вторник, 4 сентября 2012 г.

„ფილმის გადაღება მთელი ეპოპეაა“ - განსაკუთრებით უკვდავი ფილმების, რეზო ჩხეიძის მოგონებები „ჯარისკაცის მამაზე"

ლეკვო მიყვარხარ 😗😍😛😜
                                                         

"ბატონ რეზოს მეტი, სულ რომ არაფერი გადაეღო, მისი გენიალურობის ხაზგასასმელად მხოლოდ „ჯარისკაცის მამაც“ საკმარისი იქნებოდაო“ - ხშირად მსმენია მსგავსი ფრაზები რეჟისორზე, რომელსაც ამ სურათის გარდა, კიდევ ბევრი შესანიშნავი ფილმი ეკუთვნის. ალბათ, დამეთანხმებით, რომ რეზო ჩხეიძის „ჯარისკაცის მამა“ უკვდავი ფილმია, თუმცა იმ პროცესს რასაც ის დღეს გადის, შეიძლება მისი „მეორე სიცოცხლეც“ ეწოდოს.

1964 წელს გადაღებულ შავ-თეთრ სურათს 2012 წელს ამერიკულ ბელგიური კომპანია გააფერადებს. მათ იდეას, ბატონი რეზო თავდაპირველად, უნდობლად უყურებდა. ამბობს,- არ მჯეროდა, რომ გაფერადებით რამეს მოვიგებდით, პირიქით, დარწმუნებული ვიყავი, რომ წააგებდაო.

ფერს შეუძლია ფილმში რაღაც მსუბუქი ელფერი შემოიტანოს და საზეიმო იერი მისცეს დრამატული სურათს. ამიტომ რეჟისორი ფილმის გაფერადების პროცესს თავად ხელმძღვანელობდა. მხატვრები თითოეულ კადრს ხატავდნენ და მოსკოვში უგზავნიდნენ მას. რეჟისორმა თავიდანვე მოითხოვა, მუქი და მშვიდი ფერები გამოეყენებინათ. მიღებული შედეგით კმაყოფილია და დასრულებული ვერსიის თბილისურ პრემიერას, სექტემბრის თვეში გეგმავს. რაც შეეხება, ფილმის მსოფლიო პრემიერას კანში შედგება. იქ, სადაც, „ჯარისკაცის მამა“, თავის დროზე „არ გაუშვეს“. გაფერადებულ ფილმს კანის კინოფესტივალზე, 2013 წელს, მსოფლიო კინოკლასიკის ეგიდით აჩვენებენ.

„ჯარისკაცის მამის“ გადაღებებს, მის შექმნას და დაბადებას უამრავი წინაღობა ახლდა. ბევრი საინტერესო და ახლა უკვე, სასაცილო სიტუაცია... ბევრჯერ დადებულა სასწორზე ფილმის „ყოფნა არყოფნის“ საკითხი. მოდი, ერთად გადავხედოთ,- როგორ იქმნებოდა იმ ყველასთვის საყვარელი კახელი გლეხის, გიორგი მახარაშვილის სახე, რომელმაც მთელი საბჭოთა კავშირი ერთნაირად აატირა.

გთავაზობთ, რეჟისორის მოგონებებს ფილმის სცენარის, გადაღებებისა და მასში ჩადებული პატარა საიდუმლოებების შესახებ.

შეხვედრა მეგობართან და ტრამვაიში წაკითხული რვაგვერდიანი სცენარი

გადაღებების დასრულების შემდეგ, ასე 6-7 საათისთვის, პლეხანოვზე, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ეზოში, ერთმანეთს მონატრებული რამდენიმე მეგობარი შევიკრიბეთ. მე, სულიკო ჟღენტი და კიდევ ორი... მე და სულიკო დიდი ხნის მეგობრები ვიყავით, აქ ერთ პერიოდში დავამთავრეთ სწავლა. მოსკოვშიც ერთად ვსწავლობდით, ის სასცენარო ფაკულტეტზე, მე სარეჟისოროზე.

ინსტიტუტის დასრულების შემდეგ თბილისში დავბრუნდით. სულიკო დოკუმენტურ სტუდიაში მუშაობდა, მე „ქართულ ფილმში“. ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს და ათას რამეზე ვსაუბრობდით. დიდი სამამულო ომი ჰქონდა გამოვლილი და ყოველთვის საინტერესო ამბებს გვიყვებოდა.

დიდად უცნაური კაცი იყო სულიკო. ჩვენ რომ მოსკოვში ჩემოდნებით დატვირთული მივდიოდით, იმას გაზეთში ჰქონდა გახვეული ერთი პერანგი, ამოიჩრიდა ხოლმე იღლიაში და ისე მიდიოდა. საათსაც არ ატარებდა არასდროს, რომ ვეუბნებოდით,- ასე როგორ დადიხარ, ხან თვითმფრინავით გიწევს ფრენა, ხან მატარებლით მგზავრობა, არ გეშინია სადმე დაგაგვიანდესო? ნიშნისმოგებით გვიპასუხებდა, - ცხოვრებაში როდესმე დამგვიანებიაო?

-იმ დღესაც ასე იყო, უცნაურად ჰქონდა ამოჩრილი იღლიაში დახვეული ქაღალდები, ასე 7-8 გვერდი იქნებოდა, ბათუმში მიდიოდა, ბათუმელი იყო. ვისაუბრეთ, მერე მითხრა უნდა წავიდე მატარებელზე მაგვიანდება და შენ, თუ ძმა ხარ, ეს წაიკითხე სანამ ჩამოვალო.

იღლიიდან დახვეული ქაღალდი გამოიღო და მომაწოდა. ვკითხე რა არის მეთქი,- რაღაც პატარა სცენარია და მინდა ნახოო. გამოვართვი. ლიბრეტო იყო. ის წავიდა. მეც. მაშინ „ზღვის ბილიკზე“ ვმუშაობდი. დილით ადრე მეწყებოდა გადაღებები და ვიფიქრე, ამას გზაში წავიკითხავ და სახლში გამოვიძინებ, რომ დილით გადაღებებზე არ დავიგვიანოთქო. მახსოვს, ტრამვაის ველოდებოდი. მოვიდა, მეც ჩავჯექი და დავიწყე კითხვა, პირველი გვერდი ჩავამთავრე. ვხედავ, რაღაც ძალიან საინტერესოა, სწრაფადვე ჩავიკითხე მეორეც, მესამეც... ბოლომდე ჩავედი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მაშინვე წარმოვიდგინე რა არაჩვეულებრივი სურათის გაკეთება შეიძლებოდა ამისგან. მიუხედავად იმისა, რომ შვიდი, თუ რვა გვერდი იყო, მასში უდიდესი სული, მამობრივი სიყვარული და დიდი პატრიოტული გრძნობა იდო. ეს ერთი შეხედვითაც მარტივად ჩანდა, ერთი გადაკითხვითვე წარმოვიდგინე ფილმის მთავარი გმირი, რომელიც აუცილებლად სერგო ზაქარიაძეს უნდა ეთამაშა. სხვა ვარიანტი თითქმის შეუძლებელი იყო. ვიფიქრე, ხვალ დილას როგორც კი სტუდიაში მივალ სეგოს მოვუყვებითქო.

ასეც მოვიქეცი, ის „ზღვის ბილიკში“ ასრულებდა მთავარ როლს. ამ დროს საგრიმიოროში მეგულებოდა და მეც იქითკენ გავეშურე. სარკესთან იჯდა, გრიმს უკეთებდნენ, მოხუცებულ კაცს თამაშობდა, თავადაც აქტიურად მონაწილეობდა ხოლმე ამ პროცესში და გრიმიორს მითითებებს აძლევდა. შევედი. მივესალმე, - ბატონო სეგო გამარჯობა, იმან ერთი გამომხედა,- გამარჯობაო მითხრა და გრიმიორთან საუბარი გააგრძელა.

ბატონო სერგო, მინდა ერთი კაი ამბავი გითხრათ მეთქი ვეუბნები და თვალს არ ვაცილებ. ----ჰოო? - ისევ ისე გამომხედა სასხვათაშორისოდ, გრიმს ისწორებდა თვალებზე, შემდეგ ყურებზე... მე გავაგრძელე, მოყოლა, ბატონო რეზო გუშინ საღამოს სულიკო ჟღენტმა პატარა სცენარი გადმომცა, ძალიან საინტერესოა რამეა მეთქი.

-ხოო? არც გამოუხედავს, ისე მითხრა. დავჯექი და ნელ-ნელა ვუყვები სიუჟეტს. იქამდე მივედი, გიორგი რომ ჰოსპიტალში მიაკითხავს შვილს.

-მერე ნახა შვილი? მეკითხება უინტერესოდ.

-ვერა, ვერ ნახა შვილი ბატონო სერგო მეთქი. გამომხედა,- მერე ესაა მთელი სცენარიო?- არა, სცენარი ახლა იწყება ფაქტიურად მეთქი ვუთხარი და გავაგრძელე. მამამ გადაწყვიტა, ფრონტზე წასულიყო და აუცილებლად მოეძებნა თავისი შვილი მეთქი. ყოჩაღი კაცი ყოფილაო,- ჩაილაპარაკა და გრიმის გაკეთება გააგრძელა.

მეც გავაგრძელე სიუჟეტის განვითარება, მთელი ემოციებით ვუყვები, თუ როგორ დადის მახარაშვილი სამხედრო ფორმით, როგორ ჩაეწერა ჯარში, როგორ იბრძვის ფრონტზე და როგორ დაეძებს შვილს, ისიც ნელ-ნელა ერთვება, მაგრამ ვხედავ ჯერ კიდევ არაა როლში შესული. ვცდილობ უკეთ დავუხატო რაც ხდება...

...ბოლოს მიადგა ბერლინს და იქ ერთ დანგრეულ შენობაში სროლების შუალედში უცებ ქართული სიმღერა შემოესმა მეთქი...

- „ვინ იყო, ბოშო, ვინ მღეროდა?” - მეკითხება, ათრთოლებული ხმით.

- თურმე მისი შვილი, გოდერძი მღეროდა. მისი ხმა ამოიცნო მეთქი. ახლა გრიმიორსაც დაანება თავი და მომიტრიალდა,- მერე? მერე რა ხდება?

- მერე გერმანელები აღვევენ პირობას, სროლა და სასტიკი ომი იწყება. შვილო,- ეძახის მამა ყოველი შეტევის შემდეგ, შვილი იქიდან პასუხობს... ბოლო დაძახებაზე ხმა არავის ამოუღია, სიჩუმეა და მხოლოდ ყუმბარებს ისვრიან, მამა გრძნობს, რომ რაღაცა ხდება...

მერეე?- მოემზადა ტირილისთვის სერგო, ადვილად ტიროდა ძალიან.... - მერე ზემოთ გავარდება, სხვა ჯარისკაცებიც მისდევენ, მაღლა ადის, იქ სადაც თავისი შვილი ეგულება.

- „ე, ბოშო, მითხარი, ნახა შვილი თუ არა?” - მეკითხება სერგო და უკვე ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლები, - მითხარი რა ქნა მერე?

- რა ქნა და შვილი დაჭრილი იპოვა ბატონო სერგო და ხელში შემოაკვდა მამას, იქვე დაიტირა მეთქი .

ტირის სერგოც - ოოოჰ, ამოიოხრა და მკითხრა ეს ამბავი მე რატომ მომიყევიო. იმიტომ, რომ თქვენ უნდა ითამაშოთ ეს როლი მეთქი. ისევ ატირდა,- ნუთუ ასეთი ბედნიერი ვიქნებიო.

შემდეგ მკითხა სცენარი როდის იქნებოდა მზად, ვუთხარი სულიკო ჩამოდის ერთ კვირაში ბათუმიდან და შევუდგებით მუშაობას მეთქი.

ღმერთო, ნეტაი ეს აღსრულდებოდესო,- ჩაილაპარაკა თავისთვის.

თუ, მაინც და მაინც, გამიჭირდებოდა, ამ როლზე კაკო კვანტალიანს დავუძახებდი...

მე და სულიკო სცენარის დამუშავებას შევუდექით, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ ბევრი მოწინააღმდეგე გვყავდა, მათ ეტყობა არ ესმოდათ რის გადაღებას ვაპირებდით. მაშინდელი, სამამულო ომზე შექმნილი რუსული ფილმები ჰქონდათ წარმოდგენილი, სადაც საბჭოთა გმირები იყვნენ მთავარ როლებში. სცენარის შეფასებაშიც ბევრ შეცდომას უშვებდნენ, გვავიწროვებდნენ და საქმესაც გვიჭირებდნენ. მთავარ როლზე სპარტაკ ბაღაშვილი შემომთავაზეს, ალბათ იფიქრეს, რომ გმირს ჰგავდა. ჩვენ გაგვეცინა სპარტაკი ძალიან მიყვარს, გენიალური მსახიობია და „არსენაში“ შეუდარებელი იყო, მაგრამ ამ როლთან საერთო მას არაფერი ჰქონდა.

თუ, მაინც და მაინც, გამიჭირდებოდა, ამ როლზე კაკო კვანტალიანს დავუძახებდი. მისგან შვეიკის გაკეთება მაინც შეიძლებოდა, სპარტაკს კი, ძალიან დიდ პატივს ვცემდი ყოველთვის მაგრამ ამ ფილმში, ამ როლზე წარმოუდგენელი მეჩვენებოდა.

მაშინ ჩვენი კინოსტუდიის დირექტორი, დიდებული ადამიანი იყო - მიხეილ კვესელავა. მან სცენარი თავიდანვე, სწორად გაიგო და გვგულშემატკივრობდა კიდევაც. ბოლოს, როგორც იტყვიან, სამართალმა პური ჭამა და როლზე სერგო ზაქარიაძე დაამტკიცეს.

სცენარის დამტკიცებას ძალიან რთული ისტორიები, კონფლიქტები მოჰყვა. კრებაზე, რომელსაც მაშინდელი რაიკომის მდივანი ედუარდ შევარდნაძეც ესწრებოდა, სიტყვით გამოვდიოდი. ტრიბუნაზე ვიდექი და ვამბობდი, რომ სცენარი, რომელიც მოსკოვში მიღებული იყო, თბილისში თვეები გაჩერდა, ვიკითხე რატომ ხდება ეს ამბავი მეთქი. ამ დროს მესმის ვიღაცის ხმა, -„ტყუილია, პირიქით მოსკოვი უკმაყოფილოა ამ სცენარითო“ შევხედე კაკოა ბაქრაძე, გავგიჟდი მეგობარი იყო ჩვენი. ვკითხე,- კაკო რას ამბობ, საიდან გაიგე ეგ მეთქი. მიპასუხა,-მე იქიდან ჩამოვედი გუშინ დილით და ვიციო. მართალი გითხრათ, დავიბენი, ვერ მივხვდი რა ხდებოდა. ძალიან, გამიკვირდა...

კრება რომ დასრულდა გადავრეკე მოსკოვში, ველაპარაკე ჩვენს რედაქტორს, იქ მითხრეს კაკო ბაქრაძე საერთოდ არ ვიცით ვინაა, თვალით არასდროს გვინახავსო. უფრო მეტად გამიკვირდა, ვერ ვხვდებოდი რანაირად შეიძლებოდა ამ კაცს ეს გაეკეთებინა, თანაც მეგობარი იყო ჩვენი, ყველაფერს თავი დავანებოთ, სცენარი რომ დავასრულეთ სპეციალურად დავურეკეთ კაკოს, რომ ჩამოსულიყო და ენახა. ჩამოვიდა კიდევაც და წაიკითხა. ჩვენ ახლობლად ვთვლიდით. სულიკო და ის ძმაკაცებადაც კი ითვლებოდნენ. ახლაც არ ვიცი მაშინ რა მოხდა. კარგის მეტი არაფერი გაგვიკეთებია მისთვის არასდროს, მაგრამ არიან ადამიანები, რომელებსაც უბრალოდ არ უყვართ სხვა ადამიანები, კაკოც ალბათ მათ რიცხვს ეკუთვნოდა.

მოსკოვიდან მეორე დილითვე გამოგვიგზავნეს ტელეგრამა და დამიმოწმეს, რომ სცენარი მათგან მიღებული იყო. გადაღებებიც დაიწყო.

სურათის გადაღება მთელი ეპოპეაა, განსაკუთრებით ისეთის, რომელიც ყველას ეხება და პოლიტიკურ სურათადაც კი ცხადდება. გადაღებებს, რა თქმა უნდა, ბევრი სასიამოვნო, მაგრამ ბევრი დრამატული მომენტიც ახლდა.

ვარცლებით თბილისიდან რუსთავში, რუსთავიდან მოსკოვში, მოსკოვიდან რიგაში...

გახსოვთ ალბათ, ფილმში, მახარაშვილს რომ არმიაში იტოვებენ, პირველად მრეცხავ ქალებს ეხმარება წყალი და ჭუჭყიანი ტანსაცმლები უნდა მიუტანოს გასარეცხად, მას არ მოსწონს ეს, ჩხუბობს, გაბრაზებული უსხამს წყალს, შეშას მიუყრის და ა.შ. თურმე ეს ეპიზოდი სცენარში არ ყოფილა, შემდეგ დაუმატებია რეჟისორს. რუსთავში ჰქონიათ რაღაცა პატარა სცენის გადაღება. ვარცლები დაუმზადებიათ სასწრაფოდ და უფიქრიათ ბარემ ამ ეპიზოდსაც აქ გადავიღებთ მტკვარზეო. სად იყო და სად არა, პარტიული კომიტეტის წარმომადგენლები გამოჩენილან, ეტყობა ვიღაცამ „ჩაუშვა“ ჯგუფი. მაშინ აკრძალული იყო ისეთი ეპიზოდის გადაღება, რომელიც დამტკიცებულ სცენარში არ ეწერა. გადამღებ ჯგუფს ვარცლები გადაუმალავს, ვერაფერი უპოვიათ და დაბრუნებულან უკან. შემდეგი გადაღებები თურმე მოსკოვში უნდა გაგრძელებულიყო. უფიქრიათ, იქ წავიღოთ ეს ვარცლები და „მასკვა რეკაზე“ მაინც გადავიღოთო ეს ეპიზოდიო, წაუღიათ კიდევაც მაგარამ პარტიული კომიტეტი, რის კომიტეტი იყო, იქაც რომ პარტიულად არ გამოჩენილიყო. ისევ გადაუმალავთ ვარცლები.

-გავიგეთ ვარცლები გქონიათ დამზადებული და აქ წამოგიღიათ გადაღებისთვისო, „ვიფიცე ყველაფერი, რა ვარცლები ვინ გაძლევთ ამ ინფორმაციებს, საიდან მოგაქვთთქო“,-იხსენებს რეჟისორი.

შემდეგ რიგაში წაუღიათ ეს ვარცლები და როგორც იქნა, იქ გადაუღიათ ეს ეპიზოდი. „იქ ვერ მოგვწვდნენ ეტყობა, ახლა კი სიცილით ვიხსნებ მაგრამ... როგორ შეიძლება ასე დასდევდე ადამიანს ვარცლებით, თბილისიდან რუსთავში, რუსთავიდან მოსკოვში, მერე რიგაში“-ამბობს რეჟისორი.

პატარა საიდუმლოებები - გამოწეული ყურები და დაკერებული ფეხსაცმლები

ფილმის მთავარ გმირს, გიორგი მახარაშვილს თუ დააკვირდებით, ყურები ცოტა გამოწეული აქვს,- ეს ფილმში დიდი დოზით ჩადებული საიდუმლოებებიდან ერთ-ერთია, როგორც რეჟისორმა გვითხრა,- „იმისათვის, რომ გიორგი დამეხატა, როგორც ხანშიშესული კახელი გლეხი, რომელსაც ყველაფერი აინტერესებს, ყურებს უკან სპეციალუად ვუკეთებდით გუბკას, რომ გამოწეული ჰქონოდა და ამით ხაზი გაგვესვ, რომ ის, ძალიან ინტერესიანი კაცია“.

ქალამნებზე კი, მისი ნაბიჯები უფრო მყარი, რომ ყოფილიყო, მეწაღეს ფესაცმლის ფორმის სქელ ძირს აკერებინებდნენ. „სერგო ისედაც მაგრად დადიოდა ცხოვრებაშიც, ამითი, კიდევ უფრო იგრძნობა, რომ ეს კაცი კი არ დაღოღავს, არამედ მყარად დადის დედამიწაზე.“

ფილმში არშესული ეპიზოდის ყველაზე გავრცელებული კადრი

ალბათ ყველას გაქვთ ნანახი, ფილმის მთავარი აფიშა. პლაკატი, სადაც წითელ ფონზეა გამოსახული მთავარი გმირი, რომელიც იარაღით ხელში გამორბის. ძალიან შთმბეჭდავი და გავრცელებული კადრია. თუ კარგად დააკვირდებით დაინახავთ, რომ ეს კადრი ფილმში საერთოდ არ არის. ის სპეციალურად რეკლამისთვისაც არ გადაუღიათ. ეს კადრი, ერთ-ერთი, ჩაშლილი ეპიზოდიდანაა, გაინტერესებთ როგორი იყო ეპიზოდი და რატომ ჩაიშალა?

„ასეთი სცენა უნდა გადაგვეღო, ტრიალ მინდორზე ტანკი მოდის, მინდვრის ბოლოში ტყეა, მინდვრის თავში კი მახარაშვილი, რომელიც შეამჩნევს ამ ტანკს და მისკენ გარბის, მისთვის ტანკი შვილთან ასოცირდება, ფიქრობს, რომ შეიძლება იქ იჯდეს გოდერძი. ამ დროს გამოჩნდება გერმანული თვითმფრინავი, რომელიც ამ ტანკის თავზე დაფრინავს და ისვრის, გიორგი მახარაშილი ამას რომ დაინახავს, გაეკიდება, თან ყვირის,- გოდერძი შვილო, გოდერძი... უძახის, ამხნევებს,- აბა შენ იციი შვილო თვითმფრინავია, ტყეში შეასწარი. ტყვიებს ესვრის თვითმფრინავს და მირბის. ამ დროს ტანკი ტყეში შედის. ეს მიწაზე დაღლილი დაეგდება და უხარია გადარჩაო. ამ სცენის გადასაღებად საჭირო იყო სამამულო ომის პერიოდის გერმანული თვითმფრინავის შოვნა.“

დიდხანს ეძებდნენ, მთელი ევროპის მუზეუმები შემოიარეს, გერმანიაშიც არ იყო. მხატვრები ჰყავდათ გაგზავნილი ყველგან და როგორც იქნა ჩეხოსლოვაკიაში მიაგნეს ერთს, რომელიც მუზეუმში ინახებოდა და ძალიან ჰგავდა იმას, რასაც ეძედნენ. მხატვრებმა სურათები გამოაგზავნესმ, რეჟისორს მოეწონა და თვითმფრინავიც ჩამოიყვანეს.

შემდეგ, რა თქმა უნდა, პილოტი მოითხოვეს. ჩამოვიდა კიდევაც, ვიღაც ახალგაზრდა ომგამოვლილი კაცი, გულზე „გეროი სავეცკოვო საიუზას“ მედალი ეკეთა. აუხსენეს რა და როგორ უნდა გადაეღოთ და დაიწყეს. კადრში აუცილებლად უნდა ყოფილიყო აფეთქებების ხმა. გზაზე ჰქონდათ ამოთხრილი ორომოები, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება იდო, იქიდან ხაზი ჰყავდათ გამოყვანილი და პიროტექნიკი ნიშანის მიცემისთანავე აფეთქებდა.

„აფრინდა პილოტი, გვითხრა ჰაერში ვარ და დაიწყეთო, ძალიან მაღლა არ ყოფილა, მაგრამ რადგან გვითხრა, მეც ვანიშნე პიროტექნიკს და მანაც ააფეთქა ნივთიერება, რომელიც ჰაერში აიჭრა და თვითმფრინავს ფრთა გაუხვრიტა. ამაზე გადაგვერია ეს „გეროი“. ვეუბნები,- „შას დავაიტე ეშიო რაზ“-მეთქი, შემომხედა და გაბრაზებული მპასუხობს „და პაშლიტე ვი ნა ...“ - მე ამას ვერ გავაკეთებ სახელმწიფო საკუთრებას ვერ გავაჩანაგებო, ადგა და წავიდა. დავრჩით ამ ეპიზოდის გარეშე, გადაღებების უკანასკნელი დღე იყო, ჩვენ წამოვედით, ეს კადრი კი კარგ რეკლამად იქცა და დღემდე შემოგვრჩა“,- იხსენებს რეჟისორი.

ჩაბარება

ფილმის გადაღება 1965 წელს დასრულდა, მაშინ ამას სურათის ჩაბარება ერქვა. წლის ბოლოს,- 31 დეკემბერს, ყველა დიდ ორგანიზაციას მთავრობის წინაშე ჰქონდა ვალდებულება წარედგინა ანგარიში, თუ როგორ დამთავრდა წელი. როგორია ფინანსური მაჩვენებლები, შესრულდა თუ არა გეგმა და ა.შ. მაშინ საქართველოც საბჭოთა კავშირის გეგმაში შედიოდა და შესაბამისად ეს ფილმიც მოსკოვისთვის უნდა ჩაებარებინათ. თუ ფილმს დეკემბერში არ ჩაიტანდნენ მაშინ მთელი საბჭოთა კავშრის კინოგეგმა ვარდებოდა, ეს კი, ყოვლად დაუშვებელი იყო. მოემზადნენ და 31 -ში დანიშნულების ადგილას იყვნენ. არასამუშო დღე იყო და სამინისტროში ფილმის ჩაბარებაზე მხოლოდ კინემატოგრაფიის მინისტრი, რომანოვი და მისი მეუღლე მივიდნენ.

„ისინი ახლოს დასხდნენ ეკრანთან. მე და ხმის ოპერატორი დარბაზის ბოლოში ვისხედით. საერთოდ , რეჟისორი ზუსტად ატყობ, თუ როგორ იღებს მაყურებელი ფილმს. ვატყობ ამ მინისტრს არ მოსწონს, ფეხებს აბაკუნებს, გაიხედავს-გამოიხედავს და რაღაცას იწერს. ცოლი დიდი ინტერესით ადევნებს თვალს და ემოციებსაც შესაბამისად გამოხატავს. დამთავრდა სურათი და რომანოვი წამოვიდა ჩემსკენ. მეუბნება. - „ზნაიტე ჩტო ია ვამ სკაჟუ, ეტუ კარტინუ სავეცკი ნაროდ ნე ბუდეტ სმატრეტ“ , - „პაჩემუ ტავარიშ რომანოვ, ჩტო ვი ნაშლი ტაკოვა?“ ვეკითხები და მპასუხობს, რომ მახარაშვილი არის ჯარისკაცი, რომელიც კლავს საბჭოთა არმიის ოფიცერს, ამის უფლება კი საბჭოთა არმიაში არააქვთ, ამიტომ მე ვერ გავუწევ აგიტაციას იმას რაც საბოჭთა კავშირისთვის მიუღებელია. თქვენზე პასუხს ვერ ვაგებ, ვფიქრობ, თავდაცვის სამინისტროც წინააღმდეგი იქნება ამ ფილმის გამოჩენისო.

რა უნდა მეთქვა, - მინისტრია. ვატყობდი რომ სისულელეს მეუბნებოდა, მაგრამ დავა არ დამიწყია. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. სახლში წავედი, დავწექი, არ ვიცოდი რა მექნა. თბილისში რომ დამერეკა და მეთქვა არ მიიღეს სურათიო, სტუდიაშიც გადაირეოდნენ და ოჯახშიც. გადავწყვიტე დროებით თავი შემეკავებინა, ერთი კვირა გავიდა, დაახლოებით და დამირეკეს. დამიბარეს ფილმის ჩვენებაზე, რომლისთვისაც „პოლიტიჩესკაია პრავიტელსტვა სავეცკოი არმიი“ - ს უნდა ეყურებინა. ეს ძალიან საშიში ორგანიზმი იყო, დაახლოებით კაგებე. სხვა რა გზა გვქონდა, მივედით მე და ჩემი ხმის ოპერატორი. ვზივართ და ველოდებით, როდის შემოვლენ. მალე მთავარი გენერალ ლეიტენატი ვლადიმერ ვასტოკოვი გამოჩნდა, რომელსაც 12-მდე სხვა გენერალი შემოჰყვა. დასხდნენ და დავიწყეთ ჩვენება.

ყველა ინტერესით ადევნებდა თვალს, სასაცილო მომენტებში იცინოდნენ, მერე ერთი მოტრიალდა და ჟესტებით გვანიშნებდა, რომ მოსწონდა. მივხვდით, ყველაფერი კარგად იყო, არა და ძალიან ვნერვიულობდით ამათზე იყო დამოკიდებული ცეკაში რას იტყოდნენ. ბოლოს ძალიან ჩაერთვნენ და გამხიარულდნენ. ფილმი რომ დასრულდა უფროსი გვეკითხება, რატომ არ მიიღო თქვენმა მინისტრმა ეს ფილმიო? რა უნდოდა მას თქვენგანო? ვუპასუხეთ, ის სთვლის, რომ ეს ფილმი კანონის არღვევს და არ შეიძლება ჯარისკაცი საბჭოთა არმიის ოფიცერს კლავდესმეთქი. ჩაიცინა, როგორც ჩანს თქვენმა მინისტრმა ვერაფერი გაიგოო, - „ეტა ნე სალდატ, ეტა ატეც სოლდატა, ი კარტინა ტაკ ი ნაზივაეტსია -„ატეც სალდატა“ . პირიქით, ჩვენ ძალიან მოგვეწონა ეს ფილმი და გპირდებით მას მთელი საბჭოთა კავშირი ნახავს, გილოცავთ გამარჯვებას და წარმატებებს გისურვებთო.“

პირველი შემფასებლები,- „ბავშვები ყველაზე გულწრფელები არიან“

„გენიალურ ჩარლი ჩაპლინს ჰქონდა ასეთი თვისება, სურათს რომ გადაიღებდა, პირველად ბავშვებს შეკრებდა და მათ აჩვენებდა. მათ გულისფიცარზე ყველაფერი ყოველგვარი ტვინის ჭყლეტის გარეშე ისახება, ბავშვები ყველაზე უშუალო მაყურებლები არიან. მახსოვს ჩვენი პირველი მაყურებლებიც ისინი იყვნენ, პიონერთა სასახლეში.

პიონერთა სასხლის მხატვრული კაბინეტის განყოფილების გამგე, რუსთაველის თეატრის მსახიობი ნოდარ ჩხეიძე იყო. ვმეგობრობდით, მან შემომთავაზა ფილმი ბავშვებისთვის გვენახებინა. ჯერ არავის არ ჰქონდა ნანახი, იდეა მომეწონა და გადავწყვიტე პირველი მაყურებლები ისინი ყოფილიყვნენ. ვერ წარმოგიდგენიათ რა რეაქციები ჰქონდათ, დამამთავრებელი კლასის ბავშვები იყვნენ, ზუსტად ისე გაიგეს ფილმი, როგორც მე მქონდა ჩაფიქრებული. მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი სწორად იყო გაკეთებული. ძალიან კარგ გუნებაზე წამოვედით იქიდან. გათმამებულები... ძალიან ბევრი ქვეყანა წარმატებით მოვიარეთ: აშშ, ჩილე, პერუ, იაპონია, გერმანია, ჰოლნადია, სირია, ეგვიპტე, საფრანგეთი და ა.შ. ძალიან სასიამოვნო იყო თითოეული ჩვენება, ერთმანეთისგან განსხვავებული, საინტერესო ისტორიებით სავსე...



[for.ge]

P.s:  ჩემი კიდევ ერთი დიდი ხნის ოცნება ასრულდა. რა ბედნიერებაა, როდესაც ასეთი ადამიანების პირადად მოსმენის საშუალება გაქვს, უფრო მეტიც შეგიძლია მოესიყვარულო, მიეფერო, ჩაეხუტო და ყველა ის თბილი სიტყვა თამამად უთხრა, რისი თქმის სურვილიც არაერთხელ გაგჩენია, მისი ნებისმიერი შედევრის ნახვის დროს. როგორ მიხარია ამდენი უარყოფითი მუხტის შემდეგ ისეთი დადებითი ემოციებით, რომ ვიტვირთები მთელი ცხოვრება რომ მეყოფა მოსაგონად. გენიალური რეჟისორი და გენიალური ადამიანი, უბრალოდ გენიალური რეზო ჩხეიძე... ძალიან მიყვარს ძალიან ♥♥♥




Комментариев нет:

Отправить комментарий