пятница, 20 января 2012 г.

თვალებს არ ვახელ, მეშინია ვერაფერი დავინახო....


თვალებში მიყურე, ხომ მხედავ?
–გიყურებ ხოო,..
–გიყვარს?
–მიყვარს...
–ძალიან?
–ძალიან...
***
შემდეგ ათასი სისულელე იყო, არც ერთმა არ ვიცოდით რატომ, რა დაგვიშავა ამ ერთმა უწყინარმა სიყვარულმა. დავყვებოდით და ვშლიდით ყველა იმ ამოტვიფრულ გრძნობას,  რომელსაც ალბათ, ფიქრობდა, რომ ყრუ კედლები უკეთ გრძნობდნენ, ვიდრე ის,  ვინც „მას სამყაროზე მეტად უყვარდა“...
 სიყვარული აუხსნელი იცოდა, რაღაც თავის ფერებში, თავისსავე მოგონილ სფეროებში, თავისავე შექმნილ სამყაროებში... ჯერ ვერ უტყდებოდა...  შემდეგ ჩვენ დავიწყეთ მეგობრობა. გავიზარდეთ თითქოს და მივხვდით სისულელების კეთება, რომ არ იყო აუცილებელი.  ყოველთვის ერთად ვიყავით. ის,  მესამე ჩემთან იყო. მე ერთგვარი ძაფი აღმოვჩნდი მათი დამაკავშირებელი.  ორივე უზომოდ მიყვარდა, ერთი უფრო ჩემი იყო, მხიარული, ფერადი...  მეორეს,  მეგონა ვერასდროს გავუგებდი, ჩუმი იყო და რთული, იდუმალი,  რაღაცნაირად, რომ გაშინებს და ჭკვიანი უზომოდ.  ყველაფერი იცოდა, რაც აქამდე მოხდა და ისიც, რაც ოდესმე უნდა მომხდარიყო. ყოველთვის ვფიქრობდი, ნეტა ეს ადამიანი ბავშვი არასდროს ყოფილათქო, მერე თავადვე ვხვდებოდი, რომ ღმერთს მისთვის ეს ასაკი დაენანა. ხო, მას არასდროს ჰქონია ბავშვობა, უფრო სწორედ, კი ჰქონდა მაგრამ იმდენად მძიმე იყო, რომ შეძლო და წაშალა...  არასდროს საუბრობდა იმაზე რაც ნახა, რასაც ყოველდღე გრძნობდა. ახლაც მახსოვს ღრმა ბავშვობის ანარეკლი, სკოლაში, რომ მივდიოდი ხოლმე,  ჩემს წინ მტვრიან ქუჩაზე მიაბიჯებდა პატარა ბიჭი დიდი ჩანთით, რომელსაც არასდროს არავინ აცილებდა. მთელი გზე ამაზე ვიცინოდით მე და ის, მესამე „მას რომ სამყაროზე მეტად უყვარდა.“  შემდეგ ჩვენი გზები იყოფოდა.  ვიცოდით, რომ ის იქ დადიოდა, სადაც ბავშვები, თან სწავლობდნენ, თან ეძინათ და თან ჭამდნენ.., მაშინ ისიც კი არ ვიცოდით, რომ ამ ბავშვებს ობლები ერქვათ. ზოგჯერ უბრალოდ ჯობია, რაღაც არ იცოდე და მორჩა...  
***
ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, წლების შემდეგ, იქ,  სადაც ბავშვები სწავლობდნენ კიდეც, იძინებდნენ კიდეც და ჭამდნენ კიდეც. მაშინ არ ვიცოდით, რომ ჩვენს კლასში ის პატარა ბიჭი იჯდა ვისზეც მთელი ბავშვობა უაზროდ ვიცინოდით. მასთან არაფერი შეცლილა თითქოს, ისევ ჩუმად დააბიჯებდა და ისევ ვერ გვიყურებდა თვალებში. ახლა ჩვენც  ობლები ვიყავით, მეც და ის მეორეც „მას რომ სამყაროზე მეტად უყვარდა.“  კი, კი  ჩვენ ინტერნატში გავიცანით ერთმანეთი... არ მოგვეწონა საშინლად. შემდეგ,(აი, რომ ვთქვი მივხვდით არ იყო აუცილებელი სისულელეების კეთებათქო) ჩვენი მეგობრობა დაიწყო, თითქოს მივხვდი, რომ არიან ადამიანები რომელთათვისაც, უბრალოდ აუცილებელია არსებობდე. ბევრი მასწავლა, (ცხოვრებაც და ხაჭაპურის გამოცხობაც.) იშვიათად ვხედავდით ერთმანეთს, მაგრამ მაინც დიდ დროს ვატარებდით ერთად. ნელ–ნელა ვატყობდი, რომ სიცილი ისწავლა, იქამდე მხოლოდ ჩვენ ვიცინოდით. მე ფიქრი ვისწავლე, და იმანაც „მას რომ სამყაროზე მეტად უყვარდა.“  შემდეგ დავტოვე ორივე და წამოვედი, რაღაც პერიოდი  ერთად იყვნენ, ორივე კარგად.  შემდეგ ის „მას რომ სამყაროზე მეტად უყვარდა“  მიხვდა, რომ ვერასდროს შეძლებდა მასთან ცხოვრებას და სხვამ „გაიტაცა...“  მე ქორწილში ჩავედი...  ისიც ვნახე, სხაგან ოღონდ, ცხელ ყავას ვსვამდით, წვიმდა, ის ისევ დამუნჯებული მიყურებდა, ახლა ის სიცილიც არ იცოდა, ძლივს რომ ისწავლა.
***  
 მერე ჯოჯოხეთი იყო და ისიც წავიდა... არც ზარი,  არც წერილი, აქ ყველაფერი რიგზეა. იქ არა. უცხო ქვეყნის პაპანაქება მზესთან ერთად, მთელი ცხოვრების ტკივილი სწვავს და ფიქრობს, ვერ გაუგია, რატომ უნდა ეცვას გოლგოთას... არ სძინავს, დააქვს  ბლოკნოტი  და იწერს,  გამალებით უძგერს გული და ამ გულისცემას ინიშნავს, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო უსუსტდება. დროში მოგზაურობს, ხან ჩემთანაა, ხან სხვასთან... მირეკავს, ყველაფერი აინტერესებს...  არ ვიცი რაზე ვესაუბრო, მისი საუბარი ისევ რთული გახდა ჩემთვის.  მერე კონცენტრირებას მასწავლის, რომ ადვილად შევძლო დროში მოგზაურობა,  მისი ნახვა რომ მომინდეს.  უნიჭო ვარ, ვერაფრით ვისწავლე,  ახლა ვხვდები რატომაც უნდა მესწავლა და ყველაფერზე მეტად ვნანობ, რომ  არ შემიძლია.
***
ჩამოვიდა, ვახარე... სურათი გავუგზავნე იმ ბავშვის, რომელიც სხვა კაცის , და იმ ქალის იყო  „მას  რომ სამყაროზე მეტად უყვარდა.“ ცუდად გახდა. გაჩუმდა.  შემდეგ ვნახე...  იმ ჩანაწერების არსებობა გავიგე,   რითაც სუნთაქავდა. ბევრი ტკივილი იგრძნო და ტრაგედიებიც დაემატა, ვიღაცასთან ერთად წავიდა და მარტო ჩამოვიდა, ვიღაც ვერ მობრუნდა... ეს კი დაცლილი, მერე ისიც დაიცალა „ამას რომ სამყაროზე მეტად უყვარდა.“  ცუდად იყო, მეორე ბავშვი დაკარგა... გამოიფიტა... მეც გავუცხოვდი,  ჩემი სამყარო შევქმენი.  იშვიათად ვრეკავდი, ზოგჯერ ზარებსაც არ ვპასუხობდი, ნახვაზე ხომ ზედმეტი იყო საუბარი. დრომ დაგვაშორა და სივრცემ.  ვხვდებოდი, რომ ძაფი ნელ–ნელა წყდებოდა. დავურეკე. იწუწუნა,  რანაირი მეგობრობა იცითო, სულ მე უნდა მახსოვდე შენ ზარებსაც არ პასუხობო. თავი ვიმართლე,  ვუთხარი,– ძალიან მიყვარხარ და რა მნიშვნელობა აქვს როდის დაგირეკავთქო. აქვსო,– მითხრა გულდაწვეტილმა და მივხვდი, ვიგრძენი მისი ყველა ტკივილი. ისეთი გრძნობა, მქონდა, რომ დედამიწაზე ერთი კაცი არ მოიძებნებოდა, ისეთი ვისაც უანგაროდ უყვარდა. ვისაც შეეძლო ჩახუტებოდა და უბრალოდ გულით ეთქვა, რომ ყოველთვის გვერდში დაუდგებოდა. როგორ მინდოდა იმ წუთას მე ვყოფილიყავი ეს ადამიანი, მაგრამ შორს ვიყავი და არც კი მითქვამს, ახლა როგორ ვნანობ, როგორ მცხვენია ყველა იმ დუმილის, ყველა იმ უპასუხო ზარის...  

***
-არ წახვიდე რაა... (ჩუმადაა) მნახავ?
-შეიძლება ვერასდროს, ცუდი შეგრძნება მაქვს...
-ნუ მაშინებ. (ძალდატანებით იცინის)
-კარგი, გამოგივლი წასვლამდე.
-იქნებ მითხრა სად მიდიხარ?
-შორს სალ, შორს...
არ გამოუვლია, ჩემი მეგობარი წავიდა.
***
დაბადების დღე ჰქონია, როგორ არ გამახსენდა, მათი დაბადების დღეები, ხომ მიყოლებით იყო. ჯერ იმას აქვს „ამას  რომ სამყაროზე მეტად  უყვარდა“  და მერე თავად.  იმას მივულოცე, ამისი დამავიწყდა. არა, მაინც ის უფრო მყვარებია?  დღეს დავურეკავ, ვითომ დღეს მგონია... მოვემზადე, უნდა დავურეკო, არ გავიდა... მერე რამდენიმე სიტყვა დავწერე, სასხვათაშორისოდ –„საშ გილოცავ, მინდა ბედნიერი იყო და ჩვენთან იყო.“  
***
სამსახურში ვარ, ახალი ამბების ქრონიკას ვათვალიერებ უცხოურ საიტებზე.  ვხედავ, ავღანეთში დაიღუპა ქართველი ჯარისკაცი.  ფოტოებს ვუყურებ, გული მწყდება, არაფერი მახსენდება... შემდეგ ჩემი რედაქტორი იწყებს წუხილს იგივე ფაქტზე, ამბობენ, მეორეც აფეთქდა ქართველი, მაგრამ ჯერ არ ახმაურებენო. მერე ერთმანეთს გადავხედეთ და ერთად მოვთქვამდით.  ვინ იცის საწყალი სად გდია, ვფიქრობ, ჩემთვის და მაინც არაფერი მახსენდება.
 ***
-მაგარი ღვინოა, გოგის...
-იის, ნაქები?
-ხო აბა, საფერავი...
-სალი რატომ არ სვამ? მეკითხება ეკა
-სალი ჩვენთან არ სვამს, პასუხობს ქალბატონი დალი, ჩემი რედაქტორი. (აქაც იციან ჩემი ლოთობის ამბავი.)
შობას აღვნიშნავთ, ღვინო კარგია, მე არ ვარ კარგად. რაღაც შინაგანი შფოთვა მიპყრობს და ვერ ვხვდები რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.  ვფიქრობ და არაფერი მახსენდება საერთოდ. ქეიფი ქრძლედება, ვდგები და კაბინეტში შევდივარ. რაღაცნაირად ვარ და ვხუმრობ ხასიათის გამოსაკეთებლად... მერე საათს ვუყურებ,  რომელია?  რატომღაც კედლისკენ არ გამიხედავს. ტელეფონზე ხუთია  და ზარიც, ვიღაცას ურეკია...
-ვაიმე რა ოქროს, ნომერიააა...  ისევ ვცდილობ უკბილო ხუმრობას და რატომღაც ვრეკავ, არა და არ მჩვევია.
ზარი გადის,
ერთი,
 ორი,
 სამი.
-თქვენი ზარი იყო.
-არა, დემნა გირეკავდათ.
 -ვიინ?
მიკვირს და ტელეფონი ითიშება.  მე ისევ არაფერი მახსენდება, უბრალოდ ეგაა, რომ უეცარი შიში მიპყრობს.  უცნაურია, არც ეს მჩვევია და მაინც... ისევ ზარი ისმის. შეშინებულ ხმას შეშინებული ვპასუხობ.
- კი სალო ვარ, თქვენ რომელი ხართ და  რა ხდება საერთოდ?
-არაფერი დემნა შამუგიას აინტერესებდა საშკაზე ხომ  არ იცი რამე ახალი?
 -რა უნდა ვიცოდე?  ვპასუხობ კითხვითვე და ღმერთო, ისევ არ მახსენდება არაფერი.
-ა, თქვენ არ იცით? კარგით კარგით არაფერი.  მპასუხობს დაბნეული ხმა და აპირებს ტელეფონი გამითიშოს.
 -მაიცა არ გათიშო, სადაა საშკა? ვეკითხები არეული.
-ავღანეთში, მპასუხობს ხმა და ყველაფერი ჩერდება.

***
გაშეშდა სამყარო და სხეულიც ამ სამყაროში....
ვერ ვიგრძენი....
 ჩუმად ვარ ახლა ყველაფერი მახსენდება. ახლა ვფიქრობ, რომ ის ბიჭი, რომელსაც ავღანეთში შეიძლება დამწვარს მალავენ ჩემი მეგობარია. ახლა ვფიქრობ, რომ ის  დიდჩანთიანი ბიჭი, რომელსაც მთელი ბავშვობა დავცინოდი შეიძლება აღარ მყავს...  მაკანკალებს და ყველაზე ძალიან იმას ვნანობ, რომ არ დავლიე... რთულია ფხიზელი გონებით, ვერაფერ ვახერხებ, ღმერთო რა გავაკეთო.  ახლა ღმერთიც მახსენდება, იმ ქრონიკებივით, რომელიც მასთან, იმ ჯარისკაცთან მაკავშირებს... ღმერთო, მაპატიე, დაეხმარე...  ვლუღლუღებ უაზროდ.  ვფიქრობ, ვინ შეიძლება რამე იცოდეს. ყველგან ვრეკავ....  
 ერთმა რაღაც იცის, ჟილეტმა გადაარჩინა, დამწვარია, მადლობა ღმერთს. მადლობა. ვაგრძელებ ისევ  და არ მჯერა... ესაა საშობაო ზღაპარი? ესაა შობას სასწაულები ხდებაოო? ღმერთო გთხოვ, ახალ მოახდინე სასწაული, გთხოვ გადაარჩინე,  დაიფარე, ვიმეორებ განუწყვეტლივ და თავლებიდან გაყინული სხეულები არ მშორდებიან... გაყინული სიტყვები „ცუდი შეგრძნება მაქვს, შეიძლება ვერასდროს გნახო...“  ახლა მე მეყინება ძარღვებში სისხლი და ადამაინადყოფნის სურვილს მაკარგვინებს ტკივილი. ღმერთო დაიფარე ვევედრები ღმერთს და ნორმალურად ვერც ვიაზრებ რა სათხოვარი მაქვს უფალთან. ახლა მე ვარ ცუდად და მე მეშინია ვერასოდეს ვნახო!  ღმერთო. როგორ ვნანობ ყველაფერს, როგორ მტკივა გული, როგორ მგონია, რომ ათასი რამე დავაკელი. როგორ მგონია, რომ ვერასოდეს იღებდა იმის მეათედსაც რასაც ჩემგან იმსახურებდა. როგორი ძუნწები ვიყავით ადამიანები მის მიმარათ და როგორ ვერ ვიმეტებდით მისთვის იმ მცირეოდენ სითბოს, რასაც ითხოვდა. ღმერთო, ოღონდ დაეხმარე, ოღონდ გადაარჩინე.
 
***
-სოოფ, სანთლები დაანთე რა შენც, გთხოვ...
ვლოცულობ ...
***
დაღამდა. ისევ ზარია, ახლა დედა წუხს, იციოო? არა და როგორ მიყვარსო, ჩემთან იყო წასვლამდე, დედამისზე მელაოპარაკა, ცუდად არის და უნდოდა ემკურნალაო, სოფელში ამბობენ,– ვერაფერს ხედავსო. ტიროდა დედა,– მეც. ის დრო გამახსენდა, იარაღით ხელში რომ დამირეკა. თავი უნდა მოვიკლაო, მაშინ არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა ოდესმე დამეკარგა. უბრალოდ დავამშვიდე და ვეჩხუბე მეორე დღეს.  არაფერი მითხრა. ჩუმად იყო. - ნეტა ყველა გამოცდას მე რატომ უნდა ვაბარებდეო, ჩაილაპარაკა თავისთვის და წავიდა.  ახლაც მინდოდა გამეგონა, მომესმინა მისი ყოველთვის დამრიგებლური ტონი. ყველაფერს ხელმეორედ გავიგონებდი, ხელმეორედ დავინახავდი, ახლა ვერ  ვხედავ და ისიცი კი არ ვიცი თავად თუ  დამინახავს ოდესმე.  კიდევ თუ შეხედავს  სამყაროს, რომელიც მუდამ უცნაური ეჩვენებოდა და რომელიც მუდამ უსამართლო იყო მის მიმართ.

***
დილა, ვაგონი სავსეა ათასი რჯულის ხალხით, მეც მასაში ვარ გარეული,   თითოეული მათგანივით გაყინული გამომეტყველება მაკერია სახეზე. წუთით ვფიქრდები, ზომბი ხომ არ ვარ, ადამიანი ვარ. ადამიანი, რომელსაც ამ წუთას ყველაზე მეტად ტირილი უნდა.
ვიტირე... მეც ავდექი და ვიტირე ყველას დასანახავად, თითქოს ამით მოწყალებას ვითხოვდი ვინმესგან, ათასი უცნაური, გაშეშებული ადამიანისგან.
-რით დაგეხმაროთ გოგონა?
-მე არაფრით!
მხოლოდ ახლა მახსენდება ჩემი  ჩამოთხაპნილი მაკიაჟი და ცრემლებს ვიშორებ... ექსკალატორზე ჯარისკაცები ამოდიან,
 ექსკალატორზე ჯარისკაცები ჩადიან,
ქუჩაშიც ისინი დადიან, ქუჩის იქითაც...
 მე მეჩვენება თუ დღეს ყველა სამხედრო ფორმაშია?
 -უკაცრავად გოგონა იმ ბიჭებს რა აცვიათ?  ვეკითხები გამვლელს და ირგვლივ ვაცეცებ თვალებს, არ მპასუხობენ...  წუთით მახსენდება ის დრო, მან ჩემთან, რომ გადმოინაცვლა.  –„მთავარია კონცენტრაცია, შენი სულისა და სხეულის შესწავლა, მერე იმოგზაურებ რამდენსაც გინდა, იმოგზაურებ სადაც გინდა.“
ვჩრდები მთავარი პროსპექტის მთავარ მოედანზე... ყველგან ჯარისკაცები არიან, სხვადასხვა, ერთი ასაკის ბიჭები მოძრაობენ,  არ ჩერდებიან... ეს რაღაც ნიშანია, ვცდილობ კონცენტრაცია მოვახდინო, ვცდილობ გადავინაცვლო სხვა სივრცეში, რომ შორიდან მაინც მოვკრა თვალი.  არ გამომდის, არ მაქვს მეტი ძალა.  ფიქრი მეფანტება, არ ვიცი რაზე გავამახვილო ყურადღება. უცებ ვგრძნობ, ერთმა პატარა ბიჭმა, ჩემს სხეულში გაიარა. ოღონდ ეგ იყო, უცნაურად ეცვა. თან რაღაც წაიღო, ღმერთო ეს  რა იყო...
–შენ აქ ხარ? შეძელი და აქ ხარ? დახმარება გჭირდება, რომ ისუნთქო, იმოძრავო... წაიღე, გეხვეწები ყველა ენერგია წაიღე, იმდენი წაიღე რამდენიც დაგჭირდება. – ვფიქრობ ხმამაღლა და ჩემკენ მომართულ ათასგვარ მზერას ვგრძნობ.
 მერე ისიც ვიგრძენი, რომ გამჭოლი გავხდი და ყველა ვისაც ამ მოედანზე უწევდა გავლა ჩემს სხეულში გადიოდა.  ყველა ჩქარობდა და ყველა გახარებული მიდიოდა ჩემგან. უცებ ქალაქი გაშეშდა და მხოლოდ მე ვმოძრაობდი ამ ქალაქში, ყველაფერი უსულო იყო, მე დაცარიელებული, გამოფიტული და გახარებული, მგონია, ყველა ის ჩემი დადებითი ენერგია იმ ჯარისკაცს მივეცი, რომელიც სადღაც ჰოსპიტალში ებრძვის სიკვდილს.

***
სამსახურში რომ მივედი, ქალაქი უკვე თავის კალაპოტში იდგა. შეშინებული ვიყავი, თამთამ დამამშვიდა, ჩემმა თანამშრომელმა,– ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნერვიულობო. ღმერთო, რა გაცრეცილი სიტყვებია, რამდენმა ადამიანმა მითხრა ბოლო ორ დღის განმავლობაში. და რამდენს ვუთხარი მეც.  ნეტა რა იქნება კარგად.  არ ვიცი, რას ველოდები, ან მე, ან ისინი.
***
დაღამდა... დღეს ადრე დავწექი მინდა დამეძინოს, რომ არაფერზე ვიფიქრო. სიცხე მაქვს, წამდაუწუმ მეღვიძება, უფრო ვერ ვიძინებ... ვსვამ, წყალს. ერთ ჭიქას, ორს, სამს... მესიჯი მოდის,– ახალი ხომ არ იცი რამე? თუ რამეა გამაგებინე რა.  მეც უაზროდ ვკრიფავ დაზეპირებულ ფრაზებს და ვაგზავნი.
მეძინება, ისევ ზარი მაღვიძებს. ისაა  „მას რომ სამყაროზე მეტად უყვარდა.“  ცუდადაა, ნერვიულობს, განიცდის. სანთლებს დავანთებო, ეკლესიაშო წავალო.  არ იმსახურებდაო, - მეც ვეთანხმები.
 ისევ ვიძინებ, კიდევ ზარია... არ ჩერდება ტელეფონი, ჰგონიათ,  მე ვიცი, რა ხდება. აინტერსებთ, როგორაა,  უყვართ,  განიცდიან.  კარგად არის, კარგად იქნება, აი ნახავ, ვეუბნები და თვითონაც არ მჯერა ჩემი სიტყვების. მინდა დადებითი აურა შევუქმნა, არ მინდა ისედაც ცუდად მყოფი კიდევ ცუდი ფიქრებით დავამძიმო.

***
ხუთი დღე გავიდა, კარგადაა. მე მომწერაო, მითხრა ერთმა. მადლობა ღმერთს... მადლობა ღმერთს.

***
-სანთლები მინდა
-რამდენი?
-არ ვიცი, ბევრი, არ დამითვალოთ რა.
წვიმს, ბედობაა, თავშალს ვიკეთებ, პირჯვარს ვიწერ,  სანთლები ნელ ნელა იღვენთებიან... კედლებიდან მოწყალე თვალები მიყურებენ, მადლობა უფალო, მადლობა... გავდივარ, ვსველდები... მიხარია...

***
-საშ, როგორ ხარ, როგორ?
-არამიშავს სალ, ძლივს ლუღლუღებს ხმა
-მადლობა ღმერთს შენი ხმა მესმის, ვეუბნები და თვალები მიცრემლიანდება, არ ვიცი რა ვკითხო. ენა მებმევა. მეშინია კითხვების დასმის, – პასუხების უფრო.
-რამე გტკივაა? ვეკითხები და ვხვდები, რომ იდიოტურ კითხვას ვსვამ...
-ხომ ყველაფერი კარგად გაქვს?
-რა ვიცი სალ, რაც მაქვს ისიც სასწაულია.  ღვთის მადლია სალ.
ძლივს ლაპარაკობს... ჩუმად ვარ, არ ვიცი რა ვკითხო...
-ძალიან მიყვარხარ საშ,  შენს გვერდიით ვარ, თუ რამე შემიძლია.
სიჩუმეა...
-რატომ ვერ გხედავ, გაასწორე რა კამერა.
-არა, არ მინდა ასეთი დამინახო.
უცებ რაღაც ჩამწყდა გულში, მეტკინა ძალიან...
-რატომ? ვეკითხები უტიფრად
-დამწვარი ვარ!
ისევ სიჩუმე...
-მადლობა ღმერთს ცოცხალი ხარ, დანარჩენს ყველაფერს ეშველება, ვეუბნები და მიხარია. რომ მე თვითონაც მჯერა ამ სიტყვების.
–გენერალია მოსული, უნდა გნახოს, ისმის უცხო ხმა.
-ახლავე, პასუხობს ჩემი მეგობარი და მემშვიდობება.
-ღამე შემოვალ თუ დამელოდები.
-დაგელოდები აბა რას ვიზამ, აბა შენ იცი, ძალიან მიყავრხარ
-მეც მიყვარხარ,  მეუბნება და მიდის.
მიხარია, თან გული მტკივა უსაშველოდ, როგორი მილეული ხმა აქვს, რატომ არ დამენახა, დასახიჩრდა? დახეიბრდა? ყველაფერი კარგად იქნება, ვიმეორებ და თავადაც მჯერა ამ სიტყვების.
***
ბნელა...სიჩუმეა, ვიცი რაღაც უნდა მოხდეს, რამდენი ხანია ვიცი... ველოდები, იმას ველოდები რისიც მთელი ცხოვრებაა მეშინია... დროს ვერაფრით ვაჩერებ, ვერც ფიქრებს ვაჩერებ თავში... ირევიან... ბნელა... ჩუმად მივაბიჯებთ ხრიოკ მიწაზე... ბევრნი ვართ, ერთმანეთის გულისცემას ვგრძნობთ. ეს ჩვეულებრივი ამბავია ჩვენთის, დღეს სხვანაირადაა ყველაფერი, ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავი დღეს ყველაფერზე უჩვეულო და უცნაურია...  მერე აფეთქების ხმა ისმის... ძლიერი შუქია... საშინელი ხმაური... ინგრევა, ილეწება, იწვის, კვდება...
***
–პაციენტი კომაშია...
–რამდენი ხანია?
–ხუთი დღეა უკვე...
 არა, ახლა მე არ ვარ კომაში,  ყველაფერი მესმის, უბრალოდ ვერ ვხედავ. თვალები მაქვს დახუჭული და არ მინდა გახელა... ყველაფერი მეწვის, მთელი სხეული, სულიც... ღმერთო, რამდენჯერ უნდა განმეორდეს...  ერთი და იგივე კადრი მიტრიალებს გონებაში, მეხსიერებიდან ვერ ვშლი ხმაურებს, გაციებულ სახეებს, სისხლით დასველებულ ხელებს... ნათებას... მწველს, მხუთავს...
ცოცხალი ვარ,– ვფიქრობ და ვკვდები ისე მინდა თვალების გახელა, იქნებ წუთით მაინც შევძლო ამ ჯოჯოხეთს გავერიდო, არ მინდა დავინახო, მეათასედ ვიგრძნო...
ცოცხალი ვარ,– ყველაფერს ვგრძნობ, ყველაფერი მესმის, თვალის გახელის მეშინია. მხოლოდ...
ჩუმად ვარ... ხმა მესმის... თვალებს არ ვახელ  მეშინია ვერაფერი დავინახო...   

Комментариев нет:

Отправить комментарий