყვარს წინასწარ საუბარი. 
-დავუბრუნდეთ, თქვენს პირველ პროფესიას, როგორც გავიგე, ერთი საკმაოდ უცნაური ამბავი გჭირს, კინოში ხშირად ან რუსს გათამაშებენ, ან ჯარისკაცს, და ან ორივეს ერთად „რუს ჯარისკაცს" გარდა ვიზუალური მსგავსებისა, კიდევ რამე საიდუმლო, ხომ არ არის ამის მიზეზი?   
-არა, არაფერი საიდუმლო არაა(იცინის). წეღან პირველი ჩეჩნური ფილმი ვახსენე, რომელშიც ჩემი დებიუტი შედგა და რუსი მაიორი ვითამაშე. დამებედასავით მას შემდეგ ძირითადად რუსებს ან უცხოელებს ვთამაშობ. საბედნიეროდ, არის გამონაკლისებიც.
-თქვენ გქონიათ შესაძლებლობა გემუშავათ, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ რეჟისორებთან, რა განმასხვავებელი ნიშნები აქვთ მათ?
- ყველაზე დიდი განმასხვავებელი ნიშანი, ქართულ და უცხოურ კინოპროექტებს შორის მსახიობების ანაზღაურებაა. რაც შეეხება, რეჟისორებს, ეს ინდივიდუალურია. ჩვენთანაც არიან საინტერესო რეჟისორები და უცხოელებსაც ჰყავთ ბევრი „უნიჭო". არ შეიძლება 50 ათასიანი ბიუჯეტის მქონე ფილმების რეჟისორების, 150 მილიონიან ბიუჯეტის მქონე ფილმების რეჟისორებთან შედარება. საბოლოოდ მაინც ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული.
-ფული „აგვისტოს 5 დღეს" არ დაკლებია, შენ იქაც რუს ჯარისკაცს თამაშობ, როგორ გაიხსენებ რენი ჰარლინთან მუშაობის პერიოდს?
-როცა საქართველოში ამ ფილმის გადასაღებად მოსამზადებელი პერიოდი მიდიოდა, ინტერნეტ საიტებზე ახალი დადებული იყო რენი ჰარლინის ბოლო ნამუშევარი „12 რაუნდი". ამ ფილმის ნახვიდან ორ დღეში ქასთინგზე დამირეკეს. წარმოდგენაც არ მქონდა რას იღებდნენ და ვინ იღებდა. გავგიჟდი ოთახში, ლეპტოპით ხელში, ფეხიფეხზე გადადებული რენი ჰარლინი რომ დავინახე. გადაღებებიც კარგად მახსენდება, ეს საკმაოდ დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის და ვფიქრობ, ყველა იმ ქართველი მსახიობისთვის, ვინც ამ ფილმში თამაშობს. რენი ჰარლინი გადაღებებზე ძალიან უშუალო, ყურადღებიანი და კონტაქტური იყო. რამდენჯერმე შევხვდით ფილმის პრემიერის შემდეგაც. ერთხელ მთელი ღამე რესტორანში გავათენეთ. (სხვათა შორის რენიმ თვითონ დაგვპატიჟა, იცინის) 
"აგვისტოს 5 დღე"
-ეს ფილმი, მოდი პირდაპირ ვიტყვი „ჩავარდა" რადგან, არც ერთი დადებითი რეცენზია არ მოჰყოლია. როგორ ფიქრობ, რატომ მოხდა ეს, მუშაობის პროცესში ყველა აღნიშნავდა, რომ ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, რეზულტატი კი სრულიად განსხვავებული მივიღეთ.
- არ ვიცი, იმასაც ამბობენ, რომ ნებისმიერი ქართველი რეჟისორი უკეთ გადაიღებდა, შეიძლება, მაგრამ მაშინ ეს არ იქნებოდა ჰოლივუდის პროდუქტი და მას ვერ ნახავდნენ ისეთი ფართო მაშტაბით, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა. არც ჰოლივუდში იღებენ ზედმიწევნით ყველა ხარისხიან ფილმს, ჩავარდნები და უარყოფით რეცენზიები იქაცაა. ეს კრიტიკაა, როგორც წესი და ნორმალურია მაგრამ, ის რაც ჩვენთან ხდება, სულ სხვა რამეა. მხოლოდ ლანძღვა და თათხვაა რეცენზია, რაც „აგვისტოს 5 დღის" ეკრანებზე გამოსვლას მოჰყვა,-სამწუხაროა, რომ ეს ისევ ჩვენი, ქართველების მხრიდან მოხდა. 
-ფართო საზოგადოება მსახიობს, ყველაზე უკეთ სერიალებიდან იცნობს, მაგრამ არის მოსაზრება, რომ სერიალი მსახიობს აზარმაცებს, თქვენ რას ფიქრობთ ამ მოსაზრებაზე?
-ვფიქრობ, ესეც ინდივიდუალურია, ვიღაცას ალბათ აზარმაცებს, ვიღაცას არა. სერიალებს მართლა აქვს ეს თვისება, პოპულარულს ხდის მსახიობს.
- ყველაზე მეტად, რომელი გმირი ჰგავს რეალურ ლაშას, ცდილობ თუ არა პერსონაჟები დაიმსგავსო, თუ შენ ემსგავსები მათ?
-ალბათ უფრო მე ვემსგავსები მათ. ჯერ არ მქონია შემთხვევა „რეალური ლაშას" მსგავსი პერსონაჟი მეთამაშა. ვფიქრობ, ეს არც იქნებოდა საინტერესო. როლი მაშინ არის კარგი და საინტერესო, როცა მასზე მუშაობა გიწევს და არა მაშინ როცა საკუთარ თავს თამაშობ.
-როგორც ვიცი, გერმანულ ფილმში „აბსურდისტანში" გადაგიღეს, როგორ მოხვდი იქ და ვინ არის შენი გმირი?
"აბსუდისტანი"
 
-„აბსურდისტანი" 2006 წელს გადაიღეს. აზერბაიჯანში მიმდინარეობდა გადაღებები. მეგობრებმა მითხრეს, რომ გერმანელი რეჟისორი ეძებდა ფილმისთვის ქართველ ბიჭს, მექალთანე ტაქსის მძღოლის როლზე. ეს ცოტა განსხვავებული ამპლუა იყო იმ როლებთან შედარებით, რასაც მე ვთამაშობ ხოლმე, მაგრამ მაინც გავაგზავნე ფოტოები და ამიყვანეს. ამ ფილმში საკმაოდ პიკანტურ სცენებში მომიწია თამაში.
- მოდი „დავიწყებულ მეფესაც" შევეხოთ, შეიძლება ითქვას ფილმი,-კინოექსპერიმენტი, რამდენად საინტერესო იყო ეს შენთვის?
-მიუხედავად იმისა, რომ „დავიწყებულ მეფეში" დიდი როლი არ მაქვს, მასზე ორმაგი პასუხისმგებლობით ვმუშაობდი, რადგან მაშინ ნიკა ხომასურიძე (ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი) ახალი გაცნობილი მყავდა და თვითონ შევთავაზე ჩემი თავი, როგორც მსახიობი. „დავიწყებული მეფე" ერთ უწყვეტ კადრში გადაღებული 105 წუთია, შესაბამისად მასზე მუშაობა, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და საინტერესო იყო. 
ლაშა და ნიკოლოზ ხომასურიძე
- ბოლოს, რამდენიმე სიტყვით, უახლეს სამომავლო გეგმებზე გვიამბეთ?
-ფილმ „დავიწყებული მეფის" შემდეგ მრავალმხრივ წარიმართა ჩემი და ნიკა ხომასურიძის ურთიერთობა. დავმეგობრდით და პროფესიული თანამშრომლობაც დავიწყეთ. ეხლა მასთან ერთად ორ სცენარზე ვმუშაობ. „ექვთიმე თაყაიშვილის" ბიოგრაფიასა და „ამირანზე" ქართული მითოლოგიიდან. ასევე, როგორც ავღნიშნე ამ ზაფხულს მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებასაც ვგეგმავ, რაც ჩემი დებიუტი იქნება კინორეჟისურაში.