суббота, 19 ноября 2011 г.

დიმიტრი ტატიშვილი: თეატრი სასწაულია, რომელიც არ უნდა დავკარგოთ

სალომე სორდია 





შრომისმოყვარე, წარმატებული, ნიჭიერი, სიმპათიური. ხმა - ჯადოსნური, მანერა - დახვეწილი, გამოხედვა - დამატყვევებელი. არ ვიცი, ეს მისი არტისტული ხრიკებია , თუ რა ხდება , მაგრამ ზუსტად ასეთია Geotime.ge"-ს. რესპოდენტი .
უყვარს მაყურებელი, სახლში ყოფნა და სამხედრო საქმე. თავად გამოგვიტყდა, რომ არა მსახიობი, ალბათ, სამხედრო მოხელე ვიქნებოდიო. საბედნიეროდ გაგვიმართლა, ჩვენც და მასაც, რადგან ჩვენც ძალიან გვიყვარს ის და თავადაც არაფერს იშურებს ჩვენთვის. ეს მსახიობისა და მაყურებლის იდეალური ურთიერთობაა. სწორედ ამ ურთიერთობას მოჰყვება უამრავი, თეატრალური და კინო როლი, რომელის ნაკლებობასაც ჩვენი სტუმარი ნამდვილად არ უჩივის. დიახ, ჩვენი სტუმარია, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, გამხმოვანებელი და არაერთი კინოროლის შემსრულებელი დიმიტრი ტატიშვილი.

-ავიწყოთ სიახლეებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გამოჩნდა ახალი დოკუმენტური ფილმების სერია, სადაც თქვენ მთხრობელად მოგვევლინეთ...

- "ოკუპაცია" ძალიან დიდი პროექტია. მასზე წელიწადნახევარი, დაახლოებით16 ქვეყანაში ვმუშაობდით. მომზადდა 20 დოკუმენტური ფილმი, რომელშიც გაერთიანებულია 14 ქვეყნის ოკუპაციის რეალური ისტორია. არქივებიდან იქნა მოძიებული უამრავი უცნობი ფაქტი, გასული საუკუნის ორი ტოტალიტარული სახელმწიფოს - საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის მიერ ევროპისა და აზიის ქვეყნების ოკუპაციის შესახებ. გვყავდა, საინტერესო რესპოდენტები. ფილმებში არ საუბრობს, არც ერთი ქართველი პოლიტილოგი, ისტორიკოსი... ყველა რესპოდენტი იმ ქვეყნის წარმომადგენელია, სადაც ეს ყველაფერი ხდებოდა. ჩვენ, მშრალად ვსაუბრობთ ფაქტებზე, რა როგორ და რანაირად მოხდა. მაყურებელი კი, თავად ავლებს პარალელებს, რამდენად ჰგავს ერთმანეთს ის რაც მაშინ იყო, და რაც ახლა ხდება, როგორ გვექცევა დღეს საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე - რუსეთის ფედერაცია.

-"ოკუპაციის" გადაღებები, როგორც თქვით, სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარეობდა, მოგზაურობა თუ გიყვართ და რა გამახსოვრდებათ ყველაზე მეტად?

-კი, მოგზაურობა ძალიან მიყვარს. ამ პროექტმა მომცა საშუალება, ისეთი ადგილები მენახა, სადაც ბევრი, მნიშვნელოვანი მოვლენა მომხდარა. რაც შეეხება იმას, თუ რა მამახსოვრდება, ცოტა უცნაურად გიპასუხებთ, მე ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ყველაზე კარგად ხალხი მამახსოვრდება. მართალია, ძალიან საინტერესოა, ვენის, პარიზის, რომის არქიტექტურა და პირველ რიგში იქ ჩასულს ეს გხვდება თვალში, მაგრამ უფრო საინტერესო ჩემთვის იმ ხალხთან ურთიერთობაა, რომელიც იქ ცხოვრობს.

-თქვენ გაქვთ სერიალებში მონაწილეობის, დიდი გამოცდილება, რამდენიმე კვირის წინ, კი გამოჩნდით სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" ალბათ გიმარტივდებათ მუშაობა.


-კი, ბევრ სერიალში ვითამაშე: "ქაღალდის ტყვია","მგლების ხორუმი", "ყავა და ლუდი" "ატაგენუსი", "ჩიფსების თაობა", "დეტექტივები"- მართლა დიდი გამოცდილება დამიგროვდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საქმე მიადვილდება, ან მიძნელდება. სართოდ, ჩვენი საქმე ბოლომე დახარჯვას მოითხოვს. ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, როგორც ეს შენს პროფესიას და კონკრეტულ სამუშაოს სჭირდება.
-როგორ ახერხებთ, თითქმის ყველა არხზე ერთდროულად ყოფნას, მარჯანიშვილის თეატრშიც მუშაობთ პარალელურად?

-(იცინის) რა ვიცი. ერთ რამეს კი მივხვდი, რაც უფრო ბევრი საქმე გაქვს, მით უფრო კარგად ასწრებ ყველაფრის გაკეთებას. ყველაფერს თავის ადგილზე აწყობ, სწორად გეგმავ და შემდეგ ამ გეგმას მისდევ.


-"დეტექტივებში" თქვენი გმირი აკაკი, ძალიან მოუცლელია და ოჯახისთვის საერთოდ არ რჩება დრო, თქვენთან როგორი სიტუაციაა, ამდენი საქმის გადამკიდე?


-დაახლოებით მეც ეგრე ვარ, მაგრამ ასეთია ჩემი საქმე და რა ვქნა. ისე სახლში ყოფნა ძალიან მიყვარს, თუ თავისუფალი საღამო გვაქვს მეგობრებს, ვცდილობ ჩემთან, სახლში გავატაროთ. სახლის საქმეების კეთებაც მიყვარს, ძალიან მომწონს რაღაცეების შეკეთება.


-საკუთარ გმირებს თუ ჰგავხართ?  
-მე არა, უფრო ისინი მგვანან რაღაცით. ყველა გმირმა, რაღაც აიღო ჩემგან. მაგალითად, აკაკი ჯანელიძემ "დეტექტივებიდან" მე ბევრი რამე მომპარა.


-თქვენ არ პარავთ გმირებს არაფერს, მათგან არაფერს იღებთ?
-არა, იმ გმირებს ხომ მე თვითონ ვქმნი, რაღა უნდა მოვპარო. თავიდან აკაკის გმირიც სხვანაირი იყო ჩაფიქრებული. როცა გადაღებები დაიწყო, რეჟისორიც და სცენარის ავტორი მიხვდნენ, რომ ეს პერსონაჟი შეიძლებოდა შეცვლილიყო, რადგან მე ვთამაშობდი მას. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ მე ფანტასტიური მსახიობი ვარ, უბრალოდ ჩემი ხასიათისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე ეს გმირი მშრალი, "რუხი" პერსონაჟიდან, უფრო მრავალფეროვანი გახდა.

-ალბათ არ გიკვირს რომ მაყურებლები აკაკის გამსგავსებენ?

-
არა, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მხვდებიან, თბილად, მშობლიურად, თითქოს მართლა დეტექტივი და მათი სამინისტროს მოხელე ვიყო.

-საკუთარ თავს როგორ აფასებთ?

-კრიტიკულად, ძალიან.

-"არტ-ათეულის" ინტერნეტსაიტზე აღმოვაჩინე თქვენი, ძველი, ძალიან საინტერესო ბლოგი. სპექტაკლზე პრემიერისთვის მზადებასა და იმ ნერვიულობის პროცესს აღწერთ, რაც ამ პრემიერას უძღვის წინ, კინოროლებზეც ამდენს ნერვიულობთ?

-კინოში იმდენად არა, სცენა უფრო საპასუხისმგებლოა, სცენაზე ვერ აუხსნი ვერავის,- იცი რაა? მაპატიე, ახლა კარგად არ გამომივიდა და თავიდან დავიწყებო. მაყურებელს სულ არ აინტერესებს რა ხდებოდა სცენამდე. ის მოდის თეატრში, რომ ისიამოვნოს. შესაბამისად, ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, როგორც თეატრს ეკადრება. თეატრში უწყვეტი სიცოცხლეა, გადასაღები მოედნისგან განსხვავებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კინოს ნაკლები პასუხისმგებლობით ვეკიდები. უბრალოდ, კინოს სხვა სპეციფიკა აქვს, იქ რამდენიმე დუბლის ჩაწერაც შეიძლება.

-შესანიშნავად კითხულობთ ლექსებს, აღვნიშნავ, რომ არაჩვეულებრივად წერთ (ბლოგზე) ნოველები, ლექსები ან რამე ჩანახატებიც ხომ არ გაქვთ?
-არა, ლექსი არ დამიწერია. სურვილი არ გამჩენია არასდროს. მე უფრო მუსიკალურად გამოვხატავ ჩემს განწყობას.


-სიმღერებს წერთ?

-
რამდენიმე კომპოზიცია მაქვს. ადრე, მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში იყო სპექტაკლი "ქამუშაძის გაჭირვება", რომლის კომპოზიტორიც მე ვიყავი. (იცინის) ცოტა ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ...

-როგორ დაწერეთ ამ სპექტაკლისთვის მუსიკა?

-
როცა კონკრეტულ სპექტაკლზე ვმუშაობ, თითქმის ყოველთვის მიჩნდება თავში მელოდია, რომელიც ვიცი, რომ ამ სპექტაკლს მოუხდება. უბრალოდ, მეტიჩრობა გამოვა, თან სპექტაკლში ითამაშო, თან რეჟსორს უთხრა მუსიკას დავწერო. (იცინის) რაც შეეხება "ქამუშაძის გაჭირვებას" ძალიან ცუდ წლებში კეთდებოდა. ისეთ დროს, როცა კომპოზიტორისთვის ფული არ იყო. სპექტალს ჩემი მეგობარი დიმიტრი ღვთისიაშვილი დგამდა. როცა ყველა სავარაუდო კომპოზიტორი ამოიწურა, ვისთვისაც შეიძლებოდა არ გადაეხადათ, გავბედე და ჩემი მელოდია მოვასმენინე. იქვე ფორტეპიანოზე დავუკარი. მოეწონათ და ჩავწერეთ. მე არ მინდოდა, მაგრამ აფიშაზეც კი მოვხვდი, როგორც კომპოზიტორი.

-თეატრთან შეხება ბავშვობიდან გქონდათ. პირადად იცნობდით ისეთ გენიალურ მსახიობებს, როგორებიც იყვნენ, ვასო გოძიაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, კოტე მახარაძე, იაკობ ტრიპოლსკი და ა.შ. რა გავლენა მოახდინეს მათ თქვენს შემოქმედებაზე?

-
რაც სამყარო მახსოვს, იქიდან მახსოვს თეატრიც. ჩემი მშობლები მსახიობები იყვნენ, და პატარას სახლში ვერ მტოვებდნენ, სულ თეატრში ვიყავი. ამ ლეგენდარულ მსახიობებთან ხშირი ურთიერთობა მქონდა. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ გავიზარდე და აზროვნება დავიწყე მივხვდი, რომ ისინი, არა ჩვეულებრივი ადამიანები, არამედ დიდი ხელოვანები იყვნენ. მათი აზრები, გამონათქვამები, ნელ ნელა ილექებოდა ჩემ გონებაში. ვერც კი გავაცნობიერე, ისე მოახდინა გავლენა ჩემზე თითოეულმა მათგანმა, ალბათ, სხვანაირად არც შეიძლებოდა. მე ვხედავდი, მათ დამოკიდებულებას, მათთვის საყვარელი საქმისადმი. მათ მზადებას სცენაზე გასასვლელად, რეპეტიციისთვის... ხშირად ვუყურებდი სპექტაკლებს, ვაკვირდებოდი როგორ თამაშობდნენ. ისინი სულ სრულყოფილებისაკენ ეძებდნენ გზას.

-მსახიობი მშობლები, ხშირად, შვილებს ამ პროფესიით წასვლას არ ურჩევენ, თქვენი მშობლები რას ფიქრობდნენ თქვენს გადაწყვეტილებაზე?

-
ჩემთანაც ასე იყო, არც ერთს არ უნდოდა მე რომ მსახიობი გავმხდარიყავი. დედა 12 წლის ასაკში დამეღუპა, მაშინ არც განვიხილავდით ამ თემას. რაც შეეხება მამას, ის მირჩევდა უფრო "სერიოზული" პროფესია ამერჩია. სხვათაშორის, უნდოდა, იურისტი გამოვსულიყავი.

-რომ არა მსახიობი, რა პროფესიის შეიძლებოდა ყოფილიყო დიმიტრი ტატიშვილი?

-
ალბათ, სამხედრო მოხელე. ბავშვობიდან მიყვარს სამხედრო ადამიანი. ვთვლი, რომ სამშობლოს დაცვა ყველაზე ღირსეული საქმეა. თითქოს ბავშობიდანვე ჩამენერგა სამხედრო საქმისადმი სიყვარული, ეს სამშობლოს სიყვარულს ჰგავს.

-
თეატრი ოდითგანვე დიდ როლს ასრულებდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ყოველთვის რაღაც იდეის გამტარებელი იყო, დღეს თუ ემსახურება ის რამე იდეას? არ ვიცი, სწორედ ვერ აღიქვამენ რეჟისორის ჩანაფიქრს თუ რა ხდება, მაგრამ, ფაქტია რომ დღეს, მაყურებლები ხშირად სპექტაკლიდან ისე გამოდიან, რომ ბევრს ვერაფერს იგებენ.


-თუ მაყურებელს რაღაც არ ესმის და სპექტაკლიდან მხრებაჩეჩილი გამოდის, ეს მისი ბრალი სულაც არ არის. თეატრი ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. სპექტაკლი ხომ ხალხისთვის კეთდება. არ ვიცი, დღეს იდეოლოგიური დატვირთვა, რამდენად აქვს თეატრს, მაგრამ არის ბევრი მარადიული თემა რომელზეც მუშაობა ყოველთვის შეიძლება. მთავარია ნიჭიერად გააკეთო, ისე რომ მაყურებელმა დაგიჯეროს, ან შეგეწინააღმდეგოს. ეს ნორმალურია. ვერ გაიგოს - ნიშნავს, რომ შენ ლაპარაკობ გაუგებარ ენაზე, არა და შენი ხალხის ენა აუცილებლად უნდა იცოდე.

-ქართველ მაყურებელზე რას იტყვით, ბევრი თქვენი კოლეგა განაწყენებულია მათზე, თითქოს თეატრის კულტურა დაკარგეს...

-
ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა სცენაზე ბოლომდე იხსნები და ამ დროს სადღაც მობილური რეკავს. ყველაფერი ოჯახიდან, სკოლიდან , ინსტიტუტიდან, მოდის და მხოლოდ მაყურებლის დადანაშაულება არ შეიძლება. მიზეზი საკუთარ თავშიც უნდა ვეძებოთ. თუ მაყურებელს სპექტაკლზე სალაპარაკოდ სცალია, ესე იგი, შენ ვერა ხარ კარგი. მაყურებელი უნდა ხვებოდეს, რომ იმას, რასაც სცენაზე ხედავს სხვაგან ვერსად ნახავს. სცენაზე სასწაული უნდა ხდებოდეს. ამითაა განსაკუთრებული თეატრი. თუ სასწაულს დავკარგავთ მაშინ მაყურებელს დავკარგავთ, იმ დამოკიდებულებას დავკარგავთ, რომელიც მაყურებლისგან უნდა მოდიოდეს.

-მაყურებელთან ურთიერთობას, სიყვარულის გარდა, კიდევ რა მოაქვს თქვენთვის?
-ისინი ძალიან ბევრ რამეში მეხმარებიან. მაყურებლის ძალით ვემსახურები ჩემს საქმეს, როცა ვგრძნობ, რომ ადამიანები ამისთვის მადლობლები არიან ენერგია და სასიცოცხლო ძალა მემატება. როცა მცხელა მაყურებლების სითბო და სიყვარული მაგრილებს, როცა მცივა, პირიქით, მათბობს.

geotimes.ge
2011.11.17

Комментариев нет:

Отправить комментарий