четверг, 24 ноября 2011 г.

ნუგზარ ჩიქოვანი: ვალერის კი არა, ზოგჯერ დოდოსაც მეძახიან




 სალომე სორდია
თბილისში დაიბადა და გაიზარდა. დედა ფილოლოგი ჰყავდა, მამა მშენებელი. მსახიობობა ბავშვობიდან უყვარდა და პროფესიადაც ამიტომ აირჩია. თანატოლებისგან განსხვავებით ყოველთვის დამოუკიდებელი იყო,  მის სიტყვას ფასი ჰქონდა, ალბათ ამიტომ არ გამოუწვევია  ამ გადაწყეტილებას მშობლების პროტესტი.  ფართო საზოგადოებამ სოხუმის  თეატრის სტაჟიანი მსახიობი, ბატონი ნუგზარ ჩიქოვანი სერიალით გაიცნო. „გოგონა გარეუბნიდან“  მისი პირველი სერიალია, პირველი და წარმატებული. ამას ის ფაქტი მოწმობს, რომ ეპიზოდებში ჩაფიქრებული  მისი გმირი, ლამისაა ფილმის მთავარ გმირად იქცეს. ვალერიმ  მაყურებლის სიყვარული და სიმპათია, რამდენიმე სერიაში დაიმსახურა. კეთილი, გულწრფელი, ალალი, შრომისმოყვარე ვალერი თავად ბატონ ნუგზარს მაგონებს, თუმცა თავად გადაჭრით ამბობს, რომ ეს პერსონაჟი მას არ ჰგავს, –“ სად შემიძლია მე მაგდენი“– გვითხრა მასთან მისულებს და ვალერისთვის დამახასიათებელი, გულწრფელი გამომეტყველებით  ჩაიღიმა.   
Geotime.ge”- მსახიობ ნუგზარ ჩიქოვანს, „ბრავო რეკორდსის“  სტუდიაში ესტუმრა. 
გულთბილი მიღების შემდეგ, საუბარი მისი თეატრალური ცხოვრებით დავიწყეთ...

– ბატონო ნუგზარ თქვენი პირველი თეატრი და როლი თუ გახსოვთ?

–ჩემი პირველი და უკანასკნელი თეატრი სოხუმის თეატრია, სხვაგან არასდროს მითამაშია. სოხუმში, პირველად, 1982 წელს  ჩავედი და მუშაობა დავიწყე. (იქამდე  ერთხელ ვიყავი ნამყოფი, ღრმა ბავშვობაში.)  ჩემი ჩასვლა  ახალი სეზონისა და ახალი შენობის გახსნას დაემთხვა. პირველი როლი, ბატონი დათო კობახიძის მიერ დადგმულ „საბრალდებო“ დასკვნაში“ მივიღე, ზაზა ნაკაშიძის დუბლიორი ვიყავი. ეს იყო სცენაზე  ჩემი პირველი გამოჩენა, რასაც ბევრი სხვა როლი მოჰყვა, 1993 წლის 27 სექტემბრამდე იქ ვმოღვაწეობდით, შემდეგ  ქალაქი დაეცა და მეც უკან გამოვბრუნდი.


–ამჟამად მარჯანიშვილის თეატრის სხვენზე, თქვენი, სოხუმის თეატრი ფუნქციონირებს...

–დიახ, ასეა, ჩვენი თეატრი მარჯანიშვილის თეატრის სხვენზე მოქმედებს. შეიძლება ითქვას, რომ მარჯანიშვილის თეატრმა შეგვიკედლა.  ამას ყოველთვის აღვნიშნავ და  მთელი ჩემი კოლეგების სახელით ვუხდი მადლობას თეატრის კოლექტივს, განსაკუთრებით ბატონ ლევან წულაძეს. მართლა ძალიან რთულია დღეს ამხელა 
თეატრის მიღება და მფარველობა.

–პრემიერისთვის არ ემზადება თქვენი თეატრი?

–დიახ, რეჟისორი გოჩა კაპანაძე და დიდი გოგი გეგეჭკორის ქალიშვილი, მანანა გეგეჭკორი აკეთებენ სპექტაკლს, შალვა დადიანის  პიესის მიხედვით, –„გუშინდელნი.“ მგონი ძალიან საინტერესო პროდუქტს მივიღებთ. პიესა არ კეთდება ტრადიციული ხერხებით. რეჟისორი ამ პიესის მოტივებზე, თანამედროვე ინსცენირებას მიმართავს. ამატებს, იღებს,  ზოგგან ტექსტსაც თავად წერს... პრემიერა საახალწლოდ, დეკემბრის თვეში, იგეგმება.

-მოდი, აქვე თქვენს ორ კინოროლს შევეხები, ორივე ახალ ქართულ ფილმში და ორივე ერთი და იგივე პერსონაჟი.

-დიახ, პირველი ფილმში „რენე მიდის ჰოლივუდში“  ალეკო ცაბაძემ გადამიღო ილიას როლში, ფილმი უკვე გამოვიდა ეკრანებზე და მაყურებლის დადებითი შეფასებაც მოჰყვა. მეორედ ილიას როლი  ნიკოლოზ ხომასურიძის „დავიწყებულ მეფეში“ ვითამაშე.

-დამეთანხმებით მსახიობისთის ყველა როლი ერთნაირად საპასუხისმგებლოა, მაგრამ ილია ჭავჭავაძე  ქართველებისთვის ძალიან სათუთია, როგორ ირგებთ ამ როლს?


-ილია იმდენად დიდი და სუფთაა, იმდენად წმინდა, რომ ამ როლის გაფუჭება შეუძლებელია, სულ რომ არაფერი გააკეთო, მაინც გამოვა. ამით მე იმას არ ვამბობ, რომ ბრწყინვალედ ვითამაშე.  

 – როგორც ვხედავთ,  გახმოვანებებზეც მუშაობთ

 –დიახ,  ამ საქმეს 1996 წლიდან მოვკიდე ხელი. მაშინაც ამ შენობაში ვიყავით, „ თეატრონი“ ერქვა და ქართულად  ითარგმნებოდა ფილმები და სერიალები. უკვე 17 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული, მიმუშავია თითქმის,  ყველა იმ ტელევიზიაში, რაც თბილისში  იყო და არის.  ამჟამად აქ „ბრავო რეკორდსის“  სტუდიაში ვახმოვანებთ ფილმებს.

-ოჯახზე მოგვიყევი

-მყავს ორი შვილი და არაჩვეულებრივი მეუღლე, ისიც მსახიობია და  სოხუმის თეატრში მუშაობს. უფროსი ბიჭი 24 წლისაა, გოგო 22-ის.

-ისინი თუ არიან ხელოვნებასთან ახლოს, მშობლებივით?

-ბიჭი არა, მან ჯერ იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობები. ამჟამად სტაჟიორია მერიაში. გოგნას კი აქვს ხელონებასთან მჭიდრო შეხება, ოღონდ მუსიკის განხრით.  კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტია, საფორტეპიანოზე.

-როგორ მოხვდით სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“ ქასთინგი გაიარეთ?

-კი ქასთინგი გავიარე, თამუნას მამის როლზე, რომელსაც  მშვენივრად თამაშობს სოსო მოლოდინაშვილი. მერე სერიალი დაიწყო, სადღაც ერთი სეზონი გავიდა, მაგრამ არავინ დამკავშირებია, ბოლოს დამირეკეს და მითხრეს, „ბატონო ნუგზარ, ძალიან გვინდა ჩვენს სერიალში ითამაშოთ, სამწუხაროდ თქვენი როლი ეპიზოდური იქნება, მაგრამ  მოხარული ვიქნებით თუ დაგვთანხმდებითო.“  ამ ჯგუფთან  ურთიერთობა სერიალ „შუა ქალაქშიდან“ მქონდა. ერთ-ერთ სერიაში ვიყავი მიწვეული. ჯგუფში სულ ახალგაზრდები არიან, ზრდილობიანები, იმდენად კარგები, რომ უარი ვერ ვუთხარი, ან რატომ ვეტყოდი. სულ რომ არაფერი  ყველას ნახვა  გამახარებდა. მეც არა ვარ ახლა ის კაცი, გინდა თუ არა, მეფის როლი მომეცით  და ყველა სერიაში მათამაშეთმეთქი რომ დამეწყო, მარტივად დავთანხმდი.  მოხდა ისე,  რომ  ჩემი გმირი ხალხს შეუყვარდა და ჩვენი თანამშრომლობაც გაგრძელდა.


-თქვენს გმირს, ვალერის  თუ ჰგავხართ ცხოვრებაში?

-არა, არა სად შემიძლია მე მაგდენი, ფერება (იცინის)

- მკაცრი ხართ?

-კაი რა, მე და მკაცრი?

-მაყურებელი გცნობთ ალბათ....

-კი, ხშირად მცნობენ, ვალერის რომ მეძახიან, მეძახიან მაგრამ, ერთი ორჯერ  დოდოც დამიძახეს.  იფიქრეს ალბათ,  დოდოს თუ დავუძახებთ მოიხედავსო.  კი ბატონო,  დოდო გადასარევი სახელია, გენიალურ აბაშიძეს ერქვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ქალის სახელთან ასოცირდება და რა ვიცი.

-ვერ გვეტყვით შემდეგ სერიებში რა ხდება?  მაყურებელი ბოლო სერიიდან დაძაბული დარჩა, დოდო (ვალერის მეუღლე) სახლიდან წამოვიდა, როგორ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა?

-მალე ვალერისა და დოდოს ურთიერთობაში ყველაფერი მოგვარდება, მაყურებელო მაგაზე ნუ ინერვიულებს

Комментариев нет:

Отправить комментарий