среда, 4 января 2012 г.

რუსი ჯარისკაცი „აგვისტოს 5 დღიდან“: ჩვენთანაც არიან საინტერესო რეჟისორები და უცხოელებსაც ჰყავთ ბევრი „უნიჭო"


  

კინოში პირველ ვიზიტზე, ინდური ფილმი ნახა, მაშინ სულ სამიოდე წლის იყო, მაგრამ მკაცრად გადაწყვიტა, რომ თავადაც იგივე უნდა გაეკეთებინა, რასაც ამ უზარმაზარ ეკრანს მიღმა, „დისკოს მოცეკვავეები" აკეთებდნენ. მას შემდეგ, დიდი დრო გავიდა, ინდურ ფილმში ჯერ არ უთამაშია, მაგრამ ჩეჩნურ, ქართულ, გერმანულ და ჰოლივუდურ ფილმებში ძალები უკვე მოსინჯა. 
Geotime.ge-ს დღევანდელი სტუმარია მსახიობი ლაშა კანკავა, რომლის ფილმოგრაფიაშია სერიალები: „ცხელი ძაღლი", „სტალინი ლაივი", „კლინიკა", „კა 17", გერმანული ფილმი „აბსურდისტანი", ალეკო ცაბაძის ფილმი „რენე მიდის ჰოლივუდში", რენი ჰარლინის "აგვისტოს 5 დღე", ნიკა ხომასურიძის „დავიწყებული მეფე" და ა.შ. 

- ლაშა პირველ რიგში, გილოცავთ ახალ წელს, როგორ შეხვდით, რამე განსაკუთრებული სურვილი ხომ არ ჩაუთქვით„დრაკონს"? (მაგალითად, წითელი ხალიჩა)
-თქვენც გილოცავთ და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ. პირველ რიგში, მადლობა, რომ ჩემით დაინტერესდით, რაც შეეხება საახალწლო სურვილებს, მეც, როგორც ყველა ადამიანს, უამრავი სურვილი და ოცნება მაქვს (მათ შორის, წითელი ხალიჩაც), სურვილების ჩათქმის დროს არ ვკონკრეტდები . სულ იმას ვიმეორებ, „რომ ყოველთვის ყველა და ყველაფერი კარგად იყოს" დანარჩენი ღვთის წყალობაზე, გამართლებაზე და ჩემზეა დამოკიდებული. 
- მათთვის ვინც არ გიცნობთ, რამდენიმე სიტყვით გააცანით თქვენი პერსონა... (პიროვნული თვისებები, მისწრაფებები)
-მოკლედ, ვინც არ მიცნობს პროფესიით მსახიობი და სცენარისტი გახლავართ. ამჟამად რუსთავის თეატრსა და კინოსტუდია „Nikolozfilms"-ში ვმუშაობ. ძნელია, ჩემთვის საკუთარ პიროვნულ თვისებებზე საუბარი, მაგრამ რაც შეეხება მისწრაფებებს მაქსიმალურად მინდა ჩემს პროფესიაში ჩემი თავისა და შესაძლებლობების რეალიზება შევძლო. 
- პირად ცხოვრებაზე რისი თქმა შეგიძლია?
-ეს ის თემაა რაზეც ყველაზე ცოტას ვსაუბრობ ხოლმე, განა იმიტომ, რომ არაფერი მაქვს სათქმელი, არა. კითხვა სწორად იყო დასმული, ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა.
-რას საქმიანობთ ამჟამად რამე ფილმზე, სპექტაკლზე, ან სხვა პროექტზე ხომ არ მუშაობ?
-ამჟამად კინოსტუდია „Nikolozfilms"-თან, კონკრეტულად ნიკა ხომასურიძესთან ერთად ორ სცენარზე ვმუშაობ.
-მსახიობობაზე, როგორც ყველა ბავშვი თქვენც ოცნებობდით? როგორ აღმოჩნდით ამ სფეროში?   
-3 წლის ვიყავი პირველად კინოთეატრში, რომ წამიყვანეს. ინდური ფილმი ვნახე „დისკოს მოცეკვავე",- მაშინ სულ ინდური ფილმები გადიოდა (იცინის.) მას შემდეგ სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია.
- თქვენი სამსახიობო დებიუტი, სცენაზე შედგა თუ გადასაღებ მოედანზე, თუ გახსოვთ ვის თამაშობდით?
"რენე მიდის ჰოლივუდში"
 
                              
-დიახ, მახსოვს, ჩემი პირველი როლი სცენაზე მქონდა, კირილე მიმიონოშვილი ვითამაშე, ქამუშაძის გაჭირვებაში, საკურსო სპექტაკლი გვქონდა თეატრალურ უნივერსიტეტში. ფილმში პირველად მეოთხე კურსზე გადამიღეს. გადაღებები პანკისში მიმდინარეობდა. სხვათა შორის, როგორც ვიცი ის ფილმი პირველი ჩეჩნური, სრულმეტრაჟიანი ფილმი იყო.
-როგორც მსახიობი სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, კინოში თუ თეატრში?
-კინო ბავშვობიდან მიყვარდა და უპირატესობას ახლაც მას ვანიჭებ. თეატრი კი, მას შემდეგ შემიყვარდა რაც არტისტობა ვისწავლე. როგორც მსახიობი თავს, ორივეგან მშვენივრად ვგრძნობ. 
-თქვენ მიეკუთვნებით მსახიობების იმ კატეგორიას, რომელთაც თავად უჩნდებათ სურვილი, გადაიღონ, დადგან... (გახდნენ რეჟისორები) როდის შედგა თქვენი სარეჟისორო დებიუტი?
-თავდანვე სამსახიობოზე, რომ ჩავაბარე, რეჟისურა უფრო მაინტერესებდა. მისი დამთავრების შემდეგ, ჩავაბარე კიდეც დრამატურგიაზე, დაუსწრებელად. 2010 წლის ოქტომბერში რუსთავის თეატრში, ჩემივე პიესით დავდგით სპეკტაკლი „განძის რუკა" 2012 წლის ზაფხულში, მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას ვგეგმავ, სცენარიც მზად მაქვს. თავის დროზე, მე და ნიკა ხომასურიძემ სულ სხვა პროექტისთვის მოვამზადეთ, სამწუხაროდ, ის პროექტი არ განხორციელდა. თუმცა ეს სცენარი ისე მომეწონა, რომ ოდნავ გადავაკეთე და მისი გადაღება თვითონვე გადაყვწყვიტე. ეს ჩემი პირველი ფილმი იქნება. გადაღებები მთლიანად რუსთავში იწარმოებს და ფილმში მხოლოდ რუსთაველი მსახიობები ითამაშებენ, ჯერჯერობით ასე მაქვს გადაწყვეტილი. ზუსტად ვერაფერს გეტყვით, არ მიყვარს წინასწარ საუბარი. 
-დავუბრუნდეთ, თქვენს პირველ პროფესიას, როგორც გავიგე, ერთი საკმაოდ უცნაური ამბავი გჭირს, კინოში ხშირად ან რუსს გათამაშებენ, ან ჯარისკაცს, და ან ორივეს ერთად „რუს ჯარისკაცს" გარდა ვიზუალური მსგავსებისა, კიდევ რამე საიდუმლო, ხომ არ არის ამის მიზეზი?   
-არა, არაფერი საიდუმლო არაა(იცინის). წეღან პირველი ჩეჩნური ფილმი ვახსენე, რომელშიც ჩემი დებიუტი შედგა და რუსი მაიორი ვითამაშე. დამებედასავით მას შემდეგ ძირითადად რუსებს ან უცხოელებს ვთამაშობ. საბედნიეროდ, არის გამონაკლისებიც.
-თქვენ გქონიათ შესაძლებლობა გემუშავათ, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ რეჟისორებთან, რა განმასხვავებელი ნიშნები აქვთ მათ?
- ყველაზე დიდი განმასხვავებელი ნიშანი, ქართულ და უცხოურ კინოპროექტებს შორის მსახიობების ანაზღაურებაა. რაც შეეხება, რეჟისორებს, ეს ინდივიდუალურია. ჩვენთანაც არიან საინტერესო რეჟისორები და უცხოელებსაც ჰყავთ ბევრი „უნიჭო". არ შეიძლება 50 ათასიანი ბიუჯეტის მქონე ფილმების რეჟისორების, 150 მილიონიან ბიუჯეტის მქონე ფილმების რეჟისორებთან შედარება. საბოლოოდ მაინც ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული.
-ფული „აგვისტოს 5 დღეს" არ დაკლებია, შენ იქაც რუს ჯარისკაცს თამაშობ, როგორ გაიხსენებ რენი ჰარლინთან მუშაობის პერიოდს?
-როცა საქართველოში ამ ფილმის გადასაღებად მოსამზადებელი პერიოდი მიდიოდა, ინტერნეტ საიტებზე ახალი დადებული იყო რენი ჰარლინის ბოლო ნამუშევარი „12 რაუნდი". ამ ფილმის ნახვიდან ორ დღეში ქასთინგზე დამირეკეს. წარმოდგენაც არ მქონდა რას იღებდნენ და ვინ იღებდა. გავგიჟდი ოთახში, ლეპტოპით ხელში, ფეხიფეხზე გადადებული რენი ჰარლინი რომ დავინახე. გადაღებებიც კარგად მახსენდება, ეს საკმაოდ დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის და ვფიქრობ, ყველა იმ ქართველი მსახიობისთვის, ვინც ამ ფილმში თამაშობს. რენი ჰარლინი გადაღებებზე ძალიან უშუალო, ყურადღებიანი და კონტაქტური იყო. რამდენჯერმე შევხვდით ფილმის პრემიერის შემდეგაც. ერთხელ მთელი ღამე რესტორანში გავათენეთ. (სხვათა შორის რენიმ თვითონ დაგვპატიჟა, იცინის) 
"აგვისტოს 5 დღე"
-ეს ფილმი, მოდი პირდაპირ ვიტყვი „ჩავარდა" რადგან, არც ერთი დადებითი რეცენზია არ მოჰყოლია. როგორ ფიქრობ, რატომ მოხდა ეს, მუშაობის პროცესში ყველა აღნიშნავდა, რომ ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, რეზულტატი კი სრულიად განსხვავებული მივიღეთ.
- არ ვიცი, იმასაც ამბობენ, რომ ნებისმიერი ქართველი რეჟისორი უკეთ გადაიღებდა, შეიძლება, მაგრამ მაშინ ეს არ იქნებოდა ჰოლივუდის პროდუქტი და მას ვერ ნახავდნენ ისეთი ფართო მაშტაბით, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა. არც ჰოლივუდში იღებენ ზედმიწევნით ყველა ხარისხიან ფილმს, ჩავარდნები და უარყოფით რეცენზიები იქაცაა. ეს კრიტიკაა, როგორც წესი და ნორმალურია მაგრამ, ის რაც ჩვენთან ხდება, სულ სხვა რამეა. მხოლოდ ლანძღვა და თათხვაა რეცენზია, რაც „აგვისტოს 5 დღის" ეკრანებზე გამოსვლას მოჰყვა,-სამწუხაროა, რომ ეს ისევ ჩვენი, ქართველების მხრიდან მოხდა. 
-ფართო საზოგადოება მსახიობს, ყველაზე უკეთ სერიალებიდან იცნობს, მაგრამ არის მოსაზრება, რომ სერიალი მსახიობს აზარმაცებს, თქვენ რას ფიქრობთ ამ მოსაზრებაზე?
-ვფიქრობ, ესეც ინდივიდუალურია, ვიღაცას ალბათ აზარმაცებს, ვიღაცას არა. სერიალებს მართლა აქვს ეს თვისება, პოპულარულს ხდის მსახიობს.
- ყველაზე მეტად, რომელი გმირი ჰგავს რეალურ ლაშას, ცდილობ თუ არა პერსონაჟები დაიმსგავსო, თუ შენ ემსგავსები მათ?
-ალბათ უფრო მე ვემსგავსები მათ. ჯერ არ მქონია შემთხვევა „რეალური ლაშას" მსგავსი პერსონაჟი მეთამაშა. ვფიქრობ, ეს არც იქნებოდა საინტერესო. როლი მაშინ არის კარგი და საინტერესო, როცა მასზე მუშაობა გიწევს და არა მაშინ როცა საკუთარ თავს თამაშობ.
-როგორც ვიცი, გერმანულ ფილმში „აბსურდისტანში" გადაგიღეს, როგორ მოხვდი იქ და ვინ არის შენი გმირი?
"აბსუდისტანი"
 
-„აბსურდისტანი" 2006 წელს გადაიღეს. აზერბაიჯანში მიმდინარეობდა გადაღებები. მეგობრებმა მითხრეს, რომ გერმანელი რეჟისორი ეძებდა ფილმისთვის ქართველ ბიჭს, მექალთანე ტაქსის მძღოლის როლზე. ეს ცოტა განსხვავებული ამპლუა იყო იმ როლებთან შედარებით, რასაც მე ვთამაშობ ხოლმე, მაგრამ მაინც გავაგზავნე ფოტოები და ამიყვანეს. ამ ფილმში საკმაოდ პიკანტურ სცენებში მომიწია თამაში.
- მოდი „დავიწყებულ მეფესაც" შევეხოთ, შეიძლება ითქვას ფილმი,-კინოექსპერიმენტი, რამდენად საინტერესო იყო ეს შენთვის?
-მიუხედავად იმისა, რომ „დავიწყებულ მეფეში" დიდი როლი არ მაქვს, მასზე ორმაგი პასუხისმგებლობით ვმუშაობდი, რადგან მაშინ ნიკა ხომასურიძე (ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი) ახალი გაცნობილი მყავდა და თვითონ შევთავაზე ჩემი თავი, როგორც მსახიობი. „დავიწყებული მეფე" ერთ უწყვეტ კადრში გადაღებული 105 წუთია, შესაბამისად მასზე მუშაობა, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და საინტერესო იყო. 
ლაშა და ნიკოლოზ ხომასურიძე
- ბოლოს, რამდენიმე სიტყვით, უახლეს სამომავლო გეგმებზე გვიამბეთ?
-ფილმ „დავიწყებული მეფის" შემდეგ მრავალმხრივ წარიმართა ჩემი და ნიკა ხომასურიძის ურთიერთობა. დავმეგობრდით და პროფესიული თანამშრომლობაც დავიწყეთ. ეხლა მასთან ერთად ორ სცენარზე ვმუშაობ. „ექვთიმე თაყაიშვილის" ბიოგრაფიასა და „ამირანზე" ქართული მითოლოგიიდან. ასევე, როგორც ავღნიშნე ამ ზაფხულს მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებასაც ვგეგმავ, რაც ჩემი დებიუტი იქნება კინორეჟისურაში.

1 комментарий: