пятница, 13 января 2012 г.

დიასახლისი „ჩემი ცოლის დაქალებიდან:“ არ მინდა სერიალში ის ვიყო, რაც ცხოვრებაში ვარ!



 
 სალომე სორდია
 
გადაღებამდე ფუსფუსია, პავილიონში ხალხი ირევა: რეჟისორი, ასისტენტები, ოპერატორები, საგრიმიოროში მსახიობებს უკეთებენ გრიმს,- თბილად მხვდებიან, წამით მგონია, რომ ნინასთან მივდივარ სახლში, დაქალებიც აქ არიან, კატო იპრანჭება, თინა ჩანთას ეძებს გარდერობში, ვერ პოულობს... ნინას უხერხულობა ეტყობა, (სტუმარი ვარ მაინც) ყავას მთავაზობს, ან ჩაის... ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დოკუმენტურ ფილმს ვუყურებ სერიალზე, რომელიც ძალიან მიყვარს. 
 

 
დიახ, დიახ! ეს რუსთავი2 -ის ახალი სერიალი „ჩემი ცოლის დაქალებია." Geotime.ge-ს მასპინძელი, კი თავად ამ სერიალის დიასახლისი ნინა, უფრო სწორედ, მსახიობი ანი ტყებუჩავაა. 
 
პავილიონში ყვლას თავისი საქმე აქვს, გადაღება მალე უნდა დაიწყოს. რეჟისიორი გიორგი ლიფონავა, ბოლო მითითებებს იძლევა, რაღაც ძალიან კარგი აურა ტრიალებს. 
-„თქვენ დიდი ხანი დაგჭირდებათ? მეუხერხულება გალოდინოთ." მებოდიშება ანი. - არა, დიდ დროს არ წაგართმევთ, ვპასუხობ და ინტერვიუს ვიწყებთ. მალე საქმიანი რეჟისორი შემოდის,- „ცოტა ხნით უნდა შევწყვიტოთ ეს პროცესი", იღიმის და ჩემი რესპოდენტი გადასაღებ მოედანზე მიჰყავს, გადაღება დიდი ხანი არ გაგრძელდა, სულ რამდენიმე სცენა და ნინა ისევ ჩემთანაა. მაშ ასე ახლა ნამდვილად ვიწყებთ! 
 
-ანი სერიალი დიდი ხანი არაა, რაც ეთერში გადის, თუმცა ხალხმა მალევე აიტაცა, როგორ ფიქრობ, რატომ?
 
 
-კი ყველა „ჩემი ცოლის დაქალებზე" საუბრობს. მეც ვერ გამოვდივარ ამ სერიალიდან, სულ ამაზე მიწევს საუბარი, ყველას რაღაც კითხვა აქვს, ყველა დეტალი აინტერესებთ. მეკითხებიან ბავშვებზე, ქმარზე, დედამთილზე, გოგოებზე. არ ვიცი, რა გითხრათ, რომ გიპასუხოთ,- ამ სერიალში იმდენი შრომა და ენერგია ჩადებული შესაბამის რეზულტატს ვიღებთთქო სწორი იქნება, მაგრამ ასე იშვიათად ხდება ცხოვრებაში, შეიძლება ძალიან ბევრი იწვალო, მაგრამ შედეგი არ მოჰყვეს. ვფიქრობ, ამ სერიალის წარმატების მთავარი პირობა სწორად შერჩეული თემა, მოვლენები და ამბებია. სერიალი მთლიანად დღევანდელობის ანარეკლია და მაყურებელი ჩვენს გმირებში, ალბათ, საკუთარ თავს, მეგობრებს, ან ახლობლებს ხედავს. 
 
-როგორც ვიცი, თქვენი კინოდებიუტი, გიორგი ლიფონავასთან შედგა ფილმში „ჭამა და სექსი" იქამდე რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებში?
 
-მხატვრული ფილმის დებიუტი გიორგისთან შედგა. მანამ რაღაც სეზონი, სერიალ „შუა ქალაქში" გავატარე. რაც შეეხება იმას, თუ რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებში, გეტყვით,- ბევრი რამ. ჯერ თეატრში ვიყავი, შემდეგ რეალით შოუ „დასში" ვიღებდი მონაწილეობას, რუსთაველის თეატრში გავატარეთ ორი სეზონი. შემდეგ ნანუკა ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ბავშვი „დასიდან" ათონელის თეატრში მიგვიწვიეს. გამოვიყენეთ ეს შემოთავაზება და სპექტაკლიც დავდგით. სანდრო კაკულიას პიესის „სახურავის" მიხედვით. მთელი დასი, ენთუზიზმზე ვმუშაობდით. ძალიან შეკრული ერთიანი და კარგი გუნდი ვიყავით და დაშლა არ გვინდოდა. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდით ყველა შესაძლებლობა გამოგვეყენებინა. ბოლო წლები, სპექტაკლები გაიშვიათდა, ხან რემონტი იყო, ხან რაღაც სხვა პრობლემა, დიდი ხანი არ გვქონია სპექტაკლი, ვხუმრობდით კიდეც, ეს სპექტაკლი მეორედ, რომ დაინიშნოს უკვე ასაკში ვიქნებით და ვერ ვითამაშებთო. შემდეგ დასიც დაიშალა, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად, ზოგმა სხვა საქმეს მოჰკიდა ხელი. შემდეგ პაუზა დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, არაკარიერული, უფრო პირადი და დროც არ მქონდა რამეზე მეფიქრა. 
 
-ახლა თუ მუშაობ, რომელიმე თეატრში?
 
-არა ახლა თეატრში არ ვარ, ეს ტკბილ მოგონებად დარჩა. მართალია არის, რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ ჯერჯერობით, მირჩევნია ეს საქმე გავაკეთო ბოლომდე. თეატრს ძალიან ბევრი რეპეტიცია სჭირდება და ეს ჩემთვის ამ ეტაპზე რთულია. 
-ფილში „ჭამა და სექსი" შენ და ლევან ყოჩიაშვილი მეუღლეებს თამაშობდით, აქაც ერთად აღმოჩნდით...
-კი, იმ ფილმშიც მე და ლევანი ცოლ-ქმარს ვთამაშობდით, ალბათ იქიდან გამომდინარე აიგვირჩიეს აქაც წყვილის როლში. ჩვენი ოჯახის იდეა, უფრო „ჭამა და სექსიდან" დაიბადა. 
 
-პროფესიით კინომსახიობი ხარ, თუ თეატრის?
 
-ჩვენთან კინოს ფაკულტეტი ცალკეა, მაგრამ დიპლომში მაინც დრამისა და კინოს მსახიობი იწერება. ეს, ალბათ, მხოლოდ საქართველოში ხდება, თორემ თეატრი და კინო აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა. ეს ჩვენ ვართ, ზოგადად ქართველები ძალიან ნიჭიერები, უცებ ვახერხებთ საჭირო ადგილზე ყოფნას და იქაური ქუდის მორგებას, სადაც ვიმყოფებით. ახლა ვნანობ, რომ მესწალა, ალბათ, თითოეული დეტალით უფრო მეტად ვისიამოვნებდი. ადრე სერიოზულად არ აღვიქვამდი სერიალებს, ზედაპირულად ვუყურებდი. თეატრი მაინც სულ სხვაა სამყაროა, უფრო ცოცხალი, იქ თითქოს პირდაპირ ეთერში მიდის ყველაფერი. 
 
-თეატრისა და კინოს გმირები, რამდენად განსხვავებულები არიან მსახიობისთვის, რომელიც ორივეგან განასახიერებს მათ?
 
-თავად გმირს გააჩნია. თეატრში სხვა მაშტაბებზეა საუბარი. გამომხატველობა, ემოციის დონე, ყველაფერი სხვაა. გმირი სცენაზე, იმდენად გამჭოლია, რომ მისხალი სიყალბეც არ შეიძლება. მაშინვე იგრძნობა, სულ რომ არაფერი შინაგანი ენერგიითაც ხვდება მაყურებელი, თუ ატყუებ. კინოში ენერგიაზე არცაა საუბარი, - იქ დუბლიდან დუბლზე გადასვლისას, შეგიძლია შეტრიალდე და იმაიმუნო კიდეც. სულ სხვა სპეციფიკაა, სხვადასხვა რაღაცეებზე ხარ დამოკიდებული.
 
-ნინა თუ გგავს?
 
-ძალიან არ მინდა სერიალში, ის ვიყო, რაც ცხოვრებაში ვარ. ვცდილობ, ისეთი შევქმნა, როგორიც შეიძლებოდა ვყოფილიყავი, მაშინ თუ ნინასნაირი ცხოვრება მექნებოდა. ჯერ მეშვიდე სერიაა და საბოლოოდ კიდევ არ ვართ ჩემოყალიბებული ჩემ გმირზე, მაგრამ მაინც მინდა იქითკენ წავიყვანო, დაახლოებით, თუ როგორი იქნებოდა ნინასნაირი გმირი. ვიცი ქართველ გოგოებში ძალიან ბევრია. მეც შეიძლება იმ ასაკში რომ გავთხოვილიყავი, არ ვყოფილიყავი, ანი და ვყოფილიყავი ნინა, ზუსტად ეგეთი ვიქნებოდი თქვენ წარმოიდგინეთ. 
 
-კარგად გაქვს მორგებული დიასახლისის როლი, როგორ ფიქრობ, გამოიყენებ იგივე სიტუაციში შენი გმირის თვისებებს, შეიძლება ითქვას პრაქტიკას გადიხარ...
 
-კი, რა თქმა უნდა გამოვიყენებ, ჩემი გმირი მაძლევს ამის გამოცდილებას, აქ უფრო მიწევს იმ საკითხების ჩაღრმავება, რასაც გათხოვილი ქალი უნდა ითვალისწინებდეს. როლზე მუშაობის დროს ვსწავლობ რაღაცეებს, თუნდაც მოქმედება, საქციელი, დამოკიდებულება, აქ უფრო მიჩნდება კითხვები, უფრო ვხვდები, რომ ყველაფერი მთლად „ისე" არ არის.
 
-სერიალს, მსახიობისთვის ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობა მოაქვს, შენ თუ გცნობენ ქუჩაში და როგორ გ ამოხატავენ ამას?
 
-კი, ძალიან ხშირად. თან ვატყობ, დღითი დღე უფრო იზრდება ეს პროცესი, ადრე „დასიდან" მცნობდნენ. ზოგადად ასეა, თუ პროექტი ამართლებს, ნელ-ნელა ყველა ოჯახის წევრი ხდები. ახლა ჩემს უკან სულ მესმის ხმები, - „ჩემი ცოლის დაქალებიდანაა." თან სასიამოვნოა, თან ცოტა არაკომფორტული. ისეთი რეჟიმი მაქვს, სულ მოუწესრიგებელი მიწევს სირბილი, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ყურადღების ცენტრში ხარ. თბილისი პატარა ქალაქია და ამ მხრივ, დისკომფორტი გექმნება. 
 
-რა მოაქვს პოპულარობას შენთვის?
 
-ჯერჯერობით საჩუქრები, მსიამოვნებს, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, კარგია. თუ კარგად გცნობენ, მაგას რა ჯობია. თუმცა ეს სულ თვალიერების პროცესი დამღლელია. აინტერესებთ ცხოვრებაში როგორი ხარ, -„ უი პატარა ყოფილა, უი სხვანაირია, ასეთია, ისეთია და ა.შ. საყიდლებზე, რომ დავდივარ, ყველგან ფასს მიკლებენ. მჩუქნიან რაღაცეებს, ძალიან საყვარლები არიან. ყველას უნდა სითბო და ყურადღება გამოხატოს. ამას ადრე ჩემი მეგობრები, რომ ამბობდნენ მეცინებოდა, მაგრამ ახლა მეც ვვარდები უხერხულ მდომარეობაში. 
 
- ხშირად სერიალის მსახიობი, რაღაც „იარლიყს" იკრავს, რის შემდეგაც რთულია, რამე სერიოზული როლის მიღება, შენ არ გეშინია „დიასახლისის იარლიყი," რომ მიგეკრას?
 
-ამაზეც მიფიქრია, მაგრამ ახლა ეს ეტაპია ჩემს ცხოვრებაში. ჩვენი მაყურებელი ნელ-ნელა იზრდება და არ მინდა მაგაზე ფიქრი. ბარემ ამას გავაკეთებ ბოლომდე და იმედია კიდევ მომეცემა საშუალება განსხვავებული როლები ვითამაშო. ძალიან მინდა თრილერში ან დეტექტივში გადამიღონ, მომწონს ჰოლივუდური ფილმები. ისეთი აი, იარაღიანი ქალები, რომ დარბიან.
 
-საოცნებო რეჟისორი, თუ გყავს ვისთანაც, ასეთ გმირს ითამაშებდი?
 
-არსებობს რეჟისორების ორი კატეგორია: პირველი, ვისთანაც მიდიხარ და ხვდები, რომ ძალიან ბევრი გისწავლია და მეორე,- ვისთანაც მიდიხარ და გეშინია, ხვდები, რომ არაფერი იცი. შენსას, ყველაფერს, რომ იყენებ და თან ისიც, რომ გზრდის. დღეს ყველა ასეთი რეჟისორი ჩემთვის საოცნებოა, ვისგანაც იმაზე ბევრს ვისწავლი, რაც ვიცი, ვინც დამეხმარება გავიზარდო, როგორც მსახიობი და როგორც ადამიანი. 
 
-რა დამოკიდებულება გაქვს ცხოვრებაში „რძალდედამთილობის ინსტიტუტთან"?
 
- ძალიან კარგი, უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ უნდა მქონდეს კონფლიქტი და მიქმნიდეს დისკომფორტს ის ადამიანი, რომელმაც ის მამაკაცი გაზარდა და ჩამოაყალიბა, რომელიც მე მიყვარს და ცოლად მივყვები. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ მამაკაცის ცხოვრებაში მეუღლე ყოველთვის პირველ ადგილზეა და ასეც უნდა იყოს.
 
-შენ არ ფიქრობ ოჯახის შექმნაზე?
 
-არა, ჯერჯერობით, შეყვარებულიც არ ვარ. 
 
-ცხოვრებაში, თუ მეგობრობ სერიალში შენს დაქალებთან?
 
-რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გოგოები არიან. დიდად არ გვანან, იმ გმირებს, მაგრამ თავიანთი დადებითი თვისებები, მაინც აქვთ ჩადებული თავიანთ გმირებში. გვენატრება ხოლმე ერთმანეთი, რამდენიმე დღეც, რომ გავიდეს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მეგობრობის თამაშის დროს, რამე საფუძველი თუ არსებობს, უკეთ გამოვა. კარგი კომფორტია მსახიობისთვის.
 
-რაც შეეხება ბავშვებს, როგორი პარტნიორები არიან ისინი?
 
-ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, ცოცხალი და მოძრავი. ისე როგორც ჩვენ, ისინიც დილიდან საღამომდე გადაღებაზე არიან. ჩვენსავით იღლებიან და ეს ძალიან ბევრი მათი ასაკისთვის. ვცდილობთ, გავამხიარულოთ. ბევრ დუბლებთანა კი არის დაკავშირებული და რათქმაუნდა, ყოველთვის ჯობია შენი ტოლი პარტნიორი გყავდეს, მაგრამ ზოგი დიდიც არა არის კარგი პარტნიორი.
 
-როგორ შეარჩიეს ისინი?
 
-ქასთინგით, ქეთა ისეთი ტიპია, რომ როგორც კი მოვიდა ქასთინგი შეწყდა. ძალიან სხვანაირი ბავშვია, უჭკვიანესი. გიოც ქასთინგით შეარჩიეს, 21-ე საუკუნის ბიჭი გვინდოდა, არაქართული აზროვნებით. 
geotimes.ge
2012.01.13 17:13

Комментариев нет:

Отправить комментарий