воскресенье, 10 апреля 2011 г.

გავყიდეთ, მეტი რაღა გვინდა...ვაჩუქეთ მეტი აღარ დაგვრჩა...


მე სხვა რამე მინდა, ცოტა სხვა რამე.... ცოტა პური მინდა  და მადლი, მარილი რომ მოვაყარო.. მე  სითბო მინდა და ცოტა სინათლე წყვდიადი რომ გავანათო....
მე ბერი ვარ და ერი მინდა, ჩემი ამაყი ერი...
კაი გვეყოფა!!!
მოვრჩეთ რა!!!
გავყიდეთ, მეტი რაღა გვინდა...
ვაჩუქეთ მეტი აღარ დაგვრჩა...
ფიქრები წავართვათ ერთმანეთს და სხვებს ნუ შევრაცხავთ მოღალატეებად, როცა საკუთარ თავებს ვერ ვცნობთ სარკეში...
თავისუფალი ბგერა მინდა და ნოტი კიდევ ყველაზე მაღალი... მიწა მინდა ჩემი დაკარგული მიწა და სიტყვა კიდევ, რომელსაც ყოველთვის სხვა მართმევს ჩემს ქვეყანაში...
მოდი ცოტა ხნით დავივიწყოთ!!!
ხო, არ შეიძლება დავივიწყოთ?
მოდი, დავივიწყოთ, რომ ვიღაცას მესამე ბავშვი მოუკვდა შიმილით...მოდი დავივიწყოთ, რომ ვიღაცა შარშანაც გაიყინა სიცივით...
მერე რა,
მერე რაა..?!
მე  არ მემუქრება ამისთვის „სირცხვილი!!!“
მოდი დავივიწყოთ „სხვების“  თვალწინ აგიზგიზებული გაზები, ახმაურებული „კრანები“ ამუშავებული ქარხნები,

პორტები,
აეროპორტები...
მერე რა, - იმ ონკანში დღესაც არ მოდის წყალი... მერე რა, რომ ის გაზი მეზობელ სოფელში დატენილი ბალონიდან მოდიოდა, მერე რა, რომ ქარხნები საერთოდ არ გვაქვს და აეროპორტებს ყოველდღე სძვრებათ სახურავები....
მოდი, დროებით დავივიწყოთ რა „დედა ენას“ რომ ვირტუალურად ისწავლიან ჩვენი შვილები, მოდი დროებით შევიკრათ სუნთქვა და „ალერფასტი“ დავლიოთ წიგნების სუნზე... მოდი იაკობი ბილ გეიტსით ჩავანაცვლოთ და შოთაც რაღად გვინდა ჩვენს საუკუნეში....
 სემინარები წავაკითხოთ ვინმეს  „უსექსო ქალაქზე“ ან სულაც ქუჩაში გამოსულ
„პროტესტანტებს“  ვურტყათ წიხლები, მოდი ანაფორები გადავიცვათ სათითაოდ და ეკლესიებისთვის მოვითხოვოთ შესაწირები, მოდი სულები გავყიდოთ სადმე სანაგვეზე, ჩამოფასებული სულები და თავი დავიმშვიდოთ, რომ სხეულებს არაფერი მოეთხოვებათ მაინც...
მერე რა, რა მოხდა, თუ ხელფასები მხოლოდ პატრულის თანამშრომლებს აქვთ და ჩვენ მხოლოდ გადასახადებს ვიხდით, მერე რა, რომ საავადმყოფოებში სატანები დადიან თეთრი ხალათებით და ქუჩებში მათხოვრები, გაშიშვლებული.... რა მოხდა, თუ  ჩვენ გამჭვირვალე არქიტექტურა გვიტაცებს, ამ ბოლო დროს, და დევნილები სათამაშო კუბიკებში გვყავს ჩასახლებული,  მერე რა, რომ   დედაჩემი ოცდასამი წლის ასაკშიც მე მარჩენს და სახლში დღესაც არა მაქვს აბაზანა.... მერე რა, რომ ქერა თმები მაქვს და სამსახური არა.... მერე რა... მერე რა...
მერე რა...?!
დავხუჭოთ თვალები,
 დახუჭეთ რა...
 დახუჭეთ  და მოეშვით!!!
რომ შემეძლოს შიშველი დავდგებოდი ქუჩაში და აქციას გავმართავდი....  „საყოველთაო პროტესტით,- სუიციდი“   პირველი მე მოვიკლავდი თავს სირცხვილით... და ამ სირცხვილს სიშიშვლეს დავაბრალებდი....
მერე რა, რომ ყველაფერს გულხელდაკრეფილი ვუყურებ და არაფრის გაკეთება შემიძლია, მოდი „დავიკიდოთ“ რა, დავივიწყოთ ყველაფერი!!!!


Комментариев нет:

Отправить комментарий