სალომე სორდია ფილმი „გაღმა ნაპირი,"- თანამედროვე ქართული კინომატოგრაფიის დიდი მიღწევაა. ჩვენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, - უამრავი ნომინაცია და უმაღლესი შეფასება. ჩამონათვალი დიდია: რუსეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, ინდოეთი, სომხეთი, თურქეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ამერიკა... ჯილდოები ბევრი,- „ოქროს ლილია"; „ ოქროს ალჰამბრა"; „ოქროს გარგარი"; „ოქროს ფორთოხალი." საუკეთესო რეჟისურისთვის, შესრულებისთვის, სცენარისთვის, ოპერატორული ნამუშევრისთვის, დებიუტისთვის. ჟიურის სპეციალური პრიზები და „ოსკარიზე" წარდგენილი საქართველო. ეს არასრული ჩამონათვალია, იმ წარმატებისა რაც რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმს „გაღმა ნაპირი" ერგო. დადგა ახალი წარმატებების დროც, რაც ახალ პროექტზე მუშაობას მოჰყვება, პროცესი დაწყებულია, „კუნძული დაძრული" „Geotimes.ge" გიორგი ოვაშვილს ახალ ფილმზე „სიმინდის კუნძულზე" ესაუბრა, გაირკვა რომ, ისტორია, დიდი ხნის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ "გაღმა ნაპირზე" მუშაობის დროს. რეჟისორმა სცენარისტ ნუგზარ შატაიძისგან პატარა, დოკუმენტური ფილმის სცენარის მონახაზი მოისმინა. საუბარი პატარა კუნძულებზე იყო, რომელსაც მდინარე ენგური ზაფხულობით ქმნიდა. ამ კუნძულებზე გლეხები გადადიოდნენ და სიმიდის მოსავალი მოჰყავდათ. გიორგი ოვაშვილი: ამ ამბავმა დამაფიქრა, მივხვდი, რომ იდეა შეიძლებოდა მხატვრული ფილმის კარგ სცენარად ქცეულიყო. შექმნილიყვნენ პერსონაჟები და გაკეთებულიყო დრამატული ისტორია, რომელიც ერთ პატარა კუნძულთან იქნებოდა დაკავშირებული. მართლაც, ეს იდეა თანდათანობით დაიხვეწა და განვითარდა. პერსონაჟბიც გაჩნდნენ. მოხუცი გლეხი, (რომელიც მეგრელ გლეხად იყო ჩაფიქრებული და საბოლოო ჯამში აფხაზად იქცა) და მისი შვილიშვილი გოგონა, რომელიც მთლიანადაა ჩართული მოხუცის საქმიანობაში. (მას მშობლები არ ჰყავს და ბაბუა ზრდის). ბოლოს გაჩნდა მესამე პერსონაჟი,- ქართველი ახალგაზრდა პოლიციელი, რომელიც იქ სასაზღვრო ზოლს აკონტროლებს. საბოლოო ჯამში, მივიღეთ არაკლასიკური სამკუთხედი, სადაც, მთელი ისტორიის მანძლზე, სამი ადამიანი ერთმანეთთან კონფლიქტში, მოდის. -როგორ ვითარდება ამბავი ფილმში? -ხდება სამივე პერსონაჟის ცალცალკე ხაზის განვითარება,- სულ სამი ხაზი. ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრება და კონფლიქტი. სასიყვარულო ხაზი,(რომელიც გოგონასა და პოლიციელს შორის ჩნდება) და მესამე, ძირითადი,- როგორ ახერხებენ მტრები ურთიერთთანაცხოვრებას. კუნძული, რომელზეც ჩვენ ვათამაშებთ ისტორია, გარკვეულწილად სამყაროს მინიმოდელია. სიმბოლურად, კუნძული გაზაფხულზე ჩნდება, ასრულებს რაღაც მისიას და შემოდგომის წყალდიდობაზე ისევ წყალს მიაქვს. ეს არის ციკლი, რომლის შემდეგაც ახალი კუნძული წარმოიშობა, ალბათ მანამდეც არსებობდა და ა.შ. -სცენარზე, ჰოლანდიელი სცენარისტი მუშაობდა? -დიახ, რულოვ იან მინებო, ბოლო ეტაპზე ჩავრთეთ. მე მქონდა მასთან სამუშაო გამოცდილება, მეორე სცენარზე "ხიბულა", რომელის რეალიზაცია „სიმინდის კუნძულის" შემდეგ მოხდება. ამჟამად ფილმს სამი სცენარის ავტორი ჰყავს ნუგზარ შატაიძე, რულოვ იან მინებო და გიორგი ოვაშვილი. -გქონდათ გამოცხადებული ქასთინგი არაორდინალურ გოგონაზე, წინა ფილმის „გაღმა ნაპირის" მთავარი გმირი, თედო, როგორც ვიცი, დიდი ხნის ძებნის შემდეგ შემთხვევით იპოვეთ, ამჯერად თუ გაგიმართლათ და თუ შეხვდით გოგონას, რომელიც ამ ფილმში ითამაშებს? - შეიძლება ზედმეტ ყურადღებასაც კი ვაქცევ მსახიობების ზუსტად შერჩევას, ტიპაჟი იქნება ეს თუ პროფესიონალი. მართალია, ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ წინა ფილმზე, დაახლოებით შვიდი, რვა თვე ვეძებდით მთავარ გმირს, ათასამდე ბიჭი გავსინჯეთ, ქასთინგმა შედეგი არ გამოიღო. თედო სრულიად შემთხვევით, მოულოდნელად შემხვდა ერთ-ერთ კლინიკაში, ქასთინგთან მას საერთო არ ჰქონია, ის ბედმა გამომიგზავნა. რაც შეეხება ამ ფილმს, დიდი ხანია დავიწყეთ ქასთინგზე მუშაობა. ბოლო შერჩევაზე 750 ამდე გოგონა მოვიდა. დანამდვილებით ვერ გეტყვით, რომ ის გოგო მოვძებნეთ, ვისაც ვეძებდით, ძებნას ახლაც ვაგრძელებთ. რამდენიმე გოგონა, ასე ვთქვათ, მეორე ტურში გადავიყვანეთ. ხუთშაბათს უფრო ახლოს გავიცნობთ და გავარკვევთ მათ ინტერესებს. -დანარჩენი მსახიობები შერჩეული გყავთ? -მსახიობის შერჩევის ჩვენი პრინციპი შემდეგნაირია,- პირველად ვირჩევთ მოხუცს, რომლის როლისთვის გარკვეული მონახაზი უკვე გვაქვს, შემდეგ გოგონა და ბოლოს ბიჭი. ჯერ არ გვინდა ბიჭი მოვძებნოთ, იმიტომ, რომ არ ვიცით, როგორი იქნება გოგონა. როდესაც ამ სამ პერსონაჟს შევკრავთ, დანარჩენი, მეორეხარისხოვანი პერსონაჟები,(დაახლოებით რვა ათი პერსონაჟი,) ტიპაჟურად აირჩევა. გვინდა ჩვენი ვიზუალური სამყარო შევქმნათ და ამ კუნძულზე ისეთი ადამიანები დავასახლოთ, რომლებიც ამ სამყაროს გარკვეული წევრები იქნებიან. გვინდა მოხუცის როლზე, ერთ-ერთი, დიდი სახელის მქონე მსახიობი გვყავდეს. ეს ჩემი უცხოელი პრიოდუსერების რჩევაა, რომელიც ხელს შეუწყობს ფილმის კომერციული პოტენციალის ზრდას. -მოხუცის როლის სავარაუდო კანდიდატები თუ გყავთ? -მოლაპარაკებები გვაქვს ორ მსახიობთან. ესენი არიან,- ომარ შარიფი და პიერ რიშარი. პიერ რიშარისგან აბსოლუტური თანხმობა გვაქვს, პირიქით ის ძალიან მოხარულია ჩვენი შეთავაზებით. ომარ შარიფის აგენტები კი, სცენარის გაცნობის მომენტში არიან. -გადამღები ჯგუფი უკვე დაკომპლექტებულია? -შემოქმედებით ჯგუფს რაც შეეხება, აქტიურად ვმუშაობთ. რამდენიმე საკვანძო პოზიციაზე დაახლოებით ვიცით ვის მოვიწვევთ. დამდგმელი ოპერატორის პოზიციაზე, გერმანელი ოპერატორის ფრედ კელერმანის მოვიწვევა გვინდა, ის ევროპული კინოს დიდი ოსტატია და ბევრი სერიოზული ნამუშებრები აქვს. მოწვევა გამოწვეულია, იმითაც, რომ გერმანელი პარტნიორის მიერ მოპოვებული თანხა მათსავე ნაწილზე უნდა დაიხარჯოს. ეს წესია. ინვესტორის ფული მისი ქვეყნის ადამიანურ, ან ტექნიკურ რესურსში უნდა ჩაიდოს. თითქმის გადაწყვეტილი გვაქვს, რომ გვეყოლება გერმანული წარმოების პროდაქშენ დიზაინერი, ვინც კუნძულის დიზაინს გააკეთებს. მთელი კუნძული ტექნიკურად უნდა შევქმნათ, რომ ბოლოს ჩაიძიროს. ეს ვერ იქნება ბუნებრივი კუნძული, რადგან მდინარის მიმოქცევის გაკონტროლება ფაქტობრივად შეუძებელია. გვაქვს გეგმა, რომელიმე მდინარის პირას შევქმნათ სათადარიგო კალაპოტი და იქ მოვაწყოთ მთელი გადასაღები მოედანი. აქედან გამომდინარე, ტექნიკური პრობლემები ძალიან დიდია. ეს კიდევ ერთი დიდი მოტივია იმისა, რომ უცხოელი სპეციალისტები დიდი სურვილით ჩაერთვნენ ამ პროექტში. ყველაფერი სირთულეებთან და წინააღმდეგობებთანაა დაკავშირებული, კინოში მომუშავე ყველა ადამიანმა იცის თუ რას ნიშნავს ამ წინააღმდეგობების გადალახვის ჟინი. ვფიქრობ, ტექნიკური თვალსაზრისით, მეც საინტერესო მუშაობა მელის. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იქნება. -როგორც მივხვდი, გადაღებების დაწყება დიდი სირთულეებს უკავშირდება, დაახლოებით თუ იცით გადაღებების თარიღი? -დიახ, ჩვენ უკვე გვაქვს ზუსტი გეგმა, რადგან სეზონზე ვართ დამოკიდებული. გადაღებები, გაზაფხულზე, აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში უნდა დაიწყოს. შემდეგ ვგეგმავთ ზაფხულის ნაწილის გადაღებას და ზაფხულის ბოლომდე ვჩერდებით, შემოდგომის დასაწყისში გადაღებები განახლდება და იმედი გვაქვს სექტემბრის ბოლოს მორჩება. რაც შეეხება, მთლიანი ფილმის დასრულებას, ჩვენი გეგმაა 2013 წლის მარტის ბოლოს ფილმი მზად იყოს. -პარტნიორები ახსენეთ, ამ ფილმმა მათი დიდი დაინტერესება გამოიწვია, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან საკმაოდ სოლიდური გრანტები მოიპოვეთ, როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია მათი ასეთი დაინტერესება? - რეალურად ყველა სფეროში ინტერესი იმის მიხედვით ჩნდება თუ რა გაქვს გაკეთებული, საიდან მოდიხარ და რა დგას შენს უკან. ასეა კინოშიც, ვფიქრობ ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი როლი წინა ფილმმა „გაღმა ნაპირი" შეასრულა. ის ძალიან დაგვეხმარა შემდგომი ნაბიჯების გადაგმაში. ეს იყო საბაზო ნაწილი ევროპისთვის, რომ საჭიროდ ჩაეთვალათ ამ რეჟისორის შემდგომი ნამუშევრით დაინტერესება. ამას, საინტერესო სცენარიც დაემატა. -წინა ფილმით თუ იყვნენ უცხოელები დაინტერესებული? - მაშინ ევროპელებთან ფაქტიურად ვერ მოვახერხეთ ურთიერთობა, ვერ დავაინტერესეთ. ახლა მეტი გამოცდილება გვაქვს, ვისწავლეთ მუშაობა მათ მოსაზიდად. ჩემთვის მოულოდნელია, მაგრამ „სიმინდის კუნძულზე", ვფიქრობ ყველაფერმა ერთად იმუშავა. ყოველ დღე გვესმის ახალი დაინტერესება, სხვადასხვა, ქვეყნის პროდიუსერებისგან, ძალიან მსხვილი კომპანიებიდან, ტელევიზიებიდან და ა.შ. გარდა იმისა, რომ ეს გვახარებს დიდი პასუხისმგებლობის წინაშეც გვაყენებს. შანსი ერთხელ გეძლევა, თუ ვერ გამოვიყენე შემდგომი ნაბიჯი ძალიან გაჭირდება ან აღარც იქნება. -აუცილებლად იქნება. ქართულმა მხარემ თუ ჩადო, ჯერჯერობით, რამე ფინანსები პროექტში? -თეორიულად ქართული მხრიდან მხოლოდ ერთი წყარო გვაქვს,- ესაა ეროვნული კინოცენტრის კონკურსის საფუძველზე მიღებული თანხა. სახლემწიფო სუფსიდია. კინოცენტრს უკვე გამოცხადებული აქვს პროექტების მიღება და ჩვენც მზად ვართ. შედეგები იანვარში იქნება, გარანტირებულად ვერაფერს ვიტყვით, რადგან კონკურსზეა საუბარი. ყოველ შემთხვევაში რეალისტურად ვართ განწყობილები, ვნახოთ. -ფართო საზოგადოებამ „გაღმა ნაპირით" გაგიცნოთ, სათანადოდ შეაფასეს კიდევაც ეს ფილმი არამარტო საქართველოში, არამედ ბევრი სხვა ქვეყნანაში, რა იყო „გაღმა ნაპირამდე"? -„გაღმა ნაპირამდე" იყო ძალიან რთული პროფესიული ზრდა და ბევრი პრობლემა, რომელიც ახლაც არ მაკლია. მანამდე, დაახლოებით 7-8 წლის დიდი წვალების შემდეგ, მხოლოდ სამი, ოთხი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გაკეთება მოვახერხე. -როგორც ვიცით, თქვენს პირველი პროფესიას არანაირი კავშირი არააქვს კინოსთან, როგორ მოხვდით მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე? -ჰო, ჩემი პირველი პროფესია მანქანათმშენებლობა იყო. მაშინდელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ძალიან პრაგმატული მიზეზით წავედი. ჩემზე მშობლების გავლენა იყო დიდი, პედაგოგები იყვნენ და მკაცრად მზრდიდნენ, მთელი ბავშვობა მკაცრ ჩარჩოებში გავატარე, უნდა მესწავლა,- ეს უზენაესი ამოცანა იყო. არ მქონდა არანაირი უფლება სკოლა გამეცდინა, ან სადმე წავსულიყავი სკოლის შემდეგ. ასეთი რკინისებური რეჟიმი გავიარე, მაგრამ ეს რეჟიმი კინოში ძალიან გამომადგა. ისეთ ადგილას უნდა ჩამებარებინა, (მშობლების გადაწყვეტილებით) რომ აუცილებლად სტუდენტი გავმხდარიყავი, ან მეორე ვარიანტი, ჩემი რუსულ ჯარში გაშვება იყო. მანქანათმშენებლობა ვარჩიე ჯარს, თუმცა პირველი კურსიდან, საბუთების, თეატრალურ უნივერსიტეტში გადატანა მინდოდა. ხუთი წელი ისე გავიდა, რომ თეატრალურში სარეჟისორო ფაკულტეტზე მიღება არ ყოფილა. 13 წლიდან მქონდა გადაწყვეტილი, რომ კინო ჩემი მთავარი საქმე იქნებოდა. თუმცა, ვიცოდი, რომ ამ გზიდან გადახვევადამჭირდებოდა, ამისთვის მზად ვიყავი. -რამ განაპირობა კინოსკენ ბავშვობიდან სწრაფვა? -არ ვიცი, იცით? მეც ვერ ვხვდები, რომ ვუფიქრდები. მახსოვს ადრეულ ბავშვობაში, სულ ვცდილობდი სანახაობა შემექმნა და ვიღაც დამეინტერესებინა. არის ამაში რაღაც გარკვეული აზარტი. როცა შენი თხრობით, შენი შესაძლებლობებით სხვა ადამიანს აინტერესებ და გარკვეულ ემოციას გადასცემ. 4-5 წლისას სახლში ჩემი თოჯინების თეატრი მქონდა. საბავშვო ჟურნალებიდან ვჭრიდი ნახატებს და ჯოხებზე ვამაგრებდი. პირველად დიდ ეკრანზე ფილმი 13 წლის ასაკში ვნახე. ახლაც მახსოვს, „ჩერმენი" ერქვა, -კავკასიელ, მთიელ გმირებზე იყო. (მერე ვერსად ვერ ვიპოვე) ბნელ დარბაზში უზარმაზარ განათებულ ეკრანს, უამრავი ხალხი უყურებდა გასუსული, ალბათ მაშინ მივხვდი, რომ მეც ეს საქმე უნდა მეკეთებინა. -თეატრალური უნივერსიტეტის შემდეგ ნიუ-იორკის კინოაკადემიაში სწავლობდით, როგორია იქ სწავლა, საქართველოდან უკვე კინოგანათლებით წასული რეჟისორითვის? -იქ სწავლის აბსოლუტურად სხვა სპეციფიკაა, სხვა მიდგომა პროფესიისადმი. აქ კინორეჟისურაში ძირითად აქცენტს თეორიაზე ვაკეთებთ და ძალიან ნაკლებად ვასწავლით პრაქტიკულ პროფესიას. კინორეჟისურა კი ისეთი პროფესიაა, რომ მას ვერავინ გასწავლის. შეიძლება შემეცნებითი ცოდნა გაიფართოვო, თუმცა ბევრი კითხვით რეჟისორი ვერ გახდები. ხელობა უნდა ისწავლო. უნდა ისწავლო, როგორ გააკეთო იმის რეალიზება რაც მაყურებელს უნდა უთხრა. ამას აუცილებლად სწავლა უნდა, შეიძლება შენში არის რაღაც, მაგრამ ამას მაყურებლამდე მიტანა სჭირდება. ამერიკაში გასწავლიან, სისტემას და ტექნოლოგიას. რა უნდა გააკეთო, რომ შენი სათქმელი მოკლე, ეფექტური გზით სთქვა. |
| geotimes.ge |
пятница, 9 декабря 2011 г.
სიმინდის კუნძული“ სამყაროს მინიმოდელი, რომელსაც გიორგი ოვაშვილი შექმნის
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий