суббота, 19 ноября 2011 г.

დავით ქაცარავა: მისტიკიდან რეალურ წარმატებამდე



სალომე სორდია

ბანკირი, სპორტსმენი, ტელეწამყვანი, მსახიობი... „არასოდეს თქვა არასოდეს," ეს სიტყვები, ამჟამად, მსახიობ დავით ქაცარავას ეკუთვნის და ალბათ, იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მისგან ახალ პროფესიულ სიახლესაც ველოდოთ. მსახიობმა, როგორც „Geotimes.ge -სთან საუბარში აღნიშნა, ჯერჯერობით ეს მის სამომავლო გეგმებში არ შედის. სიახლეები ისედაც ბევრი აქვს, ახლახანს ის მისტიურ დრამაში „ნაწილები" გადაიღეს. ეს მსახიობის პირველი მისტიური როლი არ არის.


-მისტიკა საქართველოში ფეხმოკიდებული ჟანრი არ არის, თუმცა თქვენი პირველი ფილმიც, რამაზ ჩაჩანიძის „სპამი" მისტიური თრილერი იყო, ორივე ფილმში მთავრ როლს ასრულებთ, რატომღაც მისტიურ გმირთან ასოცირდებით უკვე, ცხოვრებაში რამდენად გჯერათ მისტიკის?


-ბოლო წლებში, ჩემს ცხოვრებაში მისტიური მოვლენები მართლა იჩენს თავს. არ ვიცი, ეს მისტიკაა თუ რამე მეცნიერული ფანტასტიკა, მაგრამ შეხება აშკარად მაქვს. რაღაც პატარ-პატარა ადგილს იკავებს მისტიური მოვლენები, რომელიც ჯერჯერობით, მხოლოდ დადებითი ხასიათით გამოირჩევა და იმედი მაქვს ასეც გაგრძელდება.

-მოდი, ახალ ფილმს მივუბრუნდეთ ვინ არის ფილმის რეჟისორი და რა ხდება ფილმში?

-„ნაწილები" ახალბედა რეჟისორის ნიკოლოზ ჯავახიშვილის პირველი ნამუშევარია. ფილმის სიუჟეტი შემდეგნაირია: მეცნიერი დავით ბერიძე ცხოველების ნეშტებზე ექსპერიმენტების დროს, მსოფლიოსთვის დღემდე უცნობ ენერგეტიკულ წყაროს აღმოაჩენს. და სამეცნიერო კოლეგიაში აკეთებს მოხსენებას, უკვე ადამიანის ნეშტებზე ექსპერიმენტის გაკეთების შესახებ რასაც სამეცნიერო კოლეგიაში მისი აბუჩად აგდება და ლაბორატორიის ჩამორთმევა მოჰყვება. სასოწარკვეთილ მეცნიერთან ბიზნესმენი პირონიმო გოგავა მიდის და დაფინანსებას ჰპირდება. იმ პირობით, რომ მიღებული ენერგია, მის კუთვნილებაში გადავა. პროფესორი იღებს შეთავაზებას და დახმარებისთვის თავის ყოფილ სტუდენტს, წარმატებულ მეცნიერს ბერდო დვალს მიმართავს. საქმეში ერთვება მათემატიკოსი პროგრამისტი, რომელიც ლეიკემიით დაავადებული დის გამო დაინტერესებულია კარგი ანაზღაურებით. პირველი წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ სანდრო დახმარებისთვის თავის მეუღლეს, ელენეს მიმართავს, რომლის დახმარებითაც გუნდი შედეგს მიაღწევს. მაგრამ რაშია შედეგი? რას წარმოადგენს ადამიანის გვამიდან დაგროვილი ენერგია?

-საინტერესოა... ვინ არიან შემოქმედებითი ჯგუფის წევრები, სად მიმდინარეობდა გადაღებები და როდის ვიხილავთ ფილმს ეკრანზე?

- მთავარ როლებში: ნიკა თავაძე, ნანკა კალატოზიშვილი, გიორგი გურგულია, ლაშა ონიანი, გიორგი კალანდაძე, ნოდარ მამულაშვილი და მე გახლავართ. ფილმის რეჟისორი, როგორც უკვე გითხარით, ნიკოლოზ ჯავახიშვილია, სცენარის ავტორი კი, მასთან ერთად, მისი მეუღლე, ნინო კელაურიძე გახლავთ. სცენარი ნიკამ თავისი მოთხრობიდან აიღო. ოპერატორი, გამნათებელი და ხმის რეჟისორი ამერიკიდან ჩამოიყვანეს. დამდგმელი ოპერატორია - იგორ ტოჩილნიკოვი. დიზაინზე დავით მაჭავარიანმა იმუშავა, ხოლო ფილმის საუნდტრეკზე ზაზა ხუბუკელაშვილი მუშაობს. გადაღებები თბილისსა და დავით გარეჯში მიმდინარეობდა. ფილმი კინოეკრანებზე ჩვენი გათვლებით გაზაფხულზე გამოვა.

-ფილმში შენი გმირი ვინ არის, როგორია ის?

-ჩემი გმირი დადებითია. შუამიწის რუხი ანგელოზი, რომელიც იცავს ბალანსს სიკეთესა და ბოროტებას შორის. შუამიწაზე ყველა ადამიანი განურჩევლად ხვდება და იქიდან პოულობს გასასვლელს თავისი შემდგომი გარდასახვისთვის. რუხი ანგელოზი ამ ტერიტორიის მცველია და მომენტებში, როცა ირღვევა ბალანსი სიკეთესა და ბოროტებას შორის პროცესებში ერთვება და სიკეთს ეხმარება.

-რამდენიმე ხნის წინ, გადაგიღეს სომხურ ფლმში. თქვენი გმირის როლზე საკმაოდ მაშტაბური ქასთინგი იყო გამოცხადებული,(კავკასიასა და რუსეთში) როგორ მოხვდით ამ ფილმში?

-დიახ, ეს არის სომხური მელოდრამა. ფილმზე ჩემი მიწვევა საკმაოდ დიდი პატივი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ქასთინგი მართლა ფართომაშტაბიანი იყო. რამდენიმე წლის წინ, საქართველოში იყვნენ ჩამოსული სომეხი რეჟისორები და რაღაც სომხურ კლიპში გადამიღეს. კლიპს თავისი ბაზრისთვის აკეთებდნენ და ჩვენთან არც გასულა. სწორედ ამ კლიპის რეჟისორმა დამაკავშირა მათთან. აღმოჩნდა, რომ მე ფილმის ზუსტი ტიპაჟი ვიყავი და რეჟისორმა პრეტენზიული ქასთინგიც დასრულა. ფილმში სახელიც კი არ მქვია, არც მე და არც ჩემს პარტნიორ ქალს. „იუბილენნი პასიტიტელ"- საიუბილეო ვიზიტორი, ალბათ, ასე შეიძლება ითარგმნოს ფილმის სახელწოდება ქართულად.

-პრემიერა როდის იგეგმება და ფილმის მთავარი გმირი, აპირებ თუ არა დაესწრო მას?

- პრემიერა მალე იქნება, მაგრამ მე დღემდე მეშინია ამ ფილმის, და რატომ? იმიტომ, რომ ამ ფილმში ვთამაშობთ ორად ორი მსახიობი და მთელი დატვირთვა ჩვენზეა, რაც დამეთანხმებით ურთულესი პასუხისმგებლობაა. რეცენზიები ჯერჯერობით მხოლოდ ჩემი მეგობრებისგან მოვისმინე, რომლებმაც ფილმი შიდა ჩვენებაზე ნახეს. ისინი კმაყოფილები დარჩნენ და ფილმი დადებითად შეაფასეს, მაგრამ მაინც მეშინია. პრემიერაზე, რომ დამპატიჟებენ შეიძლება ვერც წავიდე,(იცინის) ეს ძლიან რთული იყო და არ ვიცი თავი როგორ გავართვი, მთავარი შემფასებელი მაინც მაყურებელია. შეიძლება რეჟისორს მოსწონდე, მაგრამ მაყურებელმა არ მიგიღოს და გაგაკრიტიკოს.

-თქვენ პროფესიონალი მსახიობი არ ხართ, მაგრამ ბევრი პროფესიონალი მსახიობი ვერ იღებს მონაწილეობას ისეთ, ექსპერიმენტულ ფილმებში, როგორშიც თქვენ მიიღეთ მონაწილეობა, თუნდაც ნიკოლოზ ხომასურიძის 105 წუთი ერთ დუბლში, ასეთ რთულ ჟანრებს კინოში იშვიათად ეხებიან, ნებისმიერი რეჟისორი მაქსიმალურად უნდა იყო დარწმუნებული მსახიობში, რომ ასეთ ფილში მთავარ როლზე დაამტკიცოს...

-მე ამის პატივი მაქვს და ეს ძალიან სასიამოვნოა... ნიკოლოზ ხომასურიძის „დავიწყებულ მეფეზე" მუშაობის პროცესი ყოველთვის არაჩვეულებრივად მახსენდება. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფილმი ნებისმიერი მსახიობისთვის, ერთ დუბლად გადაღებული 105 წუთი!- უდიდესი გამოწვევა მთელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის. ფილმის შექმნაში ყველა 100 პროცენტით იყო ჩართული, ჩემი აზრით კარგიც გამოგვივიდა, თუმცა გული მწყდება, რომ, ჯერჯერობით, ის ეკრანებზე არ გამოსულა.

-ამ ფილმის სპეციფიკა თავიდან ბოლომდე განსხვავებულია, რამდენად რთული იყო ის შენთვის?

-რთული იყო, რათქმაუნდა, იმ კუთხით, რომ მცირედი შეცდომის უფლებაც არ გვქონდა. თუ შეცდომას დავუშვებდით აუცილებლად იმპროვიზაციაში უნდა წავსულიყავით, წარმოიდგინეთ, რომ 90-ე წუთზე უშვებ შეცდომას, რომლის გამოც ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო.

-სპორსტმენი, ბანკირი, ტელეწამყვანი, მსახიობი, კიდევ რა სიახლეს უნდა ელოდეს საზოგადოება თქვენგან? თეატრში ხომ არ აპირებთ მოღვაწეობას?

-არა, თეატრში ზუსტად ვიცი, რომ არ ვიმუშავებ. თეატრის ტიპაჟი არ ვარ და არც იმდენად ნიჭიერი, რომ ჩემს თავს სცენაზე ასვლის უფლება მივცე.

-კინო არ მოითხოვს ნიჭს? ის არ არის რთული?

-კინოც, რათქმაუნდა, თავისებურად რთულია, მაგრამ თეატრისგან განსხვავებული სპეციფიკა აქვს. კინოში ჩემი პატარა საიდუმლო მაქვს. პატარა ხერხი, რომელსაც ყველა ფილმში მივმართავ. მე არ ვცდილობ პერსონაჟის ცხოვრებაში შესვლას, უბრალოდ მის ადგილზე ჩემს თავს წარმოვიდგენ. ასე ვიადვილებ რეჟისორის დავალებას. აი, მაგალითად, ახლახან ჩამოვედი ყაზახეთიდან, სადაც სერიალში მიღებდნენ და ოლიგარქის როლს ვთამაშობ. წარმოვიდგინე დავით ქაცარავა - ოლიგარქი! როგორც მოვიქცეოდი, თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან მკაცრ ჩარჩოებში ვიყავი მოქცეული.

-ამდენ პროფესიაში მოსინჯეთ თავი. სად უფრო მეტი კომფორტია და აპირებთ, თუ არა, რომელიმეს მიუბრუნდეთ?

-არა, მხოლოდ ორი საქმიანი მიმართულება დავტოვე, ჯომარდი - როგორც ცხოვრების წესი! და კინოინდუსტრია, სადაც ასევე ძალიან კომფორტული გარემო შევიქმენი. ფილმ „ნაწილებზე" როგორც პრიოდუსერიც აქტიურად ვარ ჩართული და იმედი მაქვს, ჩემს მეგობრებთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწევ. ვფიქრობ, მხოლოდ ამ ორ სფეროში დავრჩები, თუმცა ჩემი ცხოვრება მეუნება, რომ არასოდეს ვთქვა არასოდეს!

-სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

- ჯომარდთან დაკავშირებით მომავალი სეზონიდან მაქვს ძალიან სერიოზული გეგმები. მინდა საერთაშორისო მაშტაბური ტურნირი ჩავატარო. რაც შეეხება გეგმებს კინოში, „ნაწილების" პარალელურად ყაზახეთში მიგვაქვს ახალი ფილმის გამზადებული სინოფსი და შევეცდებით სპონსორები მოვიძიოთ.

P.S : დავით ქაცარავას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. დღეს მისი პატარა, ალექსანდრე, ერთი წლის გახდა. ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და პატარა ალექსანდრეს, ვულოცავთ დაბადების დღეს.
geotimes.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий